გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/285-01 8 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმში, ... მდებარე სახლის ლიტერ “ბ”-ს 1/3 მესაკუთრეა ყ. ვ-ძე. მის კუთვნილ წილში შედის სახლის მე-2 სართულზე განლაგებული ოთახები ფართით 15,5 კვ.მ. და ფართით 15,8 კვ.მ., რომლებიც დაკავებული აქვს მოპასუხე კ. კ-ძის ოჯახს. 1997 წლის აგვისტოში სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა კ. კ-ძის ოჯახის გამოსახლება მათ მიერ დაკავებული ოთახებიდან იმ საფუძვლით, რომ იგი არის სახლის მესაკუთრე, მისი კუთვნილი წილი დაკავებული აქვთ მდგმურებს, თვითონ ბათუმში საცხოვრებელი არ გააჩნია და ბინა სჭირდება თავისთვის. სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათი ოჯახი სადავო ოთახებში ცხოვრობს ჯერ კიდევ 1925 წლიდან. მათ ამ ხნის მანძილზე სადავო ოთახებს, სახლის მაშინდელი მესაკუთრის თანხმობით, მიაშენეს კიდევ ერთი ოთახი, სამზარეულო და შესასვლელი. მათ სხვაგან საცხოვრებელი არ გააჩნიათ.
საქმე არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება და გამოვიდა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე ყ. ვ-ძეს უარი ეთქვა სარჩელზე მოპასუხე კ. კ-ძის ოჯახის სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეები სადავო ოთახებში ცხოვრობდნენ 1925 წლიდან, ისინი დამოუკიდებლად იხდიდნენ წლების მანძილზე კომუნალურ გადასახადებს, სადავო ფართს მიაშენეს სამზარეულო, შესასვლელი, ერთი ოთახი, რამდენიმეჯერ გაუკეთეს ბინის კაპიტალური რემონტი და ასეთ ვითარებაში მხარეთა შორის ურთიერთობის მოსარეგულირებლად გამოიყენა კანონი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ”, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დადასტურებულად მიიჩნია მხარეთა შორის დათმობის გარიგების არსებობა და ამავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად უარი უთხრა მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ყ. ვ-ძემ, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გუქმებას შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობების შესახებ”. არასწორად ჩათვალა, რომ მოპასუხეები არ იყვნენ მდგმურები, მოპასუხის მამამ თვითონ განაცხადა სასამართლოს სხდომაზე, რომ იხდიდა ქირას თვეში 10 მანეთს, გარდა ამისა მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცება, რომ იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებით დადასტურებულია და არც მოსარჩელე უარყოფს, რომ მოპასუხის ოჯახი, მისი მშობლები ჯერ კიდევ 1925 წლიდან ცხოვრობენ სადავო ოთახებში. ასევე, დადასტურებულია, რომ მოპასუხეები იხდნენ ბინის ქირას თვეში 10 მანეთს, რომელიც მაშინდელ საბაზრო ქირაზე გაცილებით ნაკლები იყო. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის ოჯახს ცალკე ჰქონდა ელექტრომრიცხველი, ტელეფონი, რომლის გადასახადებსაც იხდიდნენ თვითონ. აღწერილ ვითარებაში. სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ”. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მხარეებს შორის საცხოვრებელი სადგომის დათმობის შესახებ გარიგების არსებობა დასტურდება ისეთი მონაცემებით, როგორიცაა ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, სადავო სახლში რეგისტრირება, კომუნალური გადასახადების გადახდა და ა.შ. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მოსარგებლე მხოლოდ მაშინ არის ვალდებული დააკმაყოფილოს მესაკუთრის მოთხოვნა ფართის გამოთავისუფლების შესახებ თუ მესაკუთრე შეუძენს სანაცვლო სხვა საცხოვრებელ ფართს იმავე დასახელებულ პუნქტში ან მისცემს მის კომპენსაციას. მოცემულ შემთხვევაში მესაკუთრე – მოსარჩელე ყ. ვ-ძე ითხოვს მოპასუხეთა გამოსახლებას ბინიდან, მაგრამ არ თავაზობს კანონით გათვალისწინებულ ამ პირობას, რის გამოც მისი მოთხოვნა სწორად არ დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს სააპელაციო სასამრათლოში კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ყ. ვ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება..
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.