Facebook Twitter

¹ 3კ/297-01 18 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე, მ. ახალაძე

სარჩელის საგანი – პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ჩ-ძემ, ნ. პ-ოვამ და დ. ბ-ძემ სარჩელები აღძრეს ჭიათურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ჭიათურის რაიონის გამგეობის მიმართ.

ლ. ჩ-ძემ სარჩელში აღნიშნა, რომ მუშაობდა ქ. ჭიათურის მერიის ...ად. ჭიათურის რაიონის გამგებლის 1999 წლის 30 ნოემბრის ¹ 136 ბრძანებით, ჭიათურის რაიონის მერიის რეორგანიზაციასთან (გამგეობად გარდაქმნასთან) დაკავშირებით, გამგეობის ...ის მოვალეობის შემსრულებელი ლ. ჩ-ძე ყოველგვარი გაფრთხილებისა და მისი თანხმობის გარეშე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და იმავე ბრძანებით დაინიშნა ჭიათურის რაიონის გამგეობის საორგანიზაციო განყოფილებაში …...ად.

ლ. ჩ-ძემ აღნიშნული ბრძანება მიიჩნია უკანონოდ. მან სარჩელში მოითხოვა მისი გაუქმება და პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენა.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 მარტის განჩინებით ლ. ჩ-ძის სარჩელი დარჩა განუხილველად, მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე უარის გამო.

მოსარჩელე დ. ბ-ძემ სარჩელში მიუთითა, რომ იგი ასრულებდა ჭიათურის მერიის მთავარი სპეციალისტის მოვალეობას საოქმო საკითხებში. ჭიათურის რაიონის გამგებლის 1999 წლის 29 ნოემბრის ¹ 99 ბრძანებით, დ. ბ-ძე, ყოველგვარი გაფრთხილებისა და მისი თანხმობის გარეშე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ქ. ჭიათურის მერიის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით და იმავე ბრძანებით დაინიშნა ჭიათურის რაიონის გამგეობის საორგანიზაციო განყოფილებაში ...ტად.

დ. ბ-ძემ აღნიშნული ბრძანება მიიჩნია უკანონოდ. მან სარჩელში მოითხოვა მისი გაუქმება და პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენა.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 მარტის განჩინებით დ. ბ-ძის სარჩელი დარჩა განუხილველად, მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობაზე უარის გამო.

მოსარჩელე ნ. პ-ოვამ სარჩელში აღნიშნა, რომ ჭიათურის რაიონის გამგებლის 1999 წლის 30 ნოემბრის ¹ 134 ბრძანებით, ქ. ჭიათურის მერიის რეორგანიზაციასთან, გამგეობად გარდაქმნასთან დაკავშირებით, ქ. ჭიათურის მერიის მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. პ-ოვა, ყოველგვარი გაფრთხილებისა და მისი თანხმობის გარეშე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და იმავე ბრძანებით დაინიშნა ჭიათურის რაიონის გამგეობის სამდივნოში ...ად.

ნ. პ-ოვამ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩათვალა უკანონოდ. მან სარჩელში მოითხოვა მისი გაუქმება და პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენა.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 მარტის განჩინებით ნ. პ-ოვას სარჩელი დარჩა განუხილველად, მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმის გამო.

2000 წლის 5 მაისს ნ. პ-ოვამ, ლ. ჩ-ძემ და დ. ბ-ძემ ხელახლა აღძრეს სარჩელი ჭიათურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ჭიათურის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვეს პირვანდელ თანამდებობებზე აღდგენა.

აღნიშნული საქმე აცილების წესით განსახილველად გაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: ნ. პ-ოვას, ლ. ჩ-ძისა და დ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ისინი აღდგენილ იქნენ პირვანდელ თანამდებობებზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 1 დეკემბერს განიხილა ჭიათურის რაიონის გამგებლის სააპელაციო საჩივარი და 2000 წლის 1 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა იგი. შესაბამისად, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება.

ჭიათურის რაიონის გამგებელმა დ. ი-შვილმა საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ კასატორების: ლ. ჩ-ძის, დ. ბ-ძისა და ნ. პ-ოვას სხვა თანამდებობებზე გადაყვანა განხორციელდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 26-ე მუხლის სრული დაცვით, კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა მოსარჩელეთა ზეპირი თანხმობა მათი სხვა თანამდებობებზე გადაყვანის შესახებ.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი და არასწორად განმარტა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლი, რის გამოც დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” პუნქტები.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ჭიათურის რაიონის გამგებელმა ჭიათურის რაიონის მერიის რეორგანიზაციასთან (გამგეობად გარდაქმნასთან) დაკავშირებით 1999 წლის 29 და 30 ნოემბერს გამოსცა ბრძანებები, რომლებითაც დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა მოსარჩელეები: ლ. ჩ-ძე, დ. ბ-ძე და ნ. პ-ოვა. იმავე ბრძანებებით მოსარჩელეები დაინიშნენ სხვა თანამდებობებზე.

მოსარჩელებმა 1999 წლის 29 დეკემბერს ცალ-ცალკე სარჩელები აღძრეს ჭიათურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ჭიათურის რაიონის გამგეობის მიმართ და ითხოვეს პირვანდელ თანამდებობებზე აღდგენა.

ჭიათურის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 30 მარტს ცალ-ცალკე განიხილა აღნიშნული სარჩელები და განუხილველად დატოვა ისინი.

მოსარჩელეებმა 2000 წლის 5 მაისს გაერთიანებული სარჩელით ხელმეორედ მიმართეს ჭიათურის რაიონულ სასამართლოს იგივე მოპასუხის მიმართ და მოითხოვეს პირვანდელ თანამდებობებზე აღდგენა.

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მოსარჩელეებმა პირველად სარჩელები შეიტანეს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით დადგენილ ერთთვიან ვადაში, მაგრამ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ მოსარჩელეებმა სარჩელი ხელმეორედ შეიტანეს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვით, რადგან სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება, რადგანაც დაარღვია სამართლის ნორმა, კერძოდ, არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო ზემოთ აღნიშნული ნორმა არეგულირებს სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 276-ე და 416-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელეებს უფლება ჰქონდათ ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 მარტის განჩინებები სარჩელების განუხილველად დატოვების შესახებ, გაესაჩივრებინათ კერძო საჩივრებით განჩინებების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. აღნიშნული უფლებით მოსარჩელეებს არ უსარგებლიათ და შეიტანეს ახალი სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 277-ე მუხლის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ წყდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ კასატორებმა გაუშვეს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული, სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის ერთთვიანი ვადა და მათი სარჩელის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა საჭირო აღარ არის. ამიტომ მოცემულ საქმეზე შესაძლებელია ახალი გადაწყვეტილების გამოტანა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

ჭიათურის რაიონის გამგებლის _ დ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 1 დეკემბრის განჩინება და გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ნ. პ-ოვას, ლ. ჩ-ძისა და დ. ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

კასატორ ჭიათურის რაიონის გამგეობას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.