Facebook Twitter

საქმე N 200100125010786235

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №833აპ-25 20 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. დ., №833აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. ქ–ი (პირადი ნომერი: ...............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის და ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)), საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი არაერთგზის და ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, ესე იგი, პირადად პირთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2024 წლის 27 ნოემბერს, შუადღის საათებში, თელავის რაიონული სასამართლოს, 2023 წლის 10 მაისის, განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი დ. ქ–ი მივიდა ქალაქ თ–ში, ა–ს გამზირი, კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი – შ. ა–ის საცხოვრებელ ბინაში და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ამ უკანასკნელს. კერძოდ, შვილს მ. ქ–ს განუცხადა, რომ თუ შ. ა–ე არ შეურიგდებოდა ყელს გამოჭრიდა და მოკლავდა მას. მ. ქ–მა აღნიშნული მუქარის შესახებ იმავე დღეს უთხრა შ. ა–ეს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. 2024 წლის 4 დეკემბერს, შ. ა–ე იმყოფებოდა ქალაქ თ–ში, ა–ს გამზირი, კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა, თელავის რაიონული სასამართლოს, 2023 წლის 10 მაისის, განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი, მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, დ. ქ–ი და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ განუცხადა, რომ ყელს გამოჭრიდა და მოკლავდა მას. აღნიშნული მუქარა შ. ა–ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.4. 2024 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლის ს. დ–ის მიერ, დ. ქ–ის მიმართ, 30 დღის ვადით, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №....., რომლითაც დ. ქ–ს აეკრძალა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ შ. ა–ესთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება, იმ სახლთან მიახლოვება, სადაც იგი ცხოვრობს, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, თელავის რაიონული სასამართლოს, 2023 წლის 10 მაისის, განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი დ. ქ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, 2024 წლის 30 ნოემბრიდან, 2024 წლის 5 დეკემბრის, ჩათვლით პერიოდში, მობილური ტელეფონის საშუალებით ურეკავდა შ. ა–ეს და უგზავნიდა მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, ასევე 2024 წლის 4 დეკემბერს, იგი მივიდა ქალაქ თ–ში, ა–ს გამზირი, კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე შ. ა–ის საცხოვრებელ ბინასთან და ასევე შევიდა ქალაქ თ–ში, ს–ს ქუჩა №..-ში მდებარე სილამაზის სალონში, სადაც იმყოფებოდა შ. ა–ე. აღნიშნული ქმედებებით დ. ქ–მა არ შეასრულა და დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

1.5. 2024 წლის ნოემბრის დასაწყისიდან, 2024 წლის 5 დეკემბრის, ჩათვლით პერიოდში, დ. ქ–ი, გედერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად მობილური ტელეფონის საშუალებით არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ შ. ა–ესთან, რაც იწვევდა შ. ა–ის ფსიქიკურ ტანჯვას და მის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რის გამოც შ. ა–ე იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი და შეექმნა ამის რეალური საჭიროება, ერიდებოდა ქუჩაში მარტო გადაადგილებას და მაღაზიაში მარტო გასვლას, დაიწყო სამსახურში სხვა გზებით სიარული, ასევე ფიქრობდა სამსახურიდან წამოსვლაზე.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 22 აპრილის განაჩენით, დ. ქ–ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების გამოყენებით, დ. ქ–ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 22 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 22 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 27 აგვისტოს, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დ. ქ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის ზომის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, ჩადენილი დანაშაულების ხასიათისა და საშიშროების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ზედმეტად მსუბუქია. მსჯავრადშერაცხილი ქმედებები დ. ქ–მა ჩაიდინა თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის ქვეშ, სადაც დაზარალებული შ. ა–ე იყო. ასევე, მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი. ზემოაღნიშნული გარემოებები კი მოწმობს, რომ დ. ქ–ი არ არის კანონმორჩილი მოქალაქე, არ ითვალისწინებს კანონის მოთხოვნებს და არაფრად აგდებს პოლიციელთა მოწოდებას. მისთვის შემაკავებელი ორდერის გამოცემასაც არ ჰქონდა რაიმე შედეგი და მალევე დაარღვია. ის აგრესიული და არაკანონმორჩილი პიროვნებაა, ამასთან, მისი დამოკიდებულება ყოფილი მეუღლის მიმართ ნათელ წამოდგენას ქმნის მის პიროვნებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნული კი, მიუთითებს, რომ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს: ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციასა და სამართლიანობის აღდგენას, რადგან არ შეესაბამება დ. ქ–ის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა დ. ქ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, მსჯავრდებულის პიროვნება, ქმედებების ჩადენის მოტივი და სანქციით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელების მიუხედავად, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 531-ე, 58-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, დ. ქ–ის მიმართ დანიშნული სასჯელები, როგორც დამოუკიდებლად, ისე დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებსა და საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.6. საკასაციო პალატა, ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას თითქოსდა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და განმარტავს, პროკურორის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა განსხვავებული წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის დამძიმებისათვის, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.

5.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, რეალური და პროპორციული სასჯელის მიზნების მისაღწევად. ერთი მხრივ სასჯელის სახემ და ზომამ დაუსჯელობის განცდა არ უნდა გამოიწვიოს, ხოლო მეორე მხრივ, მსჯავრდებულს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩინოს განცდა, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის პირადი დასჯა და ტანჯვა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სასჯელის შერჩევისას სასამართლომ თანაბრად უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი ფაქტორები, რომელთა სამართლიანი ურთიერთშეფასებისას, არ უნდა მოხდეს რომელიმე საგულისხმო ფაქტორის უგულებელყოფა.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე