Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ/303-01 9 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი, მ. წიქვაძე

დავის საგანი: სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანა, სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

1996 წლის 14 სექტემბერს ოთხმა დამფუძნებელმა: მ. ლ-შვილმა, ნ. ხ-შვილმა, ვ. ლ-შვილმა და ს. კ-შვილმა ჩამოაყალიბეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – მრავალდარგოვანი კომერციული ფირმა “პ-ი”.

საზოგადოების წესდების შესაბამისად, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 1000 აშშ დოლარით, საიდანაც თითოეული პარტნიორის წილი საწესდებო კაპიტალში განისაზღვრა 25%-ით, საწესდებო კაპიტალი შევსებულ იქნა არაფულადი შენატანით.

შპს “პ-ის” დაფუძნება 1996 წლის 2 ოქტომბერს სათანადო წესით რეგისტრირებულ იქნა ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოში.

1997 წლის 24 აპრილს შპს “პ-ის” დამფუძნებელთა საერთო კრებამ, საწესდებო კაპიტალის შენატანის გადაუხდელობისა და საზოგადოების საქმიანობისათვის თავის არიდების გამო, დამფუძნებელთა რიგებიდან გარიცხა ნ. ხ-შვილი და მის ნაცვლად მიიღო ა. კ-ოვი.

1997 წლის 30 ივლისს საზოგადოების პარტნიორმა ვ. ლ-შვილმა მისი კუთვნილი წილი უსასყიდლოდ დაუთმო თ. კ-შვილს და ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 21 აგვისტოს დადგენილებით ცვლილება შევიდა სამეწარმეო რეესტრში: ვ. ლ-შვილის ნაცვლად პარტნიორად მიღებულ იქნა თ. კ-შვილი, ხოლო ნ. ხ-შვილის ნაცვლად – ა. კ-ოვი.

ნ. ხ-შვილმა, 1998 წლის 9 დეკემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს “პ-ის” წინააღმდეგ და მიუთითა, რომ პარტნიორობიდან გარიცხვა მისთვის ცნობილი გახდა 1998 წლის 10 ნოემბერს ნაძალადევის რაიონის პროკურატურაში საქმის მასალების გაცნობის დროს. 1997 წლის 24 აპრილს იგი არ დასწრებია გამართულ პარტნიორთა კრებას, რომელზეც გადაწყდა მისი პარტნიორობიდან გარიცხვის საკითხი. იგი უკანონოდ გაირიცხა პარტნიორობიდან, ასევე, უკანონოდ დაუთმო ვ. ლ-შვილმა თავისი წილი თ. კ-შვილს და მოითხოვა ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 21 აგვისტოს დადგენილების გაუქმება, შპს “პ-ში” კაპიტალის 25%-ის მფლობელ პარტნიორად აღდგენა, რადგან სასამართლო უფლებამოსილი არ იყო პარტნიორის გარიცხვის საკითხი გადაეწყვიტა საქმის უდავო წარმოების წესით. მან, ასევე, მოითხოვა ამავე საზოგადოებაში თანამდებობრივად თავის უფლებებში აღდგენა, რადგანაც იგი უკანონოდ იყო დათხოვილი. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 21 აგვისტოს დადგენილების შესაბამისად შპს “პ-ის” სამეწარმეო რეესტში შეტანილი ცვლილებები და ნ. ხ-შვილი აღდგენილ იქნა თავისი უფლებამოვალეობების შემსრულებლად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით შ. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და ნ. ხ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლისა და უსაფუძვლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 25 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი. გაუქმდა ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება.

ამავე სასამართლოს 2000 წლის 29 ივნისის განჩინებით შ. ლ-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

შ. ლ-შვილის საკასაციო საჩივრის საფუძველზე, საქმე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, რომელმაც 2000 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით გააუქმა ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 29 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ 2000 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ. ლ-შვილის საჩივარი დააკმაყოფილა, გააუქმა 2000 წლის 23 მაისის თავისივე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ხ-შვილს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ხ-შვილის პარტნიორობიდან გარიცხვა ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლომ, საქმის უდავო წარმოების წესით, სწორად მოახდინა, რადგან საზოგადოების წესდება პარტნიორის გარიცხვას ითვალისწინებს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით დასაშვებია.

სააპელაციო სასამართლომ ნ. ხ-შვილის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს არ წარუდგინა სათანადო დოკუმენტი სამუშაოზე მიღებისა და დათხოვნის შესახებ. ხოლო ვ. ლ-შვილის მიერ თ. კ-შვილისათვის წილის უსასყიდლოდ დათმობის საკითხი, თუმცა, გამოიკვლია, მაგრამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სათანადოდ არ შეაფასა.

