Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/304-01 16 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, მ. გოგიშვილი

კასატორის თხოვნა: გადაწყვეტილების გაუქმება; ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

აღწერილობითი ნაწილი:

სს “დ.” სარჩელი აღძრა სს “ს. ტ. ¹ 2” წინააღმდეგ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 90000 ლარის ოდენობით იმ საფუძვლით, რომ 1994 წელს მოპასუხეს მიაწოდა 27919 ლარის ღირებულების ქვიშა. აღნიშნული თანხა მოვალემ არ გადაიხადა. მოსარჩელემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა ხანდაზმულოა. ამასთან, შეგებებული სარჩელით მოითხოვა უხარისხო პროდუქციის მიწოდებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სს “დ.” აღუდგა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სს “ს. ტ. ¹ 2” სს “დ.” სასარგებლოდ დაეკისრა 87900 ლარის გადახდა. შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა ხანდაზმულობის გამო. სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) მე-80, 153-ე-155-ე, 165-ე 212-ე, 214-ე მუხლებზე, ხოლო შეგებებული სარჩელის ნაწილში _ ამავე კოდექსის 259-ე მუხლზე.

სს “ს. ტ. ¹ 2” აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლი და არ გამოიყენა; სასამართლომ მხარეს ისე აღუდგინა ხანდაზმულობის ვადა რომ დაცული არ იყო საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 67-69-ე მუხლების მოთხოვნა საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამრათლოს გადაწყვეტილება და სარჩელს უარი ეთქვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა, რომ სასამართლომ მოსარჩელეს ისე აღუდგინა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რომ ამის თაობაზე მხარეს შუამდგომლობა არ დაუყენებია, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 248-ე მუხლების მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე და მე-80 მუხლები.

სს “დ.” საკასაციო საჩივრით მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 169-ე მუხლის მოთხოვნა, როცა სასარჩელო ხანდაზმულობაზე იმსჯელა. საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ მხარეთა შორის ვალდებულების შესრულების ვადა, კერძოდ, ქვიშის ღირებულების გადახდის დრო არ იყო წინასწარ განსაზღვრული. ასეთ შემთხვევაში კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება, როცა კი მოისურვებს. 1995 წლის 9 ივნისის შედარების აქტით მოპასუხემ დაადასტურა ვალის არსებობა, ხოლო კრედიტორმა 1998 წლის 10 თებერვალს მოითხოვა ვალის გადახდა, რაზედაც უარი მიიღო. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნული თარიღიდან უნდა გამოეთვალა ხანდაზმულობის ვადა, რადგან სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-80 მუხლით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. გადაწყვეტილების დასაბუთებულებაში იგულისხმება სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნის შესრულება. მითითებული ნორმით გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი (ფაქტები), მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები; მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი კი ყოველივე აღნიშნულს არ შეიცავს, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

პალატა ვერ გაიზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების იმ საფუძველს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენა სასამართლოს თავისი ინიციატივით არ შეეძლო საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 84-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ სასამართლო საპატიოდ ცნობს სასარჩელო ხანდზმულობის ვადის გაშვების მიზეზს, დარღვეული უფლება უნდა დაცულ იქნეს, ე.ი. სასამართლოს თავისი ინიციატივით შეეძლო ხანდაზმულობის ვადის აღდგენა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ არის საპროცესო ვადა, რომელიც სასამართლოს შეუძლია აღადგინოს მხოლოდ მხარის განხცხადების საფუძველზე. პალატა თვლის, რომ ვინაიდან სასამართლომ სამართლებრივი კვალიფიკაცია უნდა მისცეს სამოქალაქო დავას, ამიტომ ხანდაზმულობის შესახებ სამართლის ნორმები სასამართლომ უნდა გამოიყენოს გადაწყვეტილების გამოტანისას, მიუხედავად იმისა, მხარე მიუთითებდა თუ არა ამ ნორმაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მოცემული საქმე სასამართლოს ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს. საქმის განხილვისას სასამართლომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება (მათ შორის ის, რაც მოცემული დავის ხანდაზმულობას შეეხება), ასახოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში და მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სააქციო საზოგადოება “დ.” საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამრათლოს შესაბამის პალატას.

სააქციო საზოგადოება “ს. ტ. ¹ 2” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1000 ლარის ოდენობით. აქედან, 700 ლარი უნდა ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹ 000141107 (კოდი 59) ანგარიშზე, ხოლო 300 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.