საქმე N 330100125011411636
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №835აპ-25 16 ოქტომბერი, 2025 წელი
მ. დ., №835აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ივლისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. მ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2021 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 16:20 საათზე, თ–ი, მდინარე მ–ს მარცხენა სანაპიროზე, .......... ხიდის მხრიდან ხ-ს ქუჩის მიმართულებით მოძრაობდა ავტომობილი ,,ჰონდა“, სახელმწიფო ნომრით ....., რომელსაც მართავდა დ. მ–ი. მსვლელობისას, დ. მ–მა, უგულვებელჰყო რა საგზაო მოძრაობის წესები, მოუხვია მარცხნივ, გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა მოძრაობის საპირისპირო მხარეს, სადაც გზა გადაუჭრა ხ. ს-ს მართვის ქვეშ არსებულ მოტოციკლ ,,მოტორშოპს“, რომელიც შეეჯახა დ. მ–ის ავტომობილ ,,ჰონდას“. საქმეზე ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის N....დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლის – დ. მ–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი, საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნა 1.3-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში, მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N....... დასკვნის თანახმად, ზემოაღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ხ. ს-მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 მაისის განაჩენით, დ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2021 წლის 31 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი. 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დ. მ–ს 1/6-ით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დ. მ–ს განესაზღვრა 10 თვე.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ნანა ჯაყელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და დ. მ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დამატებითი სასჯელად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ივლისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2025 წლის 8 აგვისტოს, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ნანა ჯაყელმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დ. მ–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დამატებით სასჯელად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა დ. მ–ის პიროვნება. კერძოდ, ის ფაქტი, რომ იგი ინტენსიურად არის გამოვლენილი და ადმინისტრაციულადსახდელდადებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტზე. ამასთან, მას დაზარალებულის მიმართ არ გამოუხატავს მორალური და მატერიალური მხარდაჭერა. შესაბამისად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა დ. მ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დ. მ–ის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს.
5.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა მსჯავრდებულს განუსაზღვრეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაეთვალა პირობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამდენად, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, პირობითი მსჯავრის არაეფექტიანობის შესახებ არგუმენტი საფუძველს მოკლებულია.
5.6. რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას ზიანის აუნაზღაურებლობის შესახებ აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ,,ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელ გარემოებად. ამასთან, ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად და შესაბამისად, ვერ იქნება გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის დროს როგორც დამამძიმებელი გარემოება“. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ზემოაღნიშნულ განმარტებებს და მიაჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი არ შეიძლება მოაზრებული იქნეს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.
5.7. რაც შეეხება დ. მ–ის მიმართ დამატებითი სასჯელის – თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას – საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით პირის მსჯავრდებისას იმპერატიულ მოთხოვნას არ წარმოადგენს დამატებითი სასჯელის განსაზღვრა, აღნიშნული სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყვიტოს ინდივიდუალურად. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიზაშეწონილად არ მიიჩნია მისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა, რასაც ზემოხსენებული შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველაში მიღებით ეთანხმება საკასაციო პალატაც.
5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
მამუკა ვასაძე