ნ. ხ-შვილმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; ამასთან, მის წინააღმდეგ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული იმაში გამოიხატა, რომ პარტნიორობიდან მისი გარიცხვის საკითხი სასამართლოს არ განუხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რაც დაუშვებელია. საზოგადოებას პარტნიორობიდან მისი გარიცხვის შესახებ სარჩელით საერთოდ არ მიუმართავს სასამართლოსათვის. ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 21 აგვისტოს დადგენილებით, უდავო წარმოების წესით, რეგისტრაციაში გატარდა მისი პარტნიორობიდან გარიცხვა, რაც “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3 მუხლის “ლ” ქვეპუნქტის დარღვევას წარმოადგენს;

მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საზოგადოების წესდების 4.8 მუხლი, რომლის შესაბამისად, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს პარტნიორის გარიცხვის საფუძველი, ხოლო პარტნიორის გარიცხვის საკითხს საბოლოოდ წყვეტს სასამართლო.

კასატორს, ასევე, უკანონოდ მიაჩნია საზოგადოების კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვ. ლ-შვილის მიერ თ. კ-შვილისათვის მისი კუთვნილი კაპიტალის დათმობის შესახებ, რადგან არ არსებობს პარტნიორთა თანხმობა წილის დათმობაზე;

მას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა მისი სამუშაოზე აღდგენის საკითხიც იმ თვალსაზრისით, რომ სასამართლოს სათანადოდ არ შეუფასებია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ბრძანება სამუშაოდან დათხოვნის შესახებ. ასევე, სათანადო შეფასება არ მიეცა იმ გარემოებებს, რომლებიც ადასტურებდნენ საზოგადოებაში გარკვეულ თანამდებობაზე მისი დანიშვნის და განთავისუფლების ფაქტს.

კასატორს, ასევე, მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა პარტნიორთა კრების ოქმის გასაჩივრების ორთვიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, რადგან მას სარჩელი პარტნიორთა კრების ოქმის გაუქმებასთან დაკავშირებით კი არ შეუტანია, არამედ სარჩელით მოითხოვა პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 21 აგვისტოს დადგენილების შესაბამისად, სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანის გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის გარეშე, დასაშვებია “მეწარმეთა შესახებ” კანონის 3.5 მუხლის მეორე აბზაცში მითითებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ანუ მაშინ, თუ პარტნიორმა არ შეიტანა შესატანი და იგი ზემოთ მითითებული კანონის შესაბამისად, გაფრთხილებული იყო სათანადო წესით. ამავე კანონის 3.3 მუხლის შესაბამისად, შენატანი პარტნიორთა მიერ შეტანილად ითვლება მაშინაც, თუ საწესდებო კაპიტალი შევსებულია არაფულადი შენატანით, ან საწესდებო კაპიტალი შეივსო ერთი პარტნიორის მიერ. ასეთ შემთხვევაში საწესდებო კაპიტალის შემტან პარტნიორს წარმოეშობა შესაბამისი მოთხოვნის უფლება დანარჩენი პარტნიორების მიმართ, მაგრამ დანარჩენ პარტნიორთა მიერ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა არ წარმოადგენს “მეწარმეთა შესახებ” კანონის 3.5 მუხლის მოთხოვნის დარღვევას და ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების შესაძლო განხორციელების საფუძველს.

მოცემულ შემთხვევაში პარტნიორთა მიერ საწესდებო კაპიტალი შევსებულ იქნა რა არაფულადი შენატანით, ცხადია, დაუშვებელი იყო დამდგარიყო საკითხი საწესდებო კაპიტალის შეუვსებლობის მოტივით პარტნიორის შესაძლო გარიცხვის შესახებ.

საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3 მუხლის “ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიძლება იყოს მხოლოდ უკიდურესი ზომა. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა დასაშვებია მაშინ, თუ საზოგადოების წესდება ასეთ მითითებას შეიცავს და მაშინაც, თუკი საზოგადოების წესდებაში ასეთი რამ მითითებული არ არის.

მოცემულ შემთხვევაში საზოგადოების წესდების 4.8 მუხლი შეიცავს ზოგად მითითებას საზოგადოებიდან პარტნიორის შესაძლო გარიცხვის შესახებ და ამის გადაწყვეტის უფლებას საზოგადოების პარტნიორთა კრებას ანიჭებს; ანუ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3 მუხლის “ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა კრება აღჭურვილია საზოგადოებიდან პარტნიორის შესაძლო გარიცხვის უფლებით, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს პარტნიორის უპირობო გარიცხვის შესაძლებლობას. პარტნიორის გარიცხვის წინაპირობა (გარდა შესატანის შეუტანლობა) ყოველთვის საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაა.

პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შესახებ პირდაპირ არ იწვევს საზოგადოებიდან მის გარიცხვას. ეს შეიძლება იყოს საფუძველი, რათა საზოგადოებამ სარჩელით მიმართოს სასამართლოს პარტნიორის გარიცხვის თაობაზე. გადაწყვეტილებას საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შესახებ იღებს სასამართლო.

საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის გამო წარმოშობილ დავაში, მოსარჩელე არის საზოგადოება, ხოლო მოპასუხე - გარიცხული პირი. გარიცხვის გამო გამართულ პროცესში საზოგადოებას წარმოადგენენ დირექტორები.

