საქმე №330100122006565240
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №521აპ-25 11 ნოემბერი, 2025 წელი
კ. გ., №521აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. კ–ს (დაბადებულს ...., პირადი №.........) ბრალად ედებოდა:
ა) შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ბ) სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2. გ. კ–ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. 2022 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ......ის მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს გამომძიებლის მიერ გ. კ–ის მიმართ გამოიცა №.. შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან 30 დღის განმავლობაში მეგობარ ქალთან – ნ. თ–ესთან, მის სამსახურთან, საცხოვრებელ სახლსა და სხვა ადგილსამყოფელთან მიახლოება, ამასთან, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონით, სოციალური ქსელითა და სხვა ტექნიკური საშუალებით. ამის თაობაზე გ. კ–ისთვის ცნობილი გახდა იმავე დღეს, თუმცა მან დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, 2022 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით, 10:30 საათზე, საკომუნიკაციო აპლიკაცია „ვ–ს“ საშუალებით, დაუკავშირდა სამსახურში – თ–ი, ...ას N..-ში მდებარე კაფე „დ–ში“ მყოფ ნ. თ–ეს და მისწერა მას მოკლეტექსტური შეტყობინება.
1.2.2. 2022 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით, 22:00 საათზე, თ–ში, .......ის ქუჩის №..-ში, გ. კ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. თ–ეს, კერძოდ, უთხრა, რომ არ აცოცხლებდა. აღნიშნული მუქარა ნ. თ–ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენით:
2.1.1. გ. კ–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2.1.2. გ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით;
2.1.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
2.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლებს აღკვეთა 3 დღით და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. კ–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 დღით და ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით;
2.1.5. გ. კ–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2022 წლის 24 ოქტომბრიდან 2022 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით), დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 3 დღით, ჩაეთვალა მოხდილად და, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მარიანა ონიანმა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. კ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი მუხლებით და მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
2.3. პროკურორის საკასაციო საჩივრის საპასუხოდ, გ. კ–ის ადვოკატმა – კ. მ–ემ – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის განაჩენით, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი – მარიანა ონიანი – საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. კ–ის მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ – საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გამართლების და ამავე კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მხოლოდ სასჯელის ნაწილში. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად, ხოლო საკასაციო სასამართლო საჩივრის განხილვისას არ გაცდება მის ფარგლებს.
4.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთი მხრივ, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გ. კ–ის უდანაშაულოდ ცნობისა და, მეორე მხრივ, საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.4. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა 2022 წლის 1 ოქტომბერს, ნ. თ–ის მიმართ მუქარის ფაქტს. კერძოდ, მუქარის ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი. საქმეში არ მოიპოვება მუქარის ფაქტის დამადასტურებელი სხვა, ალტერნატიული წყაროებიდან მიღებული მტკიცებულება.
4.5. 2022 წლის 2 ოქტომბერს დაზარალებულმა ნ. თ–მ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა და განაცხადა, რომ გ. კ–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც ასახულია როგორც მის წერილობით განცხადებაში, ასევე – შემაკავებელ ორდერსა და თანდართულ ოქმში. საგულისხმოა, რომ ოქმის შედგენისას დაზარალებულს დაუსვეს კონკრეტული შეკითხვები – დამუქრებია თუ არა გ. კ–ი სიცოცხლის მოსპობით ან ჯანმრთელობის დაზიანებით და გაუჩნდა თუ არა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში – რომლებსაც მან უარყოფითად უპასუხა. ამასთან, არც წერილობით განცხადებაში იკვეთება მუქარის ფაქტი. დაზარალებულის განმარტებით, მუქარას არ შესწრებიან მოწმეები – თ. ა–ე და ვ. ც–ე, რაც მათ მიერ მიცემული ჩვენებებითაც დასტურდება. პარალელურად, გ. კ–ი უარყოფს დაზარალებულისადმი დამუქრებას.
4.6. რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას მოწმე ნ. ვ–ს ჩვენებაზე, სასამართლო არ იზიარებს, რადგან აღნიშნული მოწმე არ არის ფაქტის თვითმხილველი, იგი გ. კ–ის მხრიდან მუქარის შესახებ ინფორმაციას ფლობს მხოლოდ დაზარალებულისგან. ჩვენების მიცემისას მოწმემ ვერ გაიხსენა, მოუყვა თუ არა მას დაზარალებული მუქარის შესახებ და მხოლოდ გამოკითხვის ოქმის ნაწილობრივი გამოქვეყნების შემდეგ, არაერთი განმეორებითი შეკითხვის ფონზე, დაადასტურა დაზარალებულის ნაამბობი. რაც შეეხება მოწმის მიერ აღწერილ, დაზარალებულის ემოციურ მდგომარეობას – აღელვებასა და შიშს – სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს არ წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს ემოციური ფონი გამოწვეული იყო გ. კ–თან ჩხუბით და არა – მუქარით. შესაბამისად, ნ. ვ–ს ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 2022 წლის 1 ოქტომბერს ნ. თ–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, ბრალდების მხარეს არ წარუდგენია.
4.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოს შეუძლია დაეთანხმოს ქვედა ინსტანციის დასაბუთებას მისი განმეორების გარეშე, რაც არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2). „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო მოთხოვნაა. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. „აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – “In dubio pro reo”-ს, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2). შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი აღნიშნულ ბრალდებაში გ. კ–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია.
4.9. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს დანიშნული სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით, რადგან სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულია, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების ხარისხი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, ქმედების განხორციელების ხერხი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, რეციდივის ფაქტი, დანაშაულის ჩადენა გამოსაცდელ ვადაში, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და დაზარალებულის პოზიცია. აღნიშნული გარემოებების ერთობლიობის საფუძველზე, გ. კ–ს განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი – ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, საბოლოო სასჯელი კი დაენიშნა განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად.
4.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.11. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნას დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე