გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ ბს-323-307(კ-06) 15 ნოემბერი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების მოწმობის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 23 სექტემბერს ი. ბ...-მა, ნ. გ...-მა, ლ. თ...-მ და დ. ჯ...-მა სარჩელით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და ჯ. ლ.-ის მიმართ და მოითხოვეს 2001წ. 19 ნოემბრის კონკურსის შედეგების, 2002წ. 25 სექტემბრის ნასყიდობისა და ჯ. ლ.-ეზე ამავე თარიღით გაცემული საკუთრების ¹21/330 «კ» მოწმობის ბათილად ცნობა.
მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 29 მაისის ¹178 ბრძანებულებით დამტკიცებული «პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის საზკვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ» დებულების თანახმად, 1995წ. 22 მაისის სადამფუძნებლო ხელშეკრულებით, ზესტაფონის ქალაქვაჭრობის ¹... მაღაზიის (მდებარე ქ. ზესტაფონში, ... ¹27-ში) პრივატიზების მიზნით, ამავე მაღაზიის თანამშრომლები (მოსარჩელეები) «სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ» კანონის მე-18 მუხლის გათვალისწინებით შეთანხმდნენ, თანაბარი წილის საფუძველზე, დაედოთ ხელშეკრულება და შეექმნათ ამხანაგობა. ასევე, 1995წ. 26 ივნისს ნოტარიულად შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულიყო ნ. გ.-ის სახელზე, 1995წ. 22 მაისის ამხანაგობის საერთო კრების ოქმის საფუძველზე, რომელსაც ესწრებოდა ექსპერტის სახით ქონების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე 1995წ. 29 მაისს შედგა ზესტაფონის საპრივატიზებო კომისიის სხდომა ¹... მაღაზიის ამავე ობიექტის მუშაკთა ამხანაგობისათვის მიყიდვის შესახებ. საპრივატიზაციო კომისიამ დაადგინა ¹... მაღაზიის ამავე ობიექტის მუშაკთა ამხანაგობაზე მიყიდვა და ფასი განისაზღვრა 75 აშშ დოლარით, რაც სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის რაიონულმა განყოფილებამ 1995წ. 29 მაისს დაამტკიცა ¹21 ბრძანებით.
მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის რაიონულმა განყოფილებამ 1995წ. 25 მაისს დაამტკიცა ¹... მაღაზიის საბოლოო გასაყიდი ფასი _ 117 აშშ დოლარი. ¹25-78/80 მინდობილობის საფუძველზე, გამყიდველმა პირდაპირი მიყიდვის წესით ¹... მაღაზია საკუთრებაში გადასცა შრომითი კოლექტივის (ამხანაგობის) წარმომადგენელს - ნ. გ.-ს. გამყიდველი ვალდებული იყო, მყიდველის მიერ ობიექტის ღირებულების სრულად დაფარვისათვის გაეფორმებინა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და გაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
მოსარჩელეები ასევე აღნიშნავდნენ, რომ 1997წ. 13 მარტს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც მათ არ უნახავთ, რადგან იგი ჰქონდა უფლებამოსილ პირს - ნ. გ.-ს, მაგრამ იცოდნენ, რომ შეიძინეს ¹... მაღაზია და გახდნენ ობიექტის თანამესაკუთრეები თანაბარ წილად. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ 2002წ. 25 სექტემბერს ჯ. ლ.-ეზე გაცემულ იქნა საკუთრების მოწმობა, რაც მათთვის ცნობილი გახდა 2005 წ. ივლისში. ნასყიდობის ხელშეკრულებები დადებულია უკვე პრივატიზებულ ობიექტზე, მოსარჩელეები უკანონოდ მიიჩნევენ ყველა იმ აქტს, რომელთა საფუძველზე ჯ. ლ.-ეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹21/330 «კ” მისცეს ქ. ზესტაფონში, ... ¹27-ში მდებარე ¹... მაღაზიაზე, ფართით 81 კვ.მ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვდნენ 2001წ. 19 ნოემბრის კონკურსის შედეგების, 2002წ. 25 სექტემბრის ნასყიდობისა და ამავე თარიღით ჯ. ლ.-ეზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი ¹21/330 «კ” მოწმობის ბათილად ცნობას.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ბ...-ის, ნ. გ...-ის, ლ. თავაძის და დ. ჯ...-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ი. ბ...-მა, ნ. გ...-მა, ლ. თ...-მ და დ. ჯ...-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 14 მარტის გადაწყვეტილებთ ი. ბ...-ის, ნ. გ...-ის, ლ. თავაძისა და დ. ჯ...-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი. ბ...-ის, ნ. გ...-ის, ლ. თავაძისა და დ. ჯ...-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2001წ. 19 ნოემბრის კონკურსის შედეგები, ზესტაფონის ქონების მართვის სამმართველოსა და ჯ. ლ.-ეს შორის დადებული 2001წ. 19 ნოემბრის, 2002წ. 25 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებები, 2001წ. 19 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტი, 2002წ. 25 სექტემბერს ჯ. ლ.-ეზე გაცემული საკუთრების მოწმობა ¹21/330 «კ» შესაბამისი ცვლილებების შეტანით საჯარო რეესტრში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1995წ. 22 მაისს ზესტაფონის ქალაქვაჭრობის ¹... მაღაზიის პრივატიზების მიზნით ამავე მაღაზიის თანამშრომლებმა სადამფუძნებლო ხელშეკრულებით შექმნეს ამხანაგობა.
