Facebook Twitter

საქმე N 330100123007675951

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №785აპ-25 20 ოქტომბერი, 2025 წელი

ბ–ე შ., №785აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 აგვისტოს განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. შ. ბ–ე (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, ესე იგი პირადად არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სოციალური ქსელის საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2020 წლის ოქტომბრის თვიდან მოყოლებული, 2022 წლის 25 დეკემბრამდე დროის პერიოდში შ. ბ–ე ქ. თ–ი, ო–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, პ. კ–თან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას. კერძოდ, როგორც მობილური ტელეფონის საშუალებით ახორციელებდა სატელეფონო ზარებს, ისე სოციალური ქსელების - „.......ის“ და „........ის“ სხვადასხვა დასახელებებით შექმნილი მომხმარებლის გვერდებზე, საჯაროდ აქვეყნებდა პ. კ–ის შეურაცხმყოფელ პოსტებს (ტექსტებს), ფოტოსურათებს და აუდიომიმართვებს, რამაც პ. კ–ის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა აიძულა, რაც გამოიხატა მასში, რომ პ. კ–ს, შ. ბ–ის მიერ გამოქვეყნებული პოსტების შინაარსისა და მის ფოტოსურათებზე დატანილი შეურაცხმყოფელი გამოსახულებების გამო ესირცხვილება საზოგადოებაში და ნათესავებთან გამოჩენა, გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი და თავს იკავებს სამუშაო ადგილზე მისვლისგან.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა შ. ბ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 ივნისის განაჩენით, შ. ბ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ, რომელმაც მოითხოვა შ. ბ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 აგვისტოს განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2025 წლის 1 სექტემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და შ. ბ–ის წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა.

3.3. პროკურორის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 აგვისტოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ არასწორად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები. დაზარალებულის ჩვენებით და მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით უტყუარად დასტურდება შ. ბ–ის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენა. კასატორის აზრით, ქმედების ადევნებად შეფასებისთვის მთლიანობაში უნდა იქნას გაანალიზებული, რა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა მსხვერპლზე და ობიექტური გადმოსახედიდან რამდენად იყო მისთვის აუცილებელი ცხოვრების წესის შეცვლა. კერძოდ: ვიდეოს თუ ფოტოს კიბერსივრცეში ატვირთვით ინფორმაცია ვრცელდება ფართო მაშტაბებზე, ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში ფოტოებისა და ვიდეოების გამოქვეყნებას, თან ახლდა დაზარალებული პირის პერსონალური მონაცემების მითითებაც, რაც იწვევდა დაზარალებულისთვის შეურაცხმყოფელი წინადადებებით და შემოთავაზებებით უცხო პირების მხრიდან კომუნიკაციას. შესაბამისად, შეუძლებელია მსგავსი კომუნიკაცია იყოს მხოლოდ სტრესული და არა ფსიქიკური ტანჯვის მიმყენებელი. იმის შესაფასებლად, პირმა განიცადა თუ არა ფსიქიკური ტანჯვა არაა აუცილებელი აღნიშნული შეფასდეს ფსიქოლოგიური ექსპერტის დასკვნით, არამედ ყურადღება უნდა მიექცეს: ა) თავად იმ ქმედებებს, რაც ხორციელდებოდა დაზარალებულის მიმართ, თუ რამდენად შესაძლებელია მსგავსი ქმედებებით ობიექტურად განიცადოს ადამიანმა ფსიქიკური ტანჯვა; და ბ) თხრობის რეჟიმში დაზარალებულის ინტონაციას, ქცევას, თხრობის სტილს, ჟესტიკულაციას, რაც ერთობლიობაში მისი ფსიქიკური მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა. კონკრეტულ შემთხვევაში დაზარალებულის დაკითხვის პროცესში გამოკვეთილი იყო, რომ შ. ბ–ის მიერ განხორციელებული შეურაცხყოფა მას აყენებდა ტანჯვით მდგომარეობაში. რაც შეეხება სასამართლოების მსჯელობას ცხოვრების წესის მნიშვნელოვანდ შეცვლის საჭიროებაზე, კასატორის აზრით, ცხოვრების წესის შეცვლის საჭიროება არ ნიშნავს დაზარალებულისთვის სავალდებულო იზოლირებას, ერთ ოთახში გამოკეტვას და გადამალვას. ძალადობაზე ყველა ადამიანს ინდივიდუალური რეაქცია გააჩნია. განცდილი შეურაცხყოფის ფონზე შესაძლებელია, როგორც უპირობო დამალვა, ასევე პირიქით, დამნაშავის მიმართ გააქტიურება. თავდასხმა კი, განცდილი შეურაცხყოფის საპასუხო რეაქციად შეიძლება იქცეს, მით უფრო მაშინ, როდესაც მოცემული საქმის გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულის მიმართაც, თავის მხრივ, დადგა გამამტყუნებელი განაჩენი შ. ბ–ის ადევნებისთვის. ბრალდების მხარისთვის გაუგებარია თუ ორივე ერთმანეთის მიმართ აბსოლუტურად იდენტურ ქმედებებს ახორციელებდნენ, რატომ არის პ. კ–ი დამნაშავედ ცნობილი, ხოლო შ. ბ–ე უდანაშაულოდ.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს შ. ბ–ისა და პ. კ–ის კომუნიკაცია, ასევე, სოციალური ქსელების – „.........ის“ და „.......ის“ სხვადასხვა დასახელებებით შექმნილი მომხმარებლის გვერდებიდან, შ. ბ–ის მიერ საჯაროდ პ. კ–ის შეურაცხმყოფელი პოსტების (ტექსტების), ფოტოსურათებისა და აუდიომიმართვების გამოქვეყნების ფაქტი.

