¹ 3კ/299-01 4 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, ბ. კობერიძე
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, უღირს მემკვიდრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ქ-შვილის შვილ ი. ქ-შვილსა და რძალ მ. პ-ძეს 1981 წლის ,,გაყრილობის განაჩენით” მიეკუთვნათ აწ გარდაცვლილ ვ. ქ-შვილის (ა. ქ-შვილის ყოფილი მეუღლე) სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლიდან 2 ოთახი პირველ და მეორე სართულზე. 1987 წელს მშობლებმა მოპასუხეებს აუშენეს სახლი, რის შემდეგაც ი. ქ-შვილი და მ. პ-ძე ამოეწერნენ მამისეული სახლიდან და 1987-1998 წლებში ცხოვრობდნენ მათ სახელზე აშენებულ სახლში. ვ. ქ-შვილის გარდაცვალების შემდეგ ი. ქ-შვილი და მ. პ-ძე შეიჭრნენ მამისეულ სახლში, ხოლო მოსარჩელე ა. ქ-შვილს მიუჩინეს ერთი ოთახი.
ა. ქ-შვილმა სარჩელი შეიტანა გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ი. ქ-შვილისა და მ. პ-ძის მიმართ და მოითხოვა მათ მიერ უკანონოდ დაკავებული სახლის დაბრუნება. მოგვიანებით ა. ქ-შვილმა სასამართლოში შეიტანა დამატებითი სასარჩელო განცხადება და მოითხოვა შვილის – ი. ქ-შვილის უღირს მემკვიდრედ ცნობა და უკანონოდ მითვისებული ქონების დაბრუნება.
საქმე არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ა. ქ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: დადგენილია, რომ 1981 წლის 14 ოქტომბერს ,,გაყრილობის განაჩენით”, რომელიც დამტკიცებულია გორის რაიონის ... სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მიერ, აწ გარდაცვლილ ვ. ქ-შვილის კომლი ორ კომლად გაიყო. ვ. ქ-შვილსა და მის მეუღლე ა. ქ-შვილს წილად ხვდათ სახლის მეორე სართულზე ერთი ოთახი და მიწის ნაკვეთი, მოპასუხის კომლს _ I და II სართულზე თითო ოთახი და მიწის ნაკვეთი. ... საკრებულოს 1999 წლის 25 ნოემბრის ¹... ცნობით დასტურდება, რომ მოპასუხე ი. ქ-შვილი საკომლო წიგნებში ირიცხება, როგორც ცალკე კომლი. გარდა ამისა, აწ გარდაცვლილ ვ. ქ-შვილმა 1990 წლის 11 მაისს შედგენილი ანდერძით თავისი ქონება, მათ შორის სადავო საცხოვრებელი სახლი, უანდერძა თავის შვილიშვილ ლ. ქ-შვილს (მოპასუხეთა შვილი). მამის მემკვიდრედ ითვლება, ასევე, ი. ქ-შვილი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ა. ქ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: თანახმად 1981 წლის 14 ოქტომბრის ,,გაყრილობის განაჩენისა”, გორის რაიონის სოფ. ... მცხოვრები, აწ გარდაცვლილი ვ. ქ-შვილის ოჯახი გაიყო ორ ოჯახად; “გაყრილობის განაჩენი” რეგისტრირებულია მმართველობის ადგილობრივ ორგანოში და ამდენად, ი. ქ-შვილს შეძენილი აქვს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, რაზეც ამყარებს ა. ქ-შვილი თავის მოთხოვნას, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება აქვს მესაკუთრეს. ა. ქ-შვილს მოცემულ შემთხვევაში უფლება აქვს გამოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან აღნიშნული სახლის ერთი ოთახი, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი სახლის წინ, ხილის ბაღი, ანუ ის ქონება, რომელიც გაყრილობის განაჩენით მას მიეკუთვნა მეუღლესთან ერთად. საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით კი დადგენილია, რომ ი. ქ-შვილსა და მ. პ-ძეს არა აქვთ დაკავებული ა. ქ-შვილის საცხოვრებელი ოთახი და ტერიტორია.
რაც შეეხება ა. ქ-შვილის მოთხოვნას, ი. ქ-შვილის უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლის თანახმად, “არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად, ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული, ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ”. მოცემულ შემთხვევაში კი ზემოაღნიშნული გარემოებები არ დამდგარა, სამკვიდრო არ გახსნილა და შესაბამისად, ა. ქ-შვილის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 8 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ქ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ მას და მოპასუხე ი. ქ-შვილის ოჯახს შორის არის კონფლიქტური სიტუაცია, რის გამოც ჯერ კიდევ 1985 წელში აუშენეს მან და მისმა მეუღლემ ცალკე საცხოვრებელი სახლი მოპასუხეებს. მეუღლის გარდაცვალების შემდგომ ისინი შეიჭრნენ მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასაც ადასტურებს ექსპერტიზის ცნობა და მოწმეთა ჩვენებები. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ ცნო ი. ქ-შვილი უღირს მემკვიდრედ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ ა. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ა. ქ-შვილი და ი. ქ-შვილი დედა-შვილი არიან, ხოლო მ. პ-ძე კი ი. ქ-შვილის მეუღლეა. საქმეზე წარმოდგენილია გორის რაიონის ... საკრებულოს გამგებლის ცნობა იმის შესახებ, რომ სოფ. ... მდებარე ბინაში, რომელზეც მიმდინარეობს დავა, ჩაწერილია მხოლოდ ა. ქ-შვილი; მის სახელზე ირიცხება 0,46 ჰა. მიწის ნაკვეთი, ხოლო ი. ქ-შვილს იმავე სოფელში საინვენტარიზაციო მასალებით აწერია 0,57 ჰა მიწის ნაკვეთი. მართალია, 1981 წლის 14 ოქტომბრის ,,გაყრილობის განაჩენით” ვ. ქ-შვილის (ა. ქ-შვილის მეუღლე) ოჯახი ორად გაიყო: ცალკე ოჯახად გამოეყვნენ აწ გარდაცვლილი ვ. და ა. ქ-შვილები; მათ წილად ხვდათ სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლის I და II სართულზე ერთი ოთახი, 0,12 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი სახლის წინ, და 0.08 ჰა ხილის ბაღი “სასაფლაოსთან”; მეორე ოჯახად გამოეყვნენ ი. ქ-შვილი და მ. პ-ძე, რომლებსაც წილად ხვდათ სადავო სახლში ოთახები და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი “სასაფლაოსთან” 0,20 ჰა ხილის ბაღი; მაგრამ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ აღნიშნული ,,გაყრილობის განაჩენი” რეგისტრირებულია ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოში და, ამდენად, ი. ქ-შვილს შეძენილი აქვს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება; რადგან საქმეში წარმოდგენილი გაყრილობის განაჩენი დამოწმებულია ... სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მიერ. საქმეში არ მოიპოვება რაიმე ცნობა იმის დამადასტურებლად, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის ნაწილის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ი. ქ-შვილი. საქმეში წარმოდგენილი ცნობებით კი ირკვევა, რომ სადავო საცხოვრებელ სახლში მხოლოდ ა. ქ-შვილია ჩაწერილი. მოპასუხის საკუთრებაში ირიცხება სოფ. ... მდებარე სხვა საცხოვრებელი სახლი. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის I ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული მუხლის მოთხოვნა და ისე ცნო მოპასუხე ი. ქ-შვილი სადავო საცხოვრებელი სახლის ნაწილის მესაკუთრედ.
ა. ქ-შვილმა შვილის – ი. ქ-შვილის უღირს მემკვიდრედ ცნობა მოითხოვა სამოქალაქო კოდექსის 1310-ე, 1312-ე მუხლების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლში მითითებული საფუძვლები არ დამდგარა, მოცემულ შემთხვევაში სამკვიდრო არ გახსნილა და, შესაბამისად, ა. ქ-შვილის მოთხოვნაც უსაფუძვლოდ მიიჩნია. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლი, რომლის თანახმად, არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოება დადასტურებულ იქნა სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე). ამ მუხლში უღირს მემკვიდრედ ცნობის პირობად არ არის მითითებული ის, რომ მხოლოდ სამკვიდროს გახსნის შემდეგ შეიძლება პირი ცნობილ იქნეს უღირს მემკვიდრედ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ მამკვიდრებელს სიცოცხლეში არა აქვს უფლება, მოითხოვოს პირის უღირს მემკვიდრედ ცნობა. სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია ის გარემოებები, რომლებიც ი. ქ-შვილისათვის დედის – ა. ქ-შვილის ქონებაზე მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის იურიდიულად დასაბუთებული, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს და გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 8 ნოემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.