Facebook Twitter

საქმე N 330100125011344583

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №794აპ-25 22 ოქტომბერი, 2025 წელი

ლ–ე ნ., №794აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ლ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. რ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. ლ–ე (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2019 წლის 23 აპრილს, დახლოებით, 11:00 საათზე, ქ.თ–ი, თ–ა, მე-.. მ/რ-ნი, მე-.. კვარტალი, .. ,,..“ კორპუსის მიმდებარედ ავტომობილი ,,ტოიოტა“ სარეგისტრაციო ნომრით ........., რომელსაც მართავდა ნ. ლ–ე, შეეჯახა ქვეითს ე. რ–ს. მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო ნ. ლ–ის მხრიდან ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფით. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ე. რ–მ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 7 მაისის განაჩენით, ნ. ლ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ- ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/5-ით და ვინაიდან შემცირებული ვადა იყო 1 წელზე ნაკლები, ამავე ამნისტიის შესახებ კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარი.

მასვე, 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რომელიც 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა 1/5-ით და საბოლოოდ, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა 9 თვითა და 18 დღით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 7 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ლ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. რ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა დანიშნული სასჯელის შემცირება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განაჩენით, მსჯავრდებულ ნ. ლ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. რ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 7 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ნ. ლ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი.

მასვე, 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა 1/5-ით და საბოლოოდ, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა 9 თვითა და 18 დღით.

3.2. 2025 წლის 18 აგვისტოს, მსჯავრდებულ ნ. ლ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. რ–მა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ნ. ლ–ისთვის დანიშნული ძირითადი სასჯელის შემცირება, ხოლო დამატებითი სასჯელისგან გათავისუფლება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, ნ. ლ–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მკაცრი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს. მისი ხელფასი შეადგენს 450 ლარს, ამასთან ჰყავს ორი შვილი. ასევე, დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ დამატებითი სასჯელის სახით მართვის უფლების ჩამორთმევა, ვინაიდან მომხდარი ფაქტიდან გასულია 6 წელი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც ნაწილობრივ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (ნ. ლ–ემ ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე, მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი – ჯარიმა 5000 ლარი განუსაზღვრა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მოცემულ შემთხვევაში ნ. ლ–ისთვის განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, ამასთან, სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას თითქოსდა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის შემამსუბუქებელი გარემოებები და განმარტავს, რომ სწორედ შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით განუსაზღვრა ნ. ლ–ეს სასჯელის სახედ ჯარიმა. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლით არ უნდა ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ვინაიდან მომხდარი შემთხვევიდან გასულია 6 წელი – საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილი (რომლის სანქციის ფარგლებშიცაა სასჯელი დანიშნული) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ამდენად, დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა (ამ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა) კანონის იმპერატიული მოთხოვნაა. ამასთან, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა განსხვავებული წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებისთვის, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.

5.5. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. ლ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. რ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე