Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ/288-01 7 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი _ ძირითად სარჩელში _ სესხის დავალიანების დაფარვა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის კუთვნილი მაღაზიის დაყადაღება. შეგებებულ სარჩელში _ სესხის ხელშეკრულების შესრულებულად ცნობა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. დამოუკიდებელ სარჩელში _ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის 20 მაისს ზ. ს-შვილმა ნ. ბ-ძის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მის მიერ უპროცენტოდ და უვადოდ გაცემული სესხის _ 5000 აშშ დოლარის _ დაბრუნება. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა მოპასუხის კუთვნილ მაღაზიაზე ყადაღის დადება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 20 მაისის განჩინებით ყადაღა დაედო მოპასუხის კუთვნილ მაღაზიას.

1999 წლის 2 ივნისს რ. ე-ძემ ნ. ბ-ძის და ზ. ს-შვილის წინააღმდეგ, როგორც მესამე პირმა დამოუკიდებელი მოთხოვნით, იმავე სასამართლოში აღძრა სარჩელი. მან მოითხოვა, რომ სასამართლოს ეცნო იგი ნ. ბ-ძის კუთვნილი მაღაზიის კეთილსინდისიერ მფლობელად და გაუქმებულიყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ვინაიდან სადავო ობიექტს კეთილსინდისიერად ფლობდა 1998 წლის დეკემბრიდან, როცა მითითებული მაღაზია, ფაქტობრივად, შესყიდულ იქნა მის მიერ და 1999 წლის 30 იანვრის გენერალური მინდობილობით მესაკუთრემ აღნიშნული მაღაზია მას გადასცა.

მანვე მიუთითა, რომ ნ. ბ-ძის ნაცვლად დაფარა ამ უკანასკნელის მიერ ბანკიდან აღებული კრედიტი, რომლის დაფარვის საშუალება ნ. ბ-ძეს არ გააჩნდა და საფრთხის ქვეშ დგებოდა ბანკის ვალის გამო იპოთეკით დატვირთული მაღაზიის საკუთრების საკითხი. მან, სასამართლო პროცესზე, ასევე, მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 298-ე მუხლის საფუძველზე საკუთარ თავზე გადმოიტანა იპოთეკა, რომლის სათანადო რეგისტრაციაც მოხდა 1999 წლის 12 მარტს და 27 მარტს.

ნ. ბ-ძემ, 1999 წლის 7 ივნისს ზ. ს-შვილის წინააღმდეგ, შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს. შეგებებულ სარჩელში მან აღიარა ზ. ს-შვილის ვალი _ 5000 აშშ დოლარი, მაგრამ სარჩელი არ ცნო, იმ მოტივით, რომ ზ. ს-შვილთან სესხის ხელშეკრულების დადების დროს ფაქტობრივად არ მომხდარა ფულის გადაცემა. სესხის სახით 3500 აშშ დოლარი გაიცა 1997 წელს და არა 1999 წლის 14 მაისს, როგორც ეს ნოტარიუსის მიერ შედგენილ ხელშეკრულებაშია მითითებული. ამასთან, სესხის ხელშეკრულება დაიდო მისი გამოუცდელობის და ზ. ს-შვილის მუქარის გამო. მან ზ. ს-შვილისაგან სესხის სახით აღებული 3500 აშშ დოლარი დააბრუნა პროცენტით. 1999 წლის 14 მაისისათვის, სესხის ხელშეკრულების სანოტარო ფორმით დამოწმების დროს, პროცენტის სახით ზ. ს-შვილისათვის გადახდილი ჰქონდა 4800 აშშ დოლარი. მას მიაჩნია, რომ სადავო ნაგებობაზე ყადაღის დადება არასწორია, რადგან ამ ობიექტს ფლობს და განკარგავს რ. ე-ძე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზ. ს-შვილის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხე ნ. ბ-ძეს გადასახდელად დაეკისრა 4460 აშშ დოლარი. ნ. ბ-ძის შეგებებული სარჩელი და რ. ე-ძის დამოუკიდებელი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რ. ე-ძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, საქმე 2000 წლის 24 ნოემბერს განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ და თავისი განჩინებით უცვლელად დატოვა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია (სადავო მაღაზია რეგისტრირებულია ნ. ბ-ძის სახელზე, ანუ იგი ამ მაღაზიის მესაკუთრეა), ხოლო ამავე კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იპოთეკა კრედიტორს აძლევს უფლებას სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა ნივთიდან. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მაღაზიაზე ყადაღის დადება ვერ შელახავდა რ. ე-ძის უფლებებს, ვინაიდან მას, როგორც იპოთეკარს, ზ. ს-შვილთან შედარებით, აქვს უპირატესი უფლება დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა ამ მაღაზიის რეალიზაციის შედეგად.