ეს წესი ვრცელდება მაშინაც, როცა საზოგადოების წესდება შეიცავს მითითებას პარტნიორის გარიცხვის შესაძლებლობის შესახებ. საზოგადოების წესდებაში პარტნიორის გარიცხვის შესახებ მითითება პარტნიორის გარიცხვის საკითხის სასამართლოში საქმის უდავო წარმოების წესით განხილვის საფუძველს არ იძლევა. საზოგადოების წესდებაში პარტნიორის ამა თუ იმ მოტივით გარიცხვის შესაძლებლობის მითითება სადავოდ არ ხდის მითითებული პირობით ან წესით პარტნიორის გარიცხვის შესაძლებლობას, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პარტნიორის გარიცხვის შესახებ საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება მხოლოდ საფუძველი შეიძლება იყოს პარტნიორის გარიცხვისა და მისი გარიცხვა შეიძლება მხოლოდ სასამართლომ გადაწყვიტოს სარჩელის საფუძველზე და არა საქმის უდავო წარმოების გზით.

ნ. ხ-შვილი პარტნიორთა კრების მიერ საზოგადოებიდან გაირიცხა რა შესატანის გადაუხდელობის და საზოგადოების საქმიანობაზე თავის არიდებისათვის, საზოგადოებას გარიცხვის შესახებ სარჩელით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. აქედან გამომდინარე, თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლო უფლებამოსილი არ იყო საზოგადოების პარტნიორთა კრების 1997 წლის 24 აპრილის ოქმის საფუძველზე გარიცხულად ჩაეთვალა იგი და 1997 წლის 21 აგვისტოს დადგენილებით ცვლილება შეეტანა შპს “პ-ის” სამეწარმეო რეესტრში ნ. ხ-შვილის პარტნიორობიდან გარიცხვისა და მის ნაცვლად კ-ოვის პარტნიორად მიღების შესახებ. ამიტომ ამ ნაწილში ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 21 აგვისტოს დადგენილება უნდა გაუქმდეს და ნ. ხ-შვილი აღდგეს საზოგადოების კაპიტალში წილის 25%-ის მფლობელ პარტნიორად.

პალატა ამასთანავე აღნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას საფუძვლად არ შეიძლება დაედოს ის გარემოება, რომ გასულია პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გასაჩივრების ორთვიანი ვადა, რადგან ნ. ხ-შვილს სარჩელი კრების გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით არ შეუტანია. მან სარჩელით მოითხოვა პარტნიორთა კრების ოქმის შესაბამისად, ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს მიერ 1997 წლის 21 აგვისტოს დადგენილებით შპს “პ-ის” სამეწარმეო რეესტრში ცვლილების რეგისტრაციის გაუქმება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვ. ლ-შვილის მიერ უკანონოდ მოხდა საზოგადოებაში მისი კუთვნილი წილის სხვა პირზე დათმობა.

საზოგადოების წესდების 3.4 მუხლისა და 4.3 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, პარტნიორის მიერ წილის დათმობა მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას, ხოლო წილის შეძენა-გასხვისებაზე სავალდებულოა საზოგადოების პარტნიორთა კრების თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში საზოგადოების მიერ აღნიშნული პირობები დაცულია. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულება, ვ. ლ-შვილის მიერ თ. კ-შვილისათვის წილის დათმობის შესახებ, დამოწმებულია ნოტარიულად და ამ წილის დათმობის უფლების მიცემის შესახებ არსებობს საზოგადოების პარტნიორთა კრების საოქმო გადაწყვეტილება.

აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შესახებ. ამ ნაწილში მიღებულია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და მისი სამართლებრივი შემოწმება შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლოსეული მითითება სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის შესახებ, მხოლოდ იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები მისი სამუშაოზე დანიშვნისა და განთავისუფლების შესახებ, არასწორია, რადგან საქმეში არსებული მასალებიდან ჩანს საზოგადოებაში გარკვეულ თანამდებობაზე ნ. ხ-შვილის როგორც მუშაობის, ისე განთავისუფლების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლო ვალდებულია სრულყოფილად გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები მითითებულ საკითხთან დაკავშირებით, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ და სარჩელი გადაწყვიტოს საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 412-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ნ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ნ. ხ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: გაუქმდეს ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 21 აგვისტოს დადგენილების მე-4ა პუნქტის მე-4 ქვეპუნქტი სამეწარმეო რეესტრში შპს “პ-ის” დამფუძნებლად ნ. ხ-შვილის ნაცვლად ა. კ-ოვის რეგისტრაციის შესახებ და საწესდებო კაპიტალის 25%-ის მფლობელ დამფუძნებელ პარტნიორად 1997 წლის 21 აგვისტოდან აღდგენილ იქნეს ნ. ხ-შვილი.

ნ. ხ-შვილის სარჩელი ვ. ლ-შვილის მიერ თ. კ-შვილისათვის წილის უსასყიდლოდ დათმობის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

შპს “პ-ში” ნ. ხ-შვილის სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას.

შპს “პ-ს” ნ. ხ-შვილის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სასამართლო ხარჯები 8 ლარის ოდენობით.

შპს “პ-ს” სასამართლო ხარჯების სახით გადასახდელად დაეკისროს 30 ლარი, საიდანაც 21 ლარი შეტანილ იქნეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹ 000141107 ანგარიშზე, ხოლო 9 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.