ხელშეკრულების საფუძველზე ამხანაგობის ერთ-ერთ დამფუძნებელს - ნ. გ.-ს მიეცა უფლება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე.
ქალაქვაჭრობის ¹... მაღაზიის საბოლოო ფასი გასიაზღვრა 117 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარით.
1995წ. 29 ივლისის ხელშეკრულებით, რომელიც დაიდო ¹... მაღაზიის შრომითი კოლექტივის (ამხანაგობის) წარმომადგენელ ნ. გ.-სა და სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის განყოფილებას შორის, დადასტურდა ნ. გ.-ზე პირდაპირი მიყიდვის წესით ¹... მაღაზიის საკუთრებაში გადაცემა.
იმავე მხარეებს შორის 1997წ. 13 მარტს დადებული ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად: «გამყიდველი მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გადასცემს, ხოლო მყიდველი ნ. გ.-ი საკუთრებაში იღებს ქალაქვაჭრობის ¹... მაღაზიას, მდებარე .. ¹27-ში»; მე-2 პუნქტით: «აღნიშნული ქონება მყიდველს გადაეცა 1995წ. 29 ივნისის მიღება-ჩაბარების თანდართული აქტით, რომელიც ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია»; მე-3 პუნქტით: «მიღება-ჩაბარების აქტში ჩამოთვლილი და ობიექტში განთავსებული საწარმოო მოწყობილობები მყიდველს გადაეცა საკუთრებაში».
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 1997წ. 13 მარტს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს მიერ ნ. გ.ს ასული გ.-ის სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹21/202-5, რომლითაც საკუთრებაში გადაეცა ... მდებარე ქალაქვაჭრობის ¹... მაღაზიაში განთავსებული საწარმოო მოწყობილობები (ინვენტარი).
ზესტაფონის ტექაღრიცხვის ბიუროს მიერ, ზემოაღნიშნული საკუთრების მოწმობის საფუძველზე, ამხანაგობის უფლებამოსილი პირის - ნ. გ.-ის სახელზე აღირიცხა სავაჭრო საწარმოო ორგანიზაცია ზესტაფონი 94-ის მაღაზია ¹..., მდებარე ... ¹27-ში.
სადავო ¹... მაღაზია 1998 წელს შეტანილი იყო საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში და 2001წ. 19 ნოემბერს კონკურსის წესით გაიყიდა, კერძოდ, გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა ჯ. ლ.-ემ, რომელზედაც 2002წ. 25 სექტემბერს გაიცა ¹21/330»კ» საკუთრების მოწმობა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 29 მაისის ¹178 ბრძანებულებით დამტკიცდა დებულება «პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების მუშაკთათვის ობიექტის პირდაპირი მიყიდვის შესახებ”.
აღნიშნული დებულების პირველი პუნქტით განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საპრივატიზაციოდ დამტკიცებული ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტების მუშაკთა მიერ შექმნილი, დროებით ამხანაგობაზე პირდაპირი მიყიდვის წესი, ანუ აღნიშნული დებულებით დადგენილია უძრავი ქონების და არა ინვენტარისა და მოწყობილობების (მოძრავი ქონების) პირდაპირი მიყიდვის წესი. ამდენად, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებების საფუძველზე მათ ამხანაგობას მიყიდეს არა ¹... მაღაზია (ობიექტი), არამედ მასში განთავსებული ინვენტარი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სკ-ის 1515-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე, სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებდნენ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად კი რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სიზუსტის პრეზუმცია, ე.ი. რეესტრის მონაცემები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 311-ე მუხლით რეესტრში შეიტანება უძრავ ნივთებზე საკუთრებისა და სხვა სანივთო უფლებები. საჯარო რეესტრში შეიძლება ასევე რეგისტრირებული იყოს მოძრავ ნივთებზე სარგებლობის, საგარანტიო და სხვა უფლებები. საქმეში არსებული ზესტაფონის ტექინვენტარიზაციის ბიუროში არსებული ჩანაწერით კი სააპელაციო პალატამ დადასტურებლად მიიჩნია ამხანაგობის უფლებამოსილი პირის - ნ. გ.-ის საკუთრების უფლება ქ. ზესფატონში, ... ¹27-ში მდებარე სადავო ¹... მაღაზიაზე ( უძრავი ქონება).
«სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პრივატიზებას ექვემდებარება მხოლოდ სახელმწიფო ქონება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზესტაფონის ქალაქვაჭრობის ¹... მაღაზია საკუთრების უფლებით ეკუთვნის ამავე მაღაზიის ყოფილ თანამშრომლებს: ნ. გ.-ს, დ. ჯ...-ს, ი. ბ...-ს, ნ. გ...-სა და ლ. თ...-ს, რომლებმაც 1995წ. 22 მაისს დამფუძნებელი ხელშეკრულებით შექმნეს ამხანაგობა და შეიძინეს პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებული უძრავი ქონება. შესაბამისად, ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს არ ჰქონდა რაიმე სამართლებრივი საფუძველი, უკვე პრივატიზებული ქონება შეეტანა გასაყიდი ქონების ნუსხაში და განმეორებით მოეხდინა მისი გასხვისება.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირის მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამდენად, დაირღვა მესაკუთრეთა კონსტიტუციური უფლება საკუთრების ხელშეუხებლობის შესახებ, სამოქალაქო სამართლის ნორმები და «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მოთხოვნები.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და ჯ. ლ.-ის წარმომადგენლების მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებს გაშვებული აქვთ «სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ» კანონის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი პრივატიზაციის შესახებ გარიგებათა ბათილობისათვის დაწესებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ვინაიდან სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ქონებაზე ჯ. ლ.-ეს საკუთრების მოწმობა მიეცა 2002წ. 25 სექტემბერს. სარჩელი სასამართლოში კი შეტანილია 2005წ. 23 სექტემბერს, ანუ სამწლიან ხანდაზმულობის ვადაში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ჯ. ლ.-ემ და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
კასატორი ჯ. ლ.-ე საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო მუნიციპალური დაქვემდებარების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს შესაბამისი მმართველობის ადგილობრივი ორგანო.
არასაცხოვრეელი ფართი, მდებარე ქ. ზესტაფონში, ... ¹27-ში, სადაც განთავსებული იყო ¹... მაღაზია, იმ პერიოდისათვის არ წარმოადგენდა არც ქალაქვაჭრობის და არც მუნიციპალური დაქვემდებარების ქონებას. აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართი ირიცხებოდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის კომუნალური განყოფილების ბალანსზე და იგი თვითონ განკარგავდა მას. კასატორის მითითებით, ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მისი განკარგვის უფლება არ ჰქონდა. აღნიშნული ფართის გადაცემა ბალანსიდან ბალანსზე ქალაქის მერიისათვის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში მოხდა ზესტაფონის რ-ნის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის 1997წ. 7 ოქტომბრის ¹74/1 განკარგულების საფუძველზე, 1997წ. 21 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტით.
81 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. ზესტაფონში, ... ¹27-ში, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შევიდა 1998წ. აპრილში, რაც, კასატორის განმარტებით, გამორიცხავს ამ ფართის 1995წ. ივნისში ქალაქვაჭრობის ¹... მაღაზიის ინვენტართან ერთად პრივატიზაციას.
კასატორი ასევე აღნიშნავდა, რომ 1998წ. მაისში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მიზნით შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომელმაც 81 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის, მდებარე ქ. ზესტაფონში, დ. ... ¹27-ში, საწყისი ფასი განსაზღვრა 2430 აშშ დოლარად. გაზეთ «ზესტაფონის მოამბეში» აღნიშნული კონკურსის შესახებ გამოცხადდა 24-ჯერ, საბოლოოდ გასაყიდი ფასი 608 აშშ დოლარი დადგინდა. 2001წ. 19 ნოემბერს ჯ. ლ.-ემ გაიმარჯვა კონკურსში და გადაეცა მიღება-ჩაბარების აქტი E¹9. 2002წ. 25 სექტემბერს სანოტარო წესით გაფორმდა ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება მასა და სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის განყოფილებას შორის. 2002წ. 25 სექტემბერს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹21/330 «კ», რომლის საფუძველზე საჯარო რეესტრში ირიცხება აღნიშნული ფართის მესაკუთრედ.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება და ჩათვალა აპელანტები არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ, რომ საქმის განხილვაში არ ჩართო უფლებამოსილი პირი ნ. გ.-ი და არ დაინტერესდა მისი განმარტებით, თუ რისი მესაკუთრე გახდა ამხანაგობა 1997წ. 13 მარტს.
სასამართლომ ბათილად ცნო 2001წ. 19 ნოემბრის კონკურსის შედეგები, 2002წ. 24 სექტემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, კასატორის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა და არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მოთხოვნა, მოცემულ საქმეზე განმწესრიგებელი სხდომის ჩატარების შესახებ, სასამართლოს არ განუხილავს სარჩელის დასაშვებობის საკითხი. უფრო მეტიც, სასამართლო სარჩელის მოთხოვნას გასცდა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაადგინა საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვილებების შეტანა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ გაითვალისწინა «სახელმწიფო რეესტრის შესახებ» კანონის მე-6 და მე-8 მუხლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
კასატორი – ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო საკასაციო საჩივარში მიუთითებდა იმავე საფუძვლებზე, რაზეც - კასატორი ჯ. ლ.-ე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ.ლ.-ისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკასაციო საჩივრები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
მითითებული მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1995წ. 22 მაისს ქალაქვაჭრობის ¹... მაღაზიის პრივატიზების მიზნით, ამავე მაღაზიის შრომითი კოლექტივის წევრებმა: ნ. გ.-მა, დ. ჯ...-მა, ი. ბ...-მა, ნ. გ...-მა და ლ. თ...-მ შექმნეს ამხანაგობა.
იმავე სადამფუძნებლო ხელშეკრულების საფუძველზე ამხანაგობის წევრები შეთანხმდნენ, რომ ამხანაგობას ზემოაღნიშნული მაღაზიის პრივატიზების პროცესში წარმოადგენდა ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი _ ნ. გ.-ი, რომლის სახელზეც მოხდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება.
ქონების მართვის ზესტაფონის რაიონული განყოფილების 1995წ. 29 მაისის ¹21 ბრძანებით დამტკიცდა ზესტაფონის რ-ნის განყოფილების საპრივატიზაციო კომისის გადაწყვეტილება, ქალაქვაჭრობის ¹... მაღაზიის ამავე მაღაზიის მუშაკთა ამხანაგობისათვის მიყიდვის შესახებ, რომლის საფუძველზეც 1997წ. 13 მარტს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო იმავეწ. 17 მარტს ნ. გ.-ის სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹21/203-პ.
სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ შრომითი კოლექტივის მხრიდან ადგილი ჰქონდა ¹... მაღაზიის როგორც აქტიური, ისე პასიური ნაწილის შესყიდვის ფაქტს, რაც, თავის მხრივ, იქცა მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად.
