გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-300-01 11 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი – საცხოვრებელი ბინის იზოლირებულად გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
მცხეთის რაიონის სოფ. ... მცხოვრები თ. რ-შვილი, მისი განმარტებით, 1996 წლის 10 დეკემბერს დაქორწინდა ამავე სოფელში მცხოვრებ ა. ნ-შვილზე. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არ გატარებულან.
ოჯახური კონფლიქტის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა ა. ნ-შვილის მამის – შ. ნ-შვილის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი მცხეთის რაიონის სოფ. ..., სადაც დაახლოებით 2 თვე ცხოვრობდა და სარჩელით მიმართა სასამართლოს, აღნიშნულ სახლში შესახლების მოთხოვნით.
მცხეთის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით თ. რ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 17 თებერვლის განჩინებით. მცხეთის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდა 1998 წლის 25 სექტემბერს. თ. რ-შვილი შესახლებულ იქნა შ. ნ-შვილის საცხოვრებელ სახლში, მაგრამ მისივე განმარტებით, აღნიშნულ სახლში მოწინააღმდეგე მხარის წინააღმდეგობის გამო ვერ ცხოვრობს.
თ. რ-შვილმა 2000 წლის 16 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მცხეთის რაიონის სოფ. ... მდებარე ბინიდან ფართის იზოლირებულად გამოყოფა იმ საფუძვლით, რომ შ. ნ-შვილის ოჯახის წევრები არ აძლევენ საერთო ფართში ცხოვრების საშუალებას.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით თ. რ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მოსარჩელისათვის ფართის იზოლირებულად გამოყოფით დაირღვეოდა შ. ნ-შვილის კანონიერი უფლებები.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ნ-შვილმა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა თ. რ-შვილის სარჩელი. ამ უკანასკნელს იზოლირებულად გამოეყო საცხოვრებელი ფართი შ. ნ-შვილის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში, მცხეთის რაიონის სოფ. .... ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ხარჯების გადახდა დაეკისრა თ. რ-შვილს.
სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 161-ე, 162-ე მუხლებზე და განმარტა, რომ, ვინაიდან მართლზომიერი მფლობელი დაცულია იმათი ხელყოფისაგან, ვისგანაც მიღებული აქვს ნივთის მფლობელობა, მათ შორის მესაკუთრისაგანაც, შ. ნ-შვილს არა აქვს უფლება თ. რ-შვილს ხელი შეუშალოს ან აუკრძალოს ბინით სარგებლობა. სააპელაციო სასამართლომ მართლზომიერი მფლობელის კანონით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაციის მიზნით მიზანშეწონილად მიაჩნია სახოვრებელი სადგომით სარგებლობის წესის განსაზღვრა.
კასატორი შ. ნ-შვილი და მისი წარმომადგენელი ა. კ-ე საკასაციო საჩივრით მოითხოვენ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა დავის გადასაწყვეტად სამოქალაქო კოდექსის 161-ე, 162-ე მუხლები, გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული და ბუნდოვანია.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. რ-შვილი მცხეთის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით სარგებლობის უფლებით შესახლებულია მცხეთის რაიონის სოფ. ... შ. ნ-შვილის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ საცხოვრებელ სახლში. თ. რ-შვილი, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოში აღნიშნავდა, რომ შ. ნ-შვილი და მისი ოჯახის წევრები ავიწროებენ, არ აძლევენ საცხოვრებელ სახლში ყოფნისა და სარგებლობის უფლებას. აღნიშნულით მან დაადასტურა, რომ შ. ნ-შვილისა და მისი ოჯახის წევრების მხრიდან ხელი ეშლება მართლზომიერი მფლობელობის განხორციელებაში, რისი უფლებაც სასამართლო გადაწყვეტილებით აქვს მინიჭებული, მაგრამ მოითხოვა არა უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, არამედ ფართის იზოლირებულად გამოყოფა.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნა საცხოვრებელი ფართის იზოლირებულად გამოყოფის აუცილებლობაზე დამყარებულია არა სამართლებრივ საფუძველზე, არამედ მიზანშეწონილობის პრინციპზე.
მოქმედი სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვის იურიდიულ შესაძლებლობას, მფლობელის უფლებების რეალიზაციის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მესაკუთრე უკანონოდ შეუშლის ხელს მართლზომიერ მფლობელს მფლობელობის განხორციელებაში, რისი საფუძველიც არ არსებობს.
კასატორი შ. ნ-შვილი სადავო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეა. თ. რ-შვილის მსგავსად ისიც მართლზომიერი მფლობელია და მას მფლობელობის უკეთესი უფლება გააჩნია, ვიდრე მოსარჩელე თ. რ-შვილს. სააპელაციო სასამართლომ მფლობელისათვის რეკონსტრუქციის გზით იზოლირებულად, საცხოვრებელი და დამხმარე ფართის გამოყოფით, მესაკუთრეს და მისი ოჯახის წევრებს, რომელნიც ასევე, მართლზომიერი მფლობელები არიან, მოუსპო საშუალება ისარგელონ თ. რ-შვილისათვის გადაწყვეტილებით გამოყოფილი ფართით, რითაც შექმნა, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული, საკუთრების ხელყოფისა ან სხვაგვარი ხელშეშლის პირობა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად ვერ გადაწყვეტდა საკითხს თ. რ-შვილის მიერ მფლობელობის განხორციელებისას უკანონო ხელშეშლის აღსაკვეთად, ვინაიდან ამ უკანასკნელს ასეთი მოთხოვნა არ ჰქონია, მაგრამ სასამართლომ ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა ფართის იზოლირებულად გამოყოფის თაობაზე, რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია.
პალატა თვლის, რომ საქმის გარემოებები თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, რის გამოც მიზანშეწონილად მიაჩნია, ახალი გადაწყვეტილების გამოტანა.
საქმის მასალებით უდაოდ დადგენილია, რომ სადაო საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით ეკუთვნის კასატორ შ. ნ-შვილს. მესაკუთრე და მისი ოჯახის წევრები ფაქტიურად ფლობენ სადავო სახლს. სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამორთმევია ნივთი მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა, მაგრამ მფლობელს უფლება არა აქვს მოითხოვოს მესაკუთრისგან ქონების, საცხოვრებელი ფართის იზოლირებულად გამოყოფა, მითუმეტეს, მოითხოვოს მესაკუთრემ გადააკეთოს საცხოვრებელი სახლი. ამდაგვარი შეზღუდვა არღვევს შ. ნ-შვილის საკუთრების უფლებას. აქედან გამომდინარე, თ. რ-შვილს სარჩელში უარი უნდა ეთქვას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
შ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
თ. რ-შვილს სარჩელს საცხოვრებელი ფართის იზოლირებულად გამოყოფის მოთხოვნის შესახებ ეთქვას უარი უსაფუძვლობის გამო.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.