Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ/292 2 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

დავის საგანი: სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 11 იანვარს შპს “ი-ს” დირექტორმა შ. გ-შვილმა შპს “ფ-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა შპს “ფ-ის” რეგისტრაციის გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლოს დადგენილებაში, შპს “ფ-ის” რეგისტრაციის შესახებ მითითებული არ იყო სამართალმემკვიდრეობის საკითხი, ამასთან იგი არ შეიძლებოდა ყოფილიყო შპს “დ. ფ-ის” სამართალმემკვიდრე, როგორც თვითონ მიუთითებდა; დიდუბის რაიონის სასამართლოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, შპს “ფ-ის” რეგისტრაციის შესახებ, რომელიც საგადასახადო ინსპექციაშია წარდგენილი, არ აჩნდა სასამართლოს ბეჭედი;

შენობა, რომელიც შპს “ფ-ს” ეკავა მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენდა, მაგრამ შპს “ფ-ი” თავის დოკუმენტებში ამ შენობას მოიხსენიებდა, როგორც საკუთარს და ა.შ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

2000 წლის 10 თებერვალს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს განჩინებით შპს “ფ-ს” მიეცა სამთვიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.

2000 წლის 26 აპრილს შპს “ფ-ის” დირექტორმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს რეგისტრაციაში არსებული ხარვეზის შევსების მიზნით ცვლილებების შესატანად, თან წარუდგინა სათანადო დოკუმენტები.

2000 წლის 8 მაისის განჩინებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ უსაფუძვლობის გამო ჯ. უ-ავას განცხადება, შპს “ფ-ის” რეგისტრაციის სრულყოფის მიზნით სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანის თაობაზე არ დააკმაყოფილა, ამასთან, გააუქმა შპს “ფ-ის” რეგისტრაცია და გახსნა სალიკვიდაციო პროცესი იმ მოტივით, რომ შპს “ფ-ის” მიერ სასამართლოში ახლად წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება შპს “დ. ფ-ის” სამართალმემკვიდრეობის საკითხი, ვინაიდან შპს “ფ-ის” წარმომადგენელმა ვერ წარმოადგინა პარტნიორთა საერთო კრების ოქმი საზოგადოების რეორგანიზაციის და სამართალმემკვიდრეობის, ასევე, საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავი ნივთის საკუთრების შესახებ.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 24 მაისის განჩინებით, შპს “ფ-ის” კერძო საჩივრის საფუძველზე, მართალია, გააუქმა თავისივე 2000 წლის 8 მაისის განჩინება, მაგრამ საქმის არსებითად განხილვის შემდეგ, 2000 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით, დააკმაყოფილა შპს “ი-ს” სარჩელი შპს “ფ-ის” რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და კვლავ გაიხსნა სალიკვიდაციო პროცესი იმ მოტივით, რომ შპს “ფ-ის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, შეუძლებელი იყო შპს “დ. ფ-ის” სამართალმემკვიდრეობის ფაქტის დადგენა და რეგისტრაციის დროს დაშვებული ამ ხარვეზების შევსება.

შპს “ფ-ის” სააპელაციო საჩივრის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება და შპს “ი-ს” სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ შპს “ი-ო” არ იყო სათანადო მოსარჩელე და იგი არ წარმოადგენდა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8 მუხლში მითითებულ არც პარტნიორს და არც მესამე პირს. შპს “ი-ს” დირექტორის მოსაზრება, თითქოს შპს “ფ-ის” დირექტორის განცხადებამ მას ხელი შეუშალა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, განცხადების განხილვის დროს ჩამორთმეული მაღაზიის დაბრუნებაში და აღნიშნული გარემოების გამო იგი წარმოადგენდა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8 მუხლის შესაბამისად შპს “ფ-ის” რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილ პირს, სააპელაციო სასამართლოს მიერ უარყოფილი იქნა იმ მოსაზრებით, რომ მითითებული მაღაზია არ წარმოადგენდა შპს “ფ-ის” საკუთრებას და ამ გარემოებას კავშირი არ ჰქონდა მის რეგისტრაციასთან.

2001 წლის 16 იანვარს შპს “ი-ს” დირექტორმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

მოცემული საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს შეიცვალა სასამართლოს სხდომის მდივანი, მაგრამ ამან ასახვა არ ჰპოვა სხდომის ოქმში, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლის მოთხოვნა. ამასთან, 2000 წლის 21 ნოემბრის სხდომა დამთავრდა 17 საათსა და 45 წუთზე, ოქმში კი სხდომის დამთავრების დროდ აღირიცხა 19 საათი და 20 წუთი;

სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ სათანადო შეფასება არ მისცა შპს “ფ-ის” დირექტორის მიერ მისი დევნის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.

კასატორის მოსაზრებით შპს “ი-ო” წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს, რადგან ქ. თბილისში, ..... ¹14-ში მდებარე მაღაზიის მესაკუთრედ ცნობის საკითხთან დაკავშირებით მას ერთადერთი მოწინააღმდეგე - შპს “ფ-ი” ჰყავდა. მას მიაჩნია, რომ მითითებული მაღაზიის (რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა) ჩამორთმევის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება რომ გაუქმდეს, აუცილებელია შპს “ფ-ის” რეგისტრაციის გაუქმება;

კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის მე-2 მუხლი, რადგან დადგენილად მიაჩნია, რომ შპს “ფ-ის” რეგისტრაციით შეილახა შპს “ი-ს” კანონიერი ინტერესები;

იგი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 348-ე, 347-ე მუხლების მოთხოვნები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს დადგენილად აქვს მიჩნეული ფაქტიური გარემოება იმის შესახებ, რომ შპს “ი-ო” არაა სათანადო მხარე, რადგან სამეწარმეო რეესტრში შპს “ფ-ის” რეგისტრაცია მის ინტერესებს არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით შპს “ი-ს” დირექტორის მოსაზრება შპს “ფ-ის” თაობაზე, როგორც ქ. თბილისში ..... ქუჩა ¹14-ში მდებარე მაღაზიის დაბრუნების ერთადერთ ხელისშემშლელისა, არ შეიძლება გამხდარიყო “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8 მუხლის შესაბამისად შპს “ფ-ის” რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სარჩელის შეტანის უფლებამოსილების წარმოშობის საფუძველი, რადგან მითითებული მაღაზია სხვა მესამე პირის საკუთრებას წარმოადგენდა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს “ი-ო”, მართლაც არ შეიძლება იყოს შპს “ფ-ის” სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოთხოვნის სუბიექტი, რადგან მეწარმეთა შესახებ კანონის 5.8 მუხლის შესაბამისად ასეთ პირებად ითვლებიან საზოგადოების პარტნიორები და მესამე პირები. დადგენილია, რომ შპს “ი-ო” შპს “ფ-ის” პარტნიორი არაა. შპს “ი-ო” შპს “ფ-თან” მიმართებაში არც მესამე პირია, ვინაიდან კანონი ასეთ მესამე პირებად გულისხმობს იმ პირებს, რომლებიც არ არიან სამეწარმეო საზოგადოების პატნიორები, მაგრამ წარმოადგენენ მომავალი გარიგების მხარეს; არ წარმოადგენენ გარიგების მხარეს, მაგრამ გარიგება შეიძლება დაიდოს მათ სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ; ასევე, ყველა ისეთი პირი, რომელთაც წარმოეშობათ მოთხოვნა საზოგადოების წევრობის ან მისი პარტნიორობის შესახებ.

შპს “ი-ს” მითითება იმის შესახებ, რომ შპს “ფ-ის” რეგისტრაციით შეილახა მისი კანონიერი ინტერესები და თუ მისი რეგისტრაცია არ გაუქმდება, შეუძლებლად მიაჩნია “თ-ის” (სახელმწიფოს) საკუთრებიდან, ..... ქ. ¹14-ში მდებარე მაღაზიის მის საკუთრებაში დაბრუნება საფუძველს მოკლებულია, რადგან “თ-ა” მაღაზიის მესაკუთრე გახდა კანონის საფუძველზე და შპს “ი-ო” ვერ შეძლებს მის დაბრუნებას საკუთრებაში შპს “ფ-ის” რეგისტრაციის გაუქმებით.

ასევე, უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 347-ე და 348-ე მუხლების შესაბამისად, არ მოახდინა სათანადო რეაგირება შპს “ფ-ის” უკანონო რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 347-ე მუხლი, მართალია, სასამართლოს ავალდებულებს არასწორი ან არასრულყოფილი რეგისტრაციის შესახებ მიმართოს მარეგისტრირებულ სასამართლოს, მაგრამ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს სამეწარმეო რეესტრში შპს “ფ-ის” რეგისტრაციის სისწორის და სრულყოფილებასთან დაკავშირებით ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი თვალსაზრისით არ შეუმოწმებია და არ დაუდგენია რეგისტრაციის უსწორობის ან არასრულფასოვნების ფაქტი. იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 347-ე მუხლის შესაბამისად ვერ იმოქმედებდა, სარეგისტრაციო სასამართლოს ვერ შეატყობინებდა რეგისტრაციის უსწორობას ან არასრულფასოვნებას. მითითებული საზოგადოება თუ არასწორად ან არასრულფასოვნადაა რეგისტრირებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 348-ე მუხლის შესაბამისად, რაიონულ სასამართლოს უფლება აქვს თავისი ინიციატივით მოახდინოს სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანა.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელის განმხილველი და სარეგისტრაციო სასამართლო ერთი და იგივე რაიონული სასამართლოა, საზოგადოების რეგისტრაციის სისწორის და არასრულფასოვნების შესახებ საკითხის გადაწყვეტა მასვე შეუძლია თავისი ინიციატივით სარჩელის გარეშე ნებისმიერ დროს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 348-ე მუხლის გამოყენებით.

უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან სასამართლოს შემადგენლობის შეცვლის შემდეგ სხდომა, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით, ხელახლა დაიწყო. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სხდომის ოქმთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნა კანონით დადგენილი წესით და ვადაში კასატორს არ გამოუთქვამს.

სამოქალაქო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

მოცემულ შემთხვევაში, თუნდაც დადგენილიყო კასატორის მიერ მითითებული ფაქტი, რომ სხდომის ოქმის მიხედვით სხდომის დამთავრების დროდ, ნაცვლად 17 საათი და 45 წუთისა, დაფიქსირებულია 19 საათი და 20 წუთი, ასეთი მაინც არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან ამ გარემოებას არავითარი ზეგავლენის მოხდენა არ შეეძლო სწორი გადაწყვეტილების მიღებაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს თავისი ინიციატივით არ შეუძლია შეამოწმოს საპროცესო დარღვევები გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტში მითითებული ფაქტებისა. ვინაიდან საკასაციო საჩივარი საპროცესო სამართლის სხვა ნორმების დარღვევაზე არ მიუთითებს, საკასაციო პალატა უფლებამოსილი არაა გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ი-ს” დირექტორი შ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება.

შპს “ი-ს” გადახდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 30 ლარი. აქედან _ 21 ლარი ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 ანგარიშზე, ხოლო 9 ლარი _ სახელმწიფო ბიუჯეტში.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.