Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/293-01 13 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

სარჩელის საგანი: ვალის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ც. ტ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ლ. ა-ძის და ნ. ბ-შვილის მიმართ და მოითხოვა ვალის დაბრუნება. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად ც. ტ-ძე მიუთითებდა, რომ 1993 წლის ივნისის თვეში მასსა და მოპასუხეებს შორის დაიდო ზეპირი გარიგება. მოპასუხეს ესაჭიროებოდა თანხა ტელევიზიის გასახსნელად. მოსარჩელე დაპირდა დახმარებას იმ პირობით, რომ მოპასუხე ტელევიზიაში დაასაქმებდა მას და მისი ოჯახის წევრებს. ამ საქმიანობის დასაფინანსებლად მოსარჩელემ თავისი და ახლობლების ძვირფასი ნივთები დააგირავა პროცენტიანი სესხის ასაღებად. დაგირავებული ნივთების სია აცნობა მოპასუხეებს, რომლებმაც მოსარჩელისაგან მიიღეს 8000 აშშ დოლარი და იკისრეს ვალდებულება დაგირავებული ნივთების გამოხსნაზე. 1998 წლის ივლისის თვეში მოპასუხემ დაუბრუნა 1000 აშშ დოლარი და 110 ლარი, რამდენიმე კვირის შემდეგ დაუბრუნა კიდევ 1000 აშშ დოლარი. მოსარჩელემ მოითხოვა დარჩენილი 5230 აშშ დოლარის და სასამართლოში საქმის წარმოების 150 ლარის მოპასუხეებისათვის გადასახდელად დაკისრება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ 1993 წელს ლ. ა-ძემ მოსარჩელისაგან ისესხა 2000 აშშ დოლარი, რაც მთლიანად დაუბრუნა. სხვა ფულადი ვალდებულებები მოსარჩელის მიმართ არ გააჩნიათ.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ც. ტ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სასამართლომ არ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები და გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 391-ე მუხლი, რომლის თანახმად სესხის ხელშეკრულება წერილობით უნდა იქნეს დადებული.

სასამართლომ მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის დამდგენ მტკიცებულებად არ მიიჩნია ასევე, მოსარჩელის მიერ შედგენილი დაგირავებული ძვირფასი ნივთების სია.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 11 დეკემბრის განჩინებით.

კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას იმ საფუძვლით, რომ განჩინება დაუსაბუთებელია. კასატორის მოსაზრებით დაგირავებული ძვირფასი ნივთების სია, რომელზედაც ხელს აწერს ლ. ა-ძე წარმოადგენს წერილობით მტკიცებულებას და სასამართლომ ეს დოკუმენტი სათანადოდ არ შეაფასა. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ადრე მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 391-ე მუხლი, უნდა გამოეყენებინა ახალი სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე მუხლები, რადგან ახალი სამოქალაქო კოდექსი ამსუბუქებს სასესხო ურთიერთობებს, რის გამოც მას აქვს უკუქცევითი ძალა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ ც. ტ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის მეექვსე მუხლის თანახმად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა 1997 წლის 25 ნოემბრის შემდეგ. მოსარჩელის განმარტებით, მან მოპასუხეს ასესხა 8000 აშშ დოლარი 1993 წელს. ე.ი. მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოიშვა ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე. პალატა თვლის, რომ სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ სწორად გამოიყენა იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 391-ე მუხლი, რის გამოც პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 391-ე მუხლი.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება წერილობით უნდა იქნეს დადებული. ე.ი. ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია წერილობითი ფორმის დაცვა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე ხელშეკრულების არსებობის ფაქტის დადასტურება დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, იმის შესახებ, რომ დაგირავებული ნივთების სია წარმოადგენს წერილობით მტკიცებულებას ვინაიდან მოცემული სიით დადგენილი არ არის მხარეთა შორის არსებული რაიმე გარიგება და მისი, როგორც ვალდებულების დამდგენ დოკუმენტად მიჩნევა შეუძლებელია, რადგან აღნიშნული სიით არ არის დადგენილი ნივთების სესხის სანაცვლოდ გირაოში ჩადების ფაქტი, მოპასუხის მიერ თანხის მიღება და სხვა გარემოებები, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის.

ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებულ კანონის დარღვევას არა აქვს ადგილი, რის გამოც უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ც. ტ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 11 დეკემბრის განჩინება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.