5.3. კასატორი, შ. ბ–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ძირითად არგუმენტად მიუთითებს დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ქმედებების ხასიათსა და მათ გავლენას დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, რასაც ობიექტურად უნდა გამოეწვია ტანჯვა და რაც კასატორის პოზიციით სასამართლოს ინდივიდუალური შეფასების საგანია, ისევე როგორც ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის საჭიროება.

5.4. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შ. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით გამართლების შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და კანონის მოთხოვნათა დაცვით, შ. ბ–ის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა.

5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია: ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს: პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს აიძულებს მნიშვნელოვნად შეიცვალოს ცხოვრების წესი ან უქმნის ასეთი ცვლილების რეალურ საჭიროებას.

5.6. კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარე შ. ბ–ეს ედავება ადევნებას, ესე იგი პირადად არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონის და სოციალური ქსელის საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.

5.7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, რომელშიც საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.

5.8. წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი, პუნქტი 4.1.2.).

5.9. უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული შ. ბ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა შ. ბ–ის მიერ, განხორციელებული ქმედებების შედეგად პ. კ–ის მიერ განცდილ ტანჯვას და ამის ფონზე ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას ან ასეთი ცვლილების რეალურ საჭიროებას.

5.10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პოზიციას, რომ პ. კ–ის მიერ განცდილი ტანჯვა ობიექტური ნიშნების საფუძველზე უნდა დაადგინოს სასამართლომ, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2023 წლის 30 მარტის N.......... დასკვნით არ დასტურდება დაზარალებულ პ. კ–ის მიერ ფსიქოლოგიური ტანჯვის განცდის ფაქტი და რეალურად მისი მდგომარეობა შეფასდა როგორც სტრესული. რაც შეეხება, ცხოვრების წესის შეცვლას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იგი საკმაოდ ფართო ცნებაა. ცხოვრების წესი სოციალური კატეგორია, რომელიც პირის საქმიანობის ერთობლიობას მოიცავს და ცხოვრების განმსაზღვრელ პირობებთან ერთად განიხილება. ამ დანაშაულის მიზნებისთვის ცხოვრების წესი თავისი შინაარსით მოიცავს ცხოვრების სტილს, რაშიც მოიაზრება პირთა ყოველდღიური ქცევა, საქციელის მოტივები და ფორმები. საგულისხმოა, რომ დაზარალებული მიუთითებდა მხოლოდ შიშზე იმის შესახებ, რომ შ. ბ–ემ შესაძლოა იცოდა მისი საცხოვრებელი მისამართი და გადაადგილების მარშრუტი. რაიმე ობიექტურ გარემოებაზე, კი კერძოდ: შ. ბ–ის მიერ, უშუალოდ ან მესამე პირის მეშვეობით მისი თვალთვალის ან ადევნების თაობაზე დაზარალებულს არ უსაუბრია. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე დაზარალებულის მხრიდან აქტიური მოქმედებები და რიგ შემთხვევებში მისი ინიციატივით გამართლებულთან კომუნიკაცია არ ქმნის ბრალადწარდგენილი დანაშაულის (ადევნება, ესე იგი პირადად არასასურველი კომუნიკაცია) შემადგენლობას.

5.11. საკასაციო სასამართლო ყურადღების მიღმა ვერ დატოვებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ დაზარალებული და გამართლებული არიან დაპირისპირებული მხარეები და ერთმანეთის შესახებ, სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ შეურაცხმყოფელ ტექსტებს, ფოტოებს, ვიდეოებს და სხვა. თუმცა ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებული ნაკლებად ცდილობდა შ. ბ–ისგან თავის შორს დაჭერას, პირიქით, გარდა მისი მხრიდან განხორციელებული შეურაცხყოფებისა, ერთ-ერთ შემთხევვაში, მიდის ბრალდებულის საცხოვრებელ მისამართზე (სადაც, მისივე განმარტებით, ნამყოფია რამდენჯერმე), უხმობს მას სადარბაზოში და სიტყვიერად შეურაცხყოფს, რაც ობიექტური დამკვირვებლისთვის ეჭვქვეშ აყენებს ბრალდების მხარის პოზიციას დაზარალებულის „ცხოვრების წესის“ მნიშვნელოვნად შეცვლისა და მის მიერ ფსიქიკური ტანჯვის განცდის თაობაზე.

5.12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებით, მათ შორის კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებებით, უტყუარად არ დადასტურდა, რომ პ. კ–ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას. ამასთან, არცერთი მოწმე არ უთითებს, რომ შ. ბ–ის ქმედებების გამო, პ. კ–მა შეიცვალა ცხოვრების წესი ან/და ამ ყველაფრის რეალური საჭიროება იდგა. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ შ. ბ–ის მიერ განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს ადევნებას (ესე იგი პირადად არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონის და სოციალური ქსელის საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს) და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს.

5.13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).

5.14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.16. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე