გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/291-01 20 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “თბილისის ...მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ თბილისის ...ის რეკონსტრუქციისათვის ... ბანკის მიერ გამოყოფილი იქნა 11 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 1,7 მილიონი აშშ დოლარი.
მოსარჩელემ განმარტა, რომ აღნიშნული კრედიტის გამოყოფას წინ უსწრებდა შემდეგი გარემოებები:
ევროპის რეკონსტქუციისა და განვითარების ბანკს 1994 წლის 11 დეკემბერს თხოვნით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ – სახელმწიფოს მეთაურმა, რათა ბანკს დაეფინანსებინა თბილისის ...ის რეკონსტრუქციის პროექტი. იმავე დღეს საქართველოს მთავრობამ ევრობანკს მისცა პირობა, რომ სესხის დაფარვის მიზნით ის უფლებას მისცემდა თბილისის ...ს დაეწესებინა ...იდან გამგზავრებულ თითოეულ მგზავრზე დამატებითი მოსაკრებელი 6 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით, ხოლო ...ის მიერ აღებულ ვალდებულებებზე საქართველოს მთავრობა გასცემდა სახელმწიფო გარანტიებს.
საქართველოს მთავრობამ ევრობანკისათვის მიცემული პირობების შესასრულებლად 1995 წლის 13 აპრილს მიიღო ¹ 210 დადგენილება “ქ. თბილისის აეროვაგზლის რეკონსტრუქციის შესახებ”, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად დაწესდა თბილისის ...იდან გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე მოსაკრებელი 6 აშშ დოლარის ოდენობით. კრედიტის დასაფარავად მიმართული სახსრების აკუმულირების მიზნით, თბილისის ...ს დაევალა სპეციალური საბანკო ანგარიშის გახსნა. მთავრობის დადგენილებაში მითითებულ იქნა აკუმულირებული სახსრებისა თუ ...ის რეკონსტრუქციისათვის საზღვარგარეთიდან შემოტანილ სამშენებლო მასალების საბაჟო და საგადასახადო გადასახადებისაგან განთავისუფლების თაობაზე.
გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ 1995 წლის 13 ივლისს საქართველოს სახელმწიფოს და ... ბანკს შორის ხელი მოეწერა საერთაშორისო ხელშეკრულებას გარანტიების შესახებ, რომლის 2.01 პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობამ იკისრა საგარანტიო ვალდებულება ...ის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებაზე, ხოლო 2.02 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გარანტიორი (საქართველოს მთავრობა) უფლებამოსილს ხდიდა მსესხებელს (თბილისის ...ს) შეეცვალა ...იდან მგზავრობის გადასახადის რაოდენობა და სტრუქტურა იმ სიხშირით, რომელსაც მსესხებელი ჩათვლიდა საჭიროდM იმის გათვალისწინებით, რომ მსესხებელს საშუალება ჰქონოდა შეესრულებინა სესხის ხელშეკრულების 4.04 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება.
1995 წლის 13 ივლისს, ასევე, ხელი მოეწერა სესხის ხელშეკრულებასაც თბილისის ...სა და ევრობანკს შორის, რომლის 4.04 პუნქტის თანახმად თბილისის ...მა საქართველოს მთავრობის ნებართვითა და გარანტიით კრედიტის დაფარვის მიზნით იკისრა ვალდებულება მოეხდინა ...იდან მგზავრობის გადასახადის აკრეფა და მისი ოდენობის შეცვლა იმ პირობით, რომ მინიმუმ იგი უნდა ყოფილიყო 6 აშშ დოლარის ექვივალენტი.
შემდგომ პერიოდში მგზავრთა ნაკადის შემცირების გამო, საფრთხე შეექმნა ევრობანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ამიტომ გადაწყდა, რომ საკითხი შეთანხმებულიყო ეკონომიკის სამინისტროსთან, რათა ამ უკანასკნელს გამოეთქვა თავისი აზრი ...ის მგზავრობის გადასახადის იმ პერიოდისათვის საჭირო 10 აშშ დოლარამდე გაზრდის შესახებ. ეკონომიკის სამინისტრომ 04.11.97 წ. ¹ 9-3-38 წერილით დაადასტურა, რომ იგი არ იყო ამის წინააღმდეგი.