საკასაციო სასამართლომ კასატორთა პრეტენზიის საფუძველზე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და თვლის, რომ გადაწყვეტილება მიღებულია საქმეში დაცული მტკიცებულებების არასწორი შეფასების საფუძველზე, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ, მართალია, დადგენილად მიიჩნია ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ არ მოუხდენია არც ერთი მითითებული მტკიცებულების შეფასება, კერძოდ, საქმეში განთავსებულია საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სახელმწიფო ქონების მართვის რაიონულ განყოფილებასა და ნ. გ.-ს შორის დადებული ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქონება მყიდველს გადაეცემოდა 1995წ. 29 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ამავე ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტში ჩამოთვლილი და ობიექტში განთავსებული საწარმო-მოწყობილობები მყიდველს გადაეცემოდა საკუთრებაში, ხოლო ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, გასაყიდი ობიექტის ფასი შეადგენდა 117 ამერიკულ დოლარს. ამდენად, წარმოდგენილი ხელშეკრულება შეიცავს ცალსახა მითითებას ობიექტში განთავსებულ საწარმო-მოწყობილობებზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გასაყიდი ობიექტის ფასს და აღნიშნავს, რომ ამავე საქმეში, ს.ფ.-ზე 59-6-ზე, დაცულია მაღაზიის ძირითადი საშუალებების აქტიური ნაწილის და ძირითადი საშუალებების შეფასების აქტები 1995წ. მდგომარეობით, რომელთა შესაბამისადაც ხელშეკრულებაში მითითებული 117 აშშ დოლარის ღირებულებით შეფასებულია მაღაზიის მხოლოდ აქტიური ნაწილი, რაც გამორიცხავს შრომითი კოლექტივის მიერ გადახდილ თანხაში პასიური ნაწილის ღირებულების გათვალისწინების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებითი ყურადღება უნდა მიექცეს თავად საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას. მოწმობის შესაბამისად, საკუთრების უფლება გადაცემულია ¹... მაღაზიაში განთავსებულ საწარმო-მოწყობილობებზე, რაც უტყუარი დასტურია იმისა, რომ შრომითი კოლექტივის ამხანაგობაზე მოხდა ქონების აქტიური ნაწილის გასხვისება.
აქვე საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, ¹... მაღაზია, 81 კვ/მ ფართით და ნარჩენი ღირებულებით 482 აშშ დოლარი, ქ. ზესტაფონის მერიას სს «ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნიდან” გადაეცა მხოლოდ 1997წ. 21 აგვისტოს, რის გამოც აღნიშნული ობიექტის პასიური ნაწილის გასხვისება ვერ მოხდებოდა ქონების მართვის სამმართველოს მიერ მანამდე, ვიდრე ქონება გადაეცემოდა სახელმწიფოს.
საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოწინააღმდეგე მხარეთა (მოსარჩელეთა) მითითებას იმის თაობაზე, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს და თვლიდნენ, რომ ობიექტი სრულად წარმოადგენდა მათ საკუთრებას. საქმეში, წარმოდგენილია მოწინააღმდეგე მხარეების - ნ. გ...-ის, ლ. თავაძისა და დ. ჯ...-ის განცხადებები, დათარიღებული 2001წ. 30 მარტით, რომლის საფუძველზეც მითითებული პირები გამოთქვამენ თანხმობას, ობიექტი მიეყიდოს ნ. გ.-ს, ვინაიდან მათ არ გააჩნდათ ობიექტის გამოსყიდვისათვის საკმარისი თანხები. აღნიშნული მტკიცებულება საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ ზემოაღნიშნული პირებისათვის იმთავითვე იყო ცნობილი, რომ მათი საკუთრება არ ვრცელდებოდა უძრავ ქონებაზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს‚ მიიჩნიოს, რომ კასატორის _ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მხრიდან არ დასტურდება უფლებრივად დატვირთული ქონების გადხვისების ფაქტი და, შესაბამისად, არ არსებობს ამ საფუძვლით ჯ. ლ.-ის სახელზე განხორციელებული პრივატიზაციის ბათილობისა და სარჩელის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო არ შეუდგება «პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ” საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994წ. ¹178 ბრძანებით დამტკიცებული დებულების ცალკეული ნორმების განმარტებას და აღნიშნავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკასაციო სასამართლო გაიზიარებდა სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას იმის შესახებ, რომ მითითებული დებულება ითვალისწინებდა მხოლოდ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის წესს, აღნიშნული ვერ იქცეოდა ჯ. ლ.-ის სახელზე განხორციელებული პრივატიზაციის ბათილობის საფუძვლად, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ამხანაგობის წევრებისათვის იმთავითვე იყო ცნობილი, რომ მათი მხრიდან მოხდა ობიექტის აქტიური ნაწილის შესყიდვა, რაც მათ კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდიათ და არ უთხოვიათ საკუთრების მოწმობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
ყოველივე აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები და მოსაზრებები არ ემყარება საქმეში დაცულ მტკიცებულებებს, რითაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები, ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა სამართლებრივი შეფასების გაკეთების შესაძლებლობას, რის გამოც არ არსებობს საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების პროცესუალური აუცილებლობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჯ. ლ.-ისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 14 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი. ბ...-ის, ნ. გ...-ის, ლ. თავაძისა და დ. ჯ...-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ი. ბ...-ს, ნ. გ...-ს, ლ. თ...-ს და დ. ჯ...-ს დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 60 ლარის წილობრივად გადახდა;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.