გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹3კ/289 23 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
საჩივრის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. გ-ძემ სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1996 წლის აპრილში მასზე რიცხული სატვირთო ავტომანქანა კამაზით ა. ფ-შვილს რუსეთის ქ. უფაში, ხოლო შემდეგ კი ქ. ტიუმაზში გადაუტანა 16 ტონა ვაშლი, რაშიც ა. ფ-შვილს უნდა გადაეხადა 3000 აშშ დოლარი. ზ. გ-ძე ვაშლის რეალიზაციამდე, მოპასუხის თხოვნით, რუსეთში დარჩა კიდევ ერთი თვე, იმ პირობით, რომ ა. ფ-შვილს დამატებით გადაუხდიდა 1000 აშშ დოლარს.
როდესაც ისინი რუსეთიდან დაბრუნდნენ ზ. გ-ძემ მოსთხოვა ა. ფ-შვილს ვალის გადახდა. ფ–შვილი უარს არ ეუბნებოდა, მაგრამ სთხოვდა, რომ რამდენიმე თვე დაეცადათ და ვალს მთლიანად გადაიხდიდა.
1997 წლის 12 მარტს სოფ. შინდისის თემის საკრებულოში მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად მოპასუხე მოსარჩელეს გადასცემდა თავის კუთვნილი 0,80 ჰა ფართობის ხილის ბაღს, იმ პირობით, რომ ზ. გ-ძე ბაღს მოუვლიდა ყოველწლიურად და მიღებულ მოსავალს აიღებდა მანამ, სანამ არ დაუბრუნდებოდა ვალი. იმ შემთხვევაში, თუ თანხის დაბრუნება მოხდებოდა ბაღის მოვლისა და მსხმოიარობისას, ა. ფ-შვილის ბაღი დაუბრუნდებოდა უკან, მოსავალის აღების შემდეგ.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 4000 აშშ დოლარის გადახდა.
ა. ფ-შვილმა სარჩელი არ ცნო. მან აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 4000 დოლარის ანაზღაურებაზე უსაფუძვლოა. მან ხეხილის ბაღი გადასცა იმ პირობით, რომ ან აუნაზღაურებდა შესაბამის თანხას და დათმობდა ხეხილის ბაღს ან თვითონ აინაზღაურებდა გ-ძე გარკვეულ პერიოდში 4000 დოლარს.
გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შეწყვეტილად ჩაითვალა ა. ფ-შვილსა და ზ. გ-ძეს შორის დადებული ხელშეკრულება.
სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად ნების გამოვლენის განმარტება უნდა მოხდეს არა სიტყვა-სიტყვითი აზრიდან, არამედ გონივრული განსჯის შედეგად.
სასამართლომ დაასკვნა, რომ ა. ფ-შილმა ხელშეკრულება დადო იმიტომ, რომ მას თანხა არ ჰქონდა და სურდა, როგორმე ვაშლის მოსავლით აენაზღაურებინა ნაკისრი ვალდებულება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა ზ. გ-ძის სარჩელი, ა. ფ-შვილს დაეკისრა 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის გადახდა ლარებში ზ. გ–ძის სასარგებლოდ. ა. ფ-შვილის სახელზე რიცხული 0,80 ჰა ვაშლის ბაღი მდებარე გორის რაიონში, სოფ. შინდისში ვალის დაფარვამდე დარჩა ზ. გ-ძის სარგებლობაში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის თანახმად, შესრულების მიღებისას კრედიტორი მოვალეა შემსრულებლის მოთხოვნით მისცეს მას მთლიანად ვალდებულების ან მისი ნაწილის შესრულების ხელწერილი. ა. ფ-შვილს არ ჩამოურთმევია ხელწერილი მოსარჩელისათვის, თუ რა ოდენობით მოსავალი მიიღო სადავო ბაღიდან წლების განმავლობაში. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, რადგან სამართლებრივი ურთიერთობა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოიშვა ახალი კოდექსის ამოქმედებამდე გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის კოდექსი, რაიონულმა სასამართლომ კი გამოიყენა სამოქალაქო კოდექსი, რითაც დაარღვია კანონის მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ა. ფ-შვილის მიერ. კასატორს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიაჩნია უკანონოდ, რადგან სასამართლომ განმოიყენა ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 298-ე და 291-ე მუხლები, რომელთაც საქმესთან კავშირი არა აქვთ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც იძულებული იყო დაედო მოქალაქეს, მძიმე გარემოებათა დამთხვევის გამო, მისთვის უაღრესად არახელსაყრელი პირობით.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ა. ფ-შვილს იმის გამო, რომ დაედო ვალები და ვერ შეძლო მათი გადახდა, იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში. აღნიშნულის გამო, მან მისი კუთვნილი ხეხილის ბაღი გადასცა ზ. გ-ძეს მანამ, სანამ ვალს არ დაუბრუნებდა. მოცემულ შემთხვევაში 0,8 ჰა ხეხილის ბაღის გადაცემა მეორე მხარისათვის მხოლოდ იმის სანაცვლოდ, რომ მოხდეს ვალის დაბრუნების გადავადება, გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის, აშკარა შეუსაბამობად უნდა ჩაითვალოს. მით უმეტეს, რომ ბაღით სარგებლობის ვადა დადგენილი არ ყოფილა და სარგებლობა შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ.
აღნიშნულის გამო, პალატა თვლის, რომ ზ. გ-ძის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ 4000 დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში.
ბათილი გარიგების თითოეული მხარე მოვალეა დაუბრუნოს მეორე მხარეს ყველაფერი, რაც გარიგებით მიიღო.
ბათილი გარიგების შედეგია ის, რომ ზ. გ-ძემ არ მოითხოვა პროცენტი და მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ხოლო ა. ფ-შვილმა ვერ ისარგებლა მისი კუთვნილი ბაღით და სარგებლობის უფლება გადასცა გელაძეს და მას დაუთმო ბაღიდან მიღებული შემოსავალიც.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
ა. ფ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ზ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ა. ფ-შვილს ზ. გ-ძის სასარგებლოდ დაეკისროს 4000 აშშ დოლარის გადახდა. ხეხილის ბაღის სარგებლობაში გადაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ზ. გ-ძეს ეთქვას უარი.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.