1998 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით რატიფიცირებული იქნა საქართველოს მთავრობასა და ... ბანკს შორის 1995 წლის 13 ივლისს დადებული საგარანტიო შეთანხმება.
1997 წლის 31 დეკემბერს სს “თბილისის ...სა” და შპს ავიაკომპანია “მ-ს” შორის გაფორმდა ¹ 1/38-4 ხელშეკრულება 1998 წლის 31 დეკემბრამდე ვადით საჰაერო ხომალდების სახმელეთო მომსახურების შესახებ, რითაც განისაზღვრა მხარეთა ურთიერთვალდებულებები. 1998 წლის 23 დეკემბერს ხელშეკრულების ვადა გაგრძელებული იქნა 1999 წლისათვის.
1998 წლის 27 ნოემბერს სს “თბილისის ...ის” მიერ მიღებულ იქნა ¹ 134 “ა” ბრძანება, რომლის მიხედვით, მგზავრთა რაოდენობის შემცირების გამო, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული 16 დეკემბრიდან დამატებითი მოსაკრებელის გაზრდა 12 აშშ დოლარამდე, ნაცვლად ადრე დადგენილი 6 დოლარისა. აღნიშნული ცვლილებების შესახებ 1998 წლის 1 დეკემბრის წერილით 15 დღით ადრე ეცნობა თბილისის ...ის მომსახურებით მოსარგებლე ყველა ავიაკომპანიას, მაგრამ ავიაკომპანია “მ-მ” უარი განაცხადა მოსაკრებლის გაზრდილი მოცულობის გადახდაზე იმ მოტივით, რომ თანხის გაზრდის უფლება თბილისის ...ს არ ჰქონდა. 1999 წლის 2 ივნისს ...მა კიდევ ერთხელ შეახსენა “მ-ს” დავალიანების დაფარვის თაობაზე, ამასთან, გააფრთხილა, რომ ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულების 7.4 მუხლის თანახმად, იმავე წლის 1 აგვისტოდან ხელშეკრულების მოქმედებას შეწყვეტდა ცალმხრივად. არ შეასრულა რა ...ის მოთხოვნა, თბილისის ...მა შეუწყვიტა “მ-ს” ¹ 6867166 რეისის მომსახურება, რასაც შედეგად მოჰყვა რეისის დაგვიანება 5 საათით და 34 წუთით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ, სს “თბილისის ...მა” მოითხოვა 1998 წლის დეკემბრიდან 1999 წლის 19 ივლისის ჩათვლით მოსაკრებლის სახით 78978 ლარის დავალიანების დაკისრება შპს ავიაკომპანია “მ-სათვის”.
შპს ავიაკომპანია “მ-მ” სარჩელი არ ცნო და მიუთითა “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლზე. მისი განმარტებით, ...ის ბრძანება მოსაკრებლის გაზრდის თაობაზე არ არის რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, რადგანაც ის არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტსს. აღნიშნულის გამო, შპს “მ-ს” მიაჩნია, რომ ...ის ¹ 134 “ა” ბრძანებით დადგენილი მოსაკრებლის გადახდა არ წარმოადგენს მისთვის სავალდებულოს და მან მოსაკრებელი უნდა იხადოს საქართველოს მთავრობის ¹ 210 დადგენილების შესაბამისად 6 აშშ დოლარის ოდენობით.
შპს ავიკომპანია “მ-მ”, ასევე, შეგებებული სარჩელი წარადგინა სასამართლოში, მან განმარტა, რომ 1997 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 5.3 და 5.4 პუნქტების თანახმად, ...ს უფლება ჰქონდა ცალმხრივად შეეწყვიტა ავიაკომპანიის მომსახურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის 10 დღით ადრე შეატყობინებდა მეორე მხარეს ამის შესახებ, რაც უნდა გაფორმებულიყო ორმხრივი აქტით. 1999 წლის 3 აგვისტოს კი ...მა მისი რეისის მომსახურება შეაჩერა ხელშეკრულების აღნიშნულ პირობათა დარღვევით. აღნიშნულიდან გამომდინარე “მ-მ” მოითხოვა მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული პირდაპირი ზარალის _ 15475 ლარისა და მორალური ზიანის _ 61900 ლარის, სულ _ 77315 ლარის დაკისრება სს “თბილისის ...ზე” მის სასარგებლოდ.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით როგორც ძირითადი, ისე შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს “მ-ს” სს “თბილისის ...ის” სასარგებლოდ დაეკისრა 69 105 ლარი, ხოლო თბილისის ...ს კი 30 450 ლარი. საბოლოოდ სასამართლომ მოახდინა ურთიერთგაქვითვა და “მ-ს” ...ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 38156 ლარი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 14 მარტის განჩინებით გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.
სააპელაციო პალატის 2000 წლის 14 მარტის განჩინება მხარეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 28 ივნისის განჩინებით სააპელაციო პალატის განჩინება მიიჩნეულ იქნა იურიდიულად არასაკმარისად დასაბუთებულად, იგი გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “თბილისის ...ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს “თბილისის ...ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს “მ-ს” მის სასარგებლოდ დაეკისრა მგზავრობის მოსაკრებლის დავალიანების თანხა 1998 წლის 16 დეკემბრიდან 1999 წლის 29 ივლისის ჩათვლით 78978 ლარი, შპს “მ-ს” უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. საქართველოსა და ... ბანკს შორის 1995 წლის 13 ივლისს დადებული შეთანხმებით, აღებული კრედიტის დაფარვის მიზნით, თითოეულ მგზავრზე მოსაკრებელი თანხის საჭირო ოდენობით შეცვლის უფლება მიენიჭა სს “თბილისის ...ს”. ამ უკანასკნელმა კი ჩათვალა რა საჭიროდ, თავისი ბრძანებით გაზარდა მოსაკრებლის თანხის ოდენობა და მისი ასეთი ქმედება წარმოადგენდა არა ცალკე დამოუკიდებელ აქტს, არამედ საქართველოს საერთაშორისო შეთანხმების 2.02 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით ...ისათვის მინიჭებული უფლების განხორციელებას.
შპს ავიკომპანია “მ-მ” სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მიუთითა, რომ საოლქო სასამართლოს 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო პალატამ ფაქტიურად არ შეასრულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28 ივნისის განჩინების მითითებები და არ იმსჯელა მის მიერ მოყვანილ მნიშვნელოვან გარემოებებზე. ამდენად, კასატორის აზრით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული.
კასატორმა ასევე განმარტა, რომ “საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, რატიფიკაციის შესრულებისა და დენონსაციის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებები წარმოადგენენ საჯარო სამართლის მიერ რეგულირებად ურთიერთობებს და მათ სუბიექტად შეიძლება იყვნენ მხოლოდ სახელმწიფოები ან სახელმწიფოების მიერ შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაციები. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების ერთი სუბიექტია სს “თბილისის ...”, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს “მეწარმეთა შესახებ კანონის” შესაბამისად, რეგისტრირებულია სასამართლოში და ის უდავოდ კერძო სამართლის სუბიექტს წარმოადგენს, ხოლო მეორე სუბიექტია ... . ამდენად, კასატორის აზრით, ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების ერთი სუბიექტი სს “თბილისის ...”, რომელიც კერძო სამართლის იურიდიული პირია, საკმარისია იმისათვის, რომ გამოირიცხოს ამ ხელშეკრულების საერთაშორისოდ ცნობის რაიმე შანსი.
კასატორი, ასევე, მიუთითებს, რომ ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით საერთაშორისო ხელშეკრულება მიჩნეულია ნორმატიულ აქტად. ამავე კანონის მიხედვით, ნებისმიერი ნორმატიული აქტი გატარებულ უნდა იქნეს იუსიტიციის სამინისტროს რეესტრში და გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში, რაც მოცემულ შეთხვევაში არ გაკეთებულა.
კასატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების 4.04 პუნქტით მოცემული არის ფორმულა, რომლითაც შესაძლებელია მოსაკრებლის ოდენობის ზრდა ან შემცირება, მაგრამ ...ის მოთხოვნა მოსაკრებლის 6 აშშ დოლარის 12-მდე გაზრდის შესახებ არ ემყარება ამ ფორმულას.
კასატორის განმარტებით, საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არის იურიდიულად დაუსაბუთებელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება, სს “თბილისის ...ის” ძირითად სარჩელზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო და შპს ავიაკომპანია “მ-ს” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს “საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელით იდება საერთაშორსო ხელშეკრულება, რომელსაც მხარეთა შეთანხმებით ენიჭება სახელმწიფოთაშორისი ხასიათი, აგრეთვე, ხელშეკრულება, რომელიც ეხება სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემას, სახელმწიფო გარანტიის გაცემას. ამავე კანონის მე-14 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს სესხის აღებასა და გაცემასთან დაკავშირებული საერთაშისო ხელშეკრულების რატიფიკაცია, სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის პარლამენტის მიერ გამოხატვა სავალდებულოა.
ამავე კანონის 24-ე მუხლის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება ძალაში შედის იმ წესითა და ვადაში, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებაში ან შეთანხმებულია მხარეებს შორის და ამ კანონის შესაბამისად.
ამავე კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს პარლამენტმა, ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ოფიციალურად ქვეყნდება პარლამენტის უწყებაში.
აღნიშნული ნორმების მიხედვით საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება ქვეყნდება ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ. “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის თანახმად, “ნორმატიული აქტი, რომლის ძალაში შესვლაც დაკავშირებულია გამოქვეყნებასთან, ძალაში შედის მხოლოდ იმ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც ამ კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილია ოფიციალურ ორგანოდ”. აღნიშნული ნორმის მიხედვით, შეიძლება ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ორი სახის ნორმატიული აქტები, რომელთა ძალაში შესვლაც დაკავშირებულია გამოქვეყნებასთან და ნორმატიული აქტები, რომელთა ძალაში შესვლაც გამოქვეყნებასთან დაკავშირებული არ არის.
ვინაიდან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლა, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ კანონის მიხედვით, დაკავშირებული არ არის მის გამოქვეყნებასთან საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ამ ხელშეკრულებას ნორმატიული აქტის ძალა არ შეუძენია.
1995 წლის 13 ივლისის საგარანტიო შეთანხმება დადებულია საქართველოს რესპუბლიკასა და ... ბანკს შორის და “საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მიხედვით საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას წარმოადგენს.
საგარანტიო შეთანხმების 2.02. მუხლის თანახმად “გარანტორი (საქართველოს რესპუბლიკა) უფლებამოსილს ხდის მსესხებელს მიცემული საგარანტიო ხელშეკრულებისა და სტანდარტული პირობებისა და მდგომარეობების შესაბამისი პროცედურების შეუზღუდავად შეცვალოს მგზავრობის გადასახადის რაოდენობა და სტრუქტურა იმ სიხშირით, რომელსაც მსესხებელი ჩათვლის საჭიროდ, იმის გათვალისწინებით, რომ მსესხებელს საშუალება ჰქონდეს 4.04. პუნქტით დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, 1995 წლის 13 ივლისის გარანტიების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების “მ-სა” და ...ს შორის არსებულ 1997 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებისა და 1998 წლის 27 ნოემბერს მიღებული ბრძანების საფუძველზე ...ს უფლება აქვს მოსთხოვოს “მ-ს” 78978 ლარი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სს “თბილისის ...მა” დადგენილ ვადაში, წინასწარ არაერთი გაფრთხილების შემდგომ, 1999 წლის 3 აგვისტოს შეუწყვიტა მომსახურება “მ-ს” რეისს. მომსახურების შეწყვეტა მოხდა ხელშეკრულების აღნიშნულ პირობათა დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ მოვალემ დაარღვია ვალდებულება (394-ე მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში თბილისის ...მა მომსახურება შეწყვიტა ხელშეკრულების საფუძველზე და მის მიერ მოვალეობის დარღვევის ფაქტი დადგენილი არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს ავიაკომპანია “მ-ს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.