Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/294-01 6 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

სარჩელის საგანი: სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანა, პარტნიორად ცნობა, საზოგადოებაში წილის განსაზღვრა და ამ წილის ყადაღისაგან გათავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ნ-ია, ი. კ-ავა და ა. ჟ-ია მუშაობდნენ ლანჩხუთის რაიონის სოფ. ... ტერიტორიაზე ბენზინგასამართ სადგურში ოპერატორებად. ლანჩხუთის რაიონის გამგეობის 1993 წლის 31 მაისის ¹ 181 განკარგულებით რეგისტრირებული იქნა შპს “ნავთობი”. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დროს აღნიშნული პირები შეთანხმდნენ შეესყიდათ ბენზინგასამართი სადგური, რომელიც შეფასებული იყო 4 200 000 კუპონად. 1993 წლის ივნისისათვის ა. ნ-იამ, ი. კ-ავამ და ა. ჟ-იამ გადაიხადეს ამ თანხის ნახევარი.

1993 წლის 16 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს “ნავთობმა” შეისყიდა ბენზინგასამართი სადგური. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ობიექტის ღირებულების დარჩენილი ნაწილი შპს “ნავთობს” უნდა გადაეხადა 1993 წლის 25 დეკემბრამდე. შპს “ნავთობმა” შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ობიექტი გადაეცა საკუთრებაში.

ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 6 დეკემბრის დადგენილებით შპს “ნავთობმა” გაიარა ხელახალი რეგისტრაცია, რომლის დამფუძნებლებად დარეგისტრირდნენ ა. ჟ-ია, ზ. ჟ-ია, ი. კ-ავა და ნ. კ-ავა.

2000 წლის 19ივნისს ა. ნ-იამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ი. კ-ავას, ა. ჟ-იას და მესამე პირი სს “საქართველოს საფოსტო ბანკის” მიმართ, სადაც აღნიშნავდა, რომ ბენზინგასამართი სადგურის ღირებულების ნახევარი მოპასუხეებთან ერთად გადაიხადა 1993 წლის 25 დეკემბრამდე, ხოლო მეორე ნახევარი გაატანა ხელზე მოპასუხეებს. ამჟამად მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეებმა ეს თანხა თავის სახელზე ჩარიცხეს.

1995 წელს შპს “ნავთობის” ხელახალი რეგისტრაციის დროს, მოპასუხეებმა იგი არ შეიყვანეს პარტნიორთა სიაში, ხელახალი რეგისტრაციისას პარტნიორებად შეიყვანეს თავიანთი შვილები, რაც მისთვის ცნობილი გახდა 1999 წელს. მოსარჩელე მიუთითებდა ასევე, რომ 1998 წელს მოპასუხეებმა შპს “ნავთობის” ქონება “საქართველოს საფოსტო ბანკიდან” აღებული სესხის უზრუნველყოფის მიზნით დააგირავეს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანა, მისი პარტნიორად აღდგენა შესაბამისი წილით და მისი წილი ქონების გათავისუფლება ყადაღისაგან.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ თავიდან ა. ნ-ია იყო მათი პარტნიორი. ბენზინგასამართი სადგურის პრივატიზაციის დროს, ა. ნ-იამ სადგურის ღირებულების ნახევარი მათთან ერთად გადაიხადა, ხოლო მეორე ნახევრის გადახდაზე უარი განაცხადა. მათ ჩათვალეს, რომ ა. ნ-ია მათგან წავიდა, რის გამოც დაუბრუნეს პრივატიზაციის დროს გადახდილი თანხა. ა. ნ-იას დღემდე არ მოუთხოვია მოგების წილი და არც ხარჯების გადახდაში მონაწილეობდა.

ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ნ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ შპს “ნავთობი” კანონის დარღვევით გატარდა ხელახლა რეგისტრაციაში, დადგენილ იქნა, რომ ბენზინგასამართი სადგურის ღირებულება შეადგენს 50 000 ლარს და ა. ნ-იას წილი ამ ქონებაში შეადგენდა 16,6% ე.ი. 8 300 ლარს. მოპასუხეებს დაევალათ სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანა, სადაც ერთ-ერთ პარტნიორად შეყვანილი უნდა ყოფილიყო ა. ნ-ია, წინააღმდეგ შემთხვევაში 1995 წლის 6 დეკემბრის შპს “ნავთობის” რეგისტრაცია უნდა გაუქმებულიყო. რაიონული სასამართლოს მიერ ა. ნ-იას წილხვედრი ქონება, 16,6%-ის ფარგლებში, გათავისუფლდა ყადაღისაგან. წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის გამო, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმ ნაწილში, რომ მან ბენზინგასამართი სადგურის ღირებულების მეორე ნახევრის ნაწილი მოპასუხეებს გაატანა ხელზე. არ გაიზიარა ასევე მოპასუხეების განმარტება იმის თაობაზე, რომ მათ დაუბრუნეს ა. ნ-იას ობიექტის შესყიდვისას მის მიერ გადახდილი თანხის ნაწილი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ა. ნ-იას უარი ეთქვა სარჩელზე.

სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები: მხარეები მუშაობდნენ ლანჩხუთის რაიონის სოფ. ... ტერიტორიაზე არსებულ ბენზინგასამართ სადგურში ოპერატორებად. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დროს მხარეები შეთანხმდნენ შეესყიდათ აღნიშნული სადგური, რომლის ღირებულების ნახევარი გადაიხადეს მხარეებმა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე თანხის გადაცემის ნამდვილობის დადგენა დაუშვებელია და წერილობითი მტკიცებულების არ არსებობის გამო დადასტურებულად ცნო, რომ შესასყიდი ობიექტის მეორე ნახევარი ა. ნ-იას არ გადაუხდია. სასამართლომ გამოიყენა “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის 23-ე მუხლი და მიუთითა, რომ რადგან ა. ნ-იას ობიექტის ღირებულების მეორე ნახევარი არ გადაუხდია, იგი ვერ გახდებოდა მესაკუთრე იმ ობიექტისა, რომელიც შპს “ნავთობს” გადაეცა. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 75-ე მუხლი და მიუთითა, რომ ა. ნ-იას დავა პრვატიზაციის კანონიერებაზე ხანდაზმულია.

სასამართლომ შპს “ნავთობის” პარტნიორთა ვინაობის დასადგენად ერთადერთ სარწმუნო დოკუმენტად მიიჩნია სასამართლოს 1995 წლის 6 დეკემბრის დადგენილება შპს “ნავთობის” ხელახალი რეგისტრაციის შესახებ და დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ნ-ია არასოდეს არ ყოფილა შპს “ნავთობის” პარტნიორი.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და სასამართლომ არასწორად განმარტა “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” კანონის 23-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ ა. ნ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” კანონის 23-ე მუხლი, რომლის თანახმად, პრივატიზების შესახებ გარიგება ბათილია, თუ მყიდველმა უარი განაცხადა ნაყიდი საწარმოს ღირებულების განაღდებაზე. დადგენილია, რომ სადავო ბენზინგასამართი სადგური შეისყიდა არა ა. ნ-იამ ან რომელიმე სხვა პარტნიორმა, არამედ შპს “ნავთობმა”, რომელმაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ობიექტის გამოსყიდვის შესახებ შეასრულა და სადავო ობიექტი გადაეცა საკუთრებაში. ამდენად, დადგენილია, რომ სადავო ობიექტის პრივატიზების გარიგება ბათილი არ არის და მისი ღირებულება შეტანილია შპს “ნავთობის” წევრების _ ი. კ-ავას და ა. ნ-იას მიერ.

სასამართლომ პარტნიორთა ვინაობის დასადგენად ერთადერთ დოკუმენტად მიიჩნია ლანჩხუთის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 6 დეკემბრის დადგენილება შპს “ნავთობის” ხელახალი რეგისტრაციის შესახებ, მაშინ, როდესაც სწორედ აღნიშნული დადგენილების კანონიერებაზე დავობს ა. ნ-ია.

დადგენილია, რომ 1995 წლის 6 დეკემბრის დადგენილებით შპს “ნავთობმა” გაიარა ხელახალი რეგისტრაცია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელახალი რეგისტრაცია არ იწვევს ადრე არსებული იურიდიული პირის ლიკვიდიაციას, მის გაუქმებას. ხელახალი რეგისტრაცია არც ახალი იურიდიული პირის წარმოშობის საფუძველია. ხელახალი რეგისტრაციის შედეგად რეგისტრირებული იურიდიული პირი ადრე რეგისტრირებული იურიდიული პირის უფლებამონაცვლეა.

მოცემულ საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ ლანჩხუთის რაიონის სასამართლოს მიერ 1995 წელს რეგისტრირებული შპს “ნავთობი” არის 1993 წელს ლანჩხუთის რაიონის გამგეობის მიერ რეგისტრირებული შპს “ნავთობის” უფლებამონაცვლე. მოპასუხეების განმარტებით, როდესაც 1993 წელს დაფუძნდა შპს “ნავთობი”, ისინი ამ საწარმოში მოსარჩელე ა. ნ-იასთან ერთად იყვნენ თანაბარ უფლებებში. პალატა თვლის, რომ სასამართლომ არ მისცა შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ვინ იყვნენ 1993 წელს ლანჩხუთის რაიონის გამგეობის მიერ რეგისტრირებული შპს “ნავთობის” პარტნიორები, გასარკვევია ასევე დაირღვა თუ არა შპს “ნავთობის” ხელახალი რეგისტრაციის პირობები. სასამართლომ უნდა დაადგინოს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ნ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება ამ საქმეზე გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.