ბს-323-255-კ-05 4 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ჯ. გახოკიძე
დავის საგანი: მარჩენლის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმა.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვა ორი სახეობის პენსიის ერთდროულად დანიშვნა.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომარის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე. დანიშნული აქვს სოციალური პენსია 40 ლარის ოდენობით. აფხაზეთის ბრძოლებში მძიმედ დაეჭრა შვილი _ კ. ჯ-ი, რომელიც ამ ჭრილობების შედეგად დაინვალიდდა და გარდაიცვალა 1999წ. 23 დეკემბერს. არის ავადმყოფი, 64წ. მარტოხელა. გარდაცვლილი ჰყავს მეუღლეც. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნევდა, რომ აქვს მეორე სახეობის მარჩენლის პენსიის მიღების უფლება 46 ლარის ოდენობით, რაზედაც სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა უარი განუცხადა.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 დეკემბრის განჩინებით რ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ბასილაია არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი და დანიშნული აქვს პენსია 40 ლარის ოდენობით. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 32-ე მუხლის თანახმად, თუ მეორე მსოფლიო ომსა და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში, რომლებიც მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, დაღუპულთა შრომისუუნარო მშობლებს და მეუღლეს აქვთ სხვადასხვა ორგანოებიდან ორი სახის პენსიის მიღების უფლება, დაენიშნებათ ორივე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემომითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ რ. ბ-ას შვილი არ წარმოადგენს მოცემული კანონის მე-19 მუხლის “ა” და “ბ” პუნქტებში აღნიშნული მიზეზების შედეგად გარდაცვლილ პირს, რ. ბ-ა ვერ მოიპოვებს მარჩენლის დაკარგვის გამო პენსიის მიღების უფლებას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა რ. ბ-ამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორი აღნიშნავს, რომ არც რაიონულმა სასამართლომ და არც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინეს “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 32-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ მეორე მსოფლიო ომისა და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში, რომლებიც მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, დაღუპულთა (გარდაცვლილთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) შრომისუუნარო მშობლებს და მეუღლეს აქვთ სხვადასხვა ორგანოებიდან ორი სახის პენსიის მიღების უფლება, დაენიშნებათ ორივე.
კასატორი მიუთითებს ასევე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. ბასილაია არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი და როგორც აფხაზეთის ომის მონაწილეს, დანიშნული აქვს პენსია 40 ლარის ოდენობით. მის შვილს _ კ. ჯ-ს კი დანიშნული ჰქონდა პენსია 45 ლარის ოდენობით, როგორც აფხაზეთის ომის ინვალიდს.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, თუ მეორე მსოფლიო ომისა და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში, რომლებიც მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, დაღუპულთა (გარდაცვლილთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) შრომისუუნარო მშობლებს და მეუღლეს აქვთ სხვადასხვა ორგანოებიდან ორი სახის პენსიის მიღების უფლება, დაენიშნებათ ორივე. აღნიშნული ნორმის შინაარსი ამგვარადვე იქნა განმარტებული სააპელაციო პალატის მიერ, მაგრამ სასამართლომ მიუთითა, რომ კასატორის შვილი, კ. ჯ-ი, არ წარმოადგენდა ამ კანონის სუბიექტს და შესაბამისად, მისი ოჯახის წევრებზე (დედა) ვერ გავრცელდებოდა ამ კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატაც იზიარებს, ვინაიდან მითითებული კანონის 25-ე მუხლი ადგენს მარჩენლის დაკარგვის გამო პენსიის დანიშვნის პირობებს, კერძოდ, იმისათვის, რომ პირს ამ კანონის საფუძველზე დაენიშნოს პენსია, მარჩენალი გარდაცვლილი უნდა იყოს სამხედრო სამსახურის დროს ან არა უგვიანეს სამი თვისა სამხედრო სამსახურიდან გასვლის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან სხვა დაავადებით, რომელიც სამხედრო სამსახურის მოსამსახურემ მიიღო სამხედრო სამსახურის, ან ოპერატიული მუშაობის დროს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ. ჯ-ი არ გარდაცვლილა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, იგი გარდაიცვალა 1999წ. 23 დეკემბერს და გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენდა გაურკვეველი ნივთიერებით მოწამვლა. ამდენად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ კასატორის შვილი, კ. ჯ-ი, არ წარმოადგენდა რა აღნიშნული კანონის სუბიექტს, მის კმაყოფაზე მყოფი ოჯახის წევრი ვერ მოიპოვებს კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებულ ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.