2001 წლის 9 იანვარს რ. ე-ძემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სადავო მაღაზიაზე დადებული ყადაღის მოხსნა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით წაერთვა უფლება, სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრესთან შეთანხმებით მიმართოს სასამართლოს, აუქციონისაგან განსხვავებული რეალიზაციის ფორმით მოახდინოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ან სააღსრულებო კანონის 53-ე მუხლის შესაბამისად, მოვალესთან შეთანხმებით თვითონ მოახდინოს რეალიზაცია ანდა ამის უფლება მისცეს მოვალეს. ასევე, სააღსრულებო კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ სადავო ნივთი ნატურით გადაეცეს მას, ანდა ამავე კანონის 771-ე მუხლის და სამოქალაქო კოდექსის 310-ე მუხლის შესაბამისად, აუქციონზე იძულებით გასხვისების ნაცვლად, მისი განცხადების საფუძველზე, დადგინდეს ნივთის იძულებით მართვა.

კასატორმა, ასევე, მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა კასატორის განმარტება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლის შესაბამისად, იპოთეკა და მის საფასურად არსებული მოთხოვნა, შეიძლება მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის იპოთეკაც. მოთხოვნის გადაცემა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ნამდვილად, როცა სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი იპოთეკის დადგენის შესახებ, გადაეცემა ახალ კრედიტორს და საჯარო რეესტრში იგი დარეგისტრირდება ახალ კრედიტორად.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბანკის ვალში იპოთეკით იყო დატვირთული სადავო მაღაზია და დავალიანება 1999 წლის 27 მარტს დაიფარა რ. ე-ძის მიერ, რის გამოც ბანკის მიერ მოიხსნა ყადაღა.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით 1999 წლის 13 აგვისტოს, ანუ სარჩელის შეტანის და ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, იპოთეკა, სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლის დაცვით გადაფორმდა რ. ე-ძეზე.

ამრიგად, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე რ. ე-ძე იპოთეკარი გახდა და სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად უფლება მოიპოვა როგორც კრედიტორმა სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა ამ ნივთით, მაგრამ ეს როდი მიუთითებს იმას, რომ მას უფლება აქვს მისი ეს უფლება გამოიყენოს მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

მოცემულ მაღაზიაზე ყადაღის დადების მოთხოვნით ზ. ს-შვილს თავისი უფლებები არ გამოუყენებია ბოროტად, რადგან მან თავისი უფლება, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მარტოოდენ იმ მიზნით არ გამოიყენა, რომ მხოლოდ სხვას მიადგეს ზიანი. მისი ასეთი მოქმედება სხვისი გამწარების, გაღიზიანების მიზანს კი არ ისახავდა, არამედ წარმოადგენდა მისი უფლების განხორციელებისათვის აუცილებლობით ნაკარნახევ ქმედებას, სარჩელის უზრუნველყოფის საშუალებას.

მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული პირობა, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში იპოთეკარის მოთხოვნის დაკმაყოფილების ვალდებულება, თუ მხოლოდ იმდაგვარად იქნებოდა გაგებული, რომ სხვა კრედიტორებს აეკრძალებოდათ სადავო ნივთზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადების მოთხოვნა, ასეთი მოქმედება ჩაითვლებოდა სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებული უფლების ბოროტად გამოყენებად.

არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 302-ე, 310-ე, ასევე, სააღსრულებო კანონის 49-ე, 53-ე და 771- მუხლის მოთხოვნები, რადგან კანონის აღნიშნული ნორმები საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შემდგომ პროცესებს არეგულირებს მესაკუთრესა და კრედიტორს შორის, რომელიც ცალკე დავის საგანია და განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671-ე მუხლის საფუძველზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ე-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 24 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.