საქმე # 330100124009545804
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№548აპ-25 თბილისი
ო. გ., 548აპ-25 13 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ო–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ბ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენით გ. ო–ი (პირადი №........), დაბადებული 19.. წელს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 15 მაისიდან.
2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ო–მა ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2024 წლის 13 მაისს, დილის საათებში, ….–ს მიმდებარე ტერიტორიაზე გ. ო–ი თავს დაესხა პოლიციელს – ა. ო–ს, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, გ. ო–მა ა. ო–ს იდაყვი დაარტყა სახის მიდამოში, რის შედეგადაც, ა. ო–მა მიიღო დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. ო–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. ბ–ა საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გ. ო–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ასევე – საქმის არსებით განხილვას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრების ფარგლებში. დაცვის მხარე ითხოვს გ. ო–ის უდანაშაულოდ ცნობას. შესაბამისად, პალატის მსჯელობის საგანია, ნამდვილად ჩაიდინა თუ არა მსჯავრდებულმა მისთვის ინკრიმინირებული დანაშაული.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ო–ის საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით მსჯავრდების შესახებ. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება როგორც კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ასევე უდავოდ ცნობილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულ ა. ო–ის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების – ი. თ–ს ჩვენებას, ლ. ჭ–ს, ჯ. ბ–ს, შ. ზ–ს გამოკითხვის ოქმებს, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებს, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ვიდეომასალას, ასევე – შპს „ტ–დან“ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებს, სასამართლო-სამედიცინო, ჰაბიტოსკოპიური და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებს და საქმეში არსებულ სხვა მასალებს, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.
9. დაზარალებულ ა. ო–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2024 წლის 13 მაისს, დილის საათებიდან, თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა თ–ში, ს–ს ....–ს მიმდინარე ტერიტორიაზე, სადაც, „......... შესახებ“ ....... განხილვასთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია. დაახლოებით, 09:00 საათზე აქციის მონაწილეთა ნაწილმა გადაინაცვლა ..... ქუჩაზე, ს–ს ........ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები იყვნენ განსაკუთრებით აგრესიულები, პოლიციის თანამშრომლებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნებს, მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებდნენ ....ს შესასვლელ კართან მიმავალ გზას. აქციის მონაწილეებს შორის შეამჩნია მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელიც იქნებოდა, დაახლოებით, 40-43 წლის, დაახლოებით, 175-180 სმ. სიმაღლის, სრული აღნაგობის, მუქი ფერის, საშუალოზე გრძელი თმით, სქელი სახის ნაკვთებით და კეხიანი, სქელი ცხვირით, მუქი, გრძელი წვერით. უცნობ მამაკაცს ეცვა მომწვანო-მონაცრისფრო, კაპიუშონიანი საწვიმარი და მუქი ფერის შარვალი. აღნიშნული პირი განსაკუთრებით გამოირჩეოდა თავისი აგრესიული ქცევით პოლიციის თანამშრომლების მიმართ, კერძოდ, იგინებოდა პოლიციის თანამშრომლების მისამართით. ერთ-ერთ მომენტში, როდესაც, ადგილზე მყოფ პოლიციის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ცდილობდა აქციის მონაწილეების დამშვიდებას, აღნიშნული პირი გამოეყო აქციის მონაწილეების ჯგუფს, სწრაფად წავიდა მისი მიმართულებით და მარჯვენა იდაყვი ერთხელ ძლიერად დაარტყა ცხვირისა და ზედა ტუჩის არეში, რის შემდეგაც, სწრაფად შეერია აქციის მონაწილეებს. დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე ცხვირისა და ზედა ტუჩის არეში მიიღო დაზიანება. მომხდარი შემთხვევის დროს თავად ეცვა შავი ფერის, კაპიუშონიანი სამსახურებრივი საწვიმარი, რომლის წინა და უკანა მხარეს გამოსახული იყო პოლიციის ამოსაცნობი ნიშნები. მას შემდეგ, რაც უცნობმა მამაკაცმა მარჯვენა იდაყვი დაარტყა ცხვირისა და ზედა ტუჩის არეში, ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი, რომელიც დაეწვეთა სამსახურებრივ საწვიმარზე. აღნიშნული საწვიმარი იმჟამად თან ჰქონდა და თანახმა იყო მის ამოღებაზე. დაზარალებულის განმარტებით, ზემოთ აღწერილი ნიშნებით შეეძლო იმ პირის ამოცნობა, რომელმაც აქციის მიმდინარეობისას დაარტყა იდაყვი სახეში.
10. მოწმეების – ჯ. ბ–სა და ლ. ჭ–ს გამოკითხვის ოქმებიდან ირკვევა, რომ 2024 წლის 13 მაისს, დილის საათებიდან, თანამშრომლებთან ერთად ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას (იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს) თ–ში, ს–ს .....ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია „...... შესახებ“... განხილვასთან დაკავშირებით. თანამშრომლებს შორის იმყოფებოდა შსს კ–ს პოლიციის დეპარტამენტის ს–ს რაიონული სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე ა. ო–ი. დაახლოებით, 09:00 საათზე აქციის მონაწილეების გარკვეულმა ნაწილმა გადაინაცვლა .... ქუჩაზე, ........ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები იყვნენ განსაკუთრებით აგრესიულები, პოლიციის თანამშრომლებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნებს, წესრიგის დაცვის შესახებ, მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებდნენ პარლამენტის შესასვლელ კართან მიმავალ გზას. აღნიშნულ დროს აქციის მონაწილეებს შორის შეამჩნიეს, დაახლოებით, 40-43 წლის მათთვის უცნობი მამაკაცი, რომელიც იქნებოდა, დაახლოებით, 175-180 სმ სიმაღლის, სრული აღნაგობის, მუქი ფერის, საშუალოზე გრძელი თმით, სქელი სახის ნაკვთებით და სქელი ტუჩებით, კეხიანი, სქელი ცხვირით, მუქი, გრძელი წვერით. აღნიშნულ პირს ეცვა მომწვანო-მონაცრისფრო ფერის კაპიუშონიანი საწვიმარი, რომელიც იყო, ასევე მუქი ფერის შარვალი. უცნობი მამაკაცი იყო განსაკუთრებით აგრესიული პოლიციელთა მიმართ, ხმამაღლა აგინებდა მათ და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. როდესაც ა. ო–ი პოლიციის სხვა თანამშრომლებთან ერთად ცდილობდა აქციის მონაწილეების დამშვიდებას, აღნიშნული უცნობი მამაკაცი გამოეყო აქციის მონაწილეების ჯგუფს, სწრაფად მივიდა ა. ო–თან და მას მარჯვენა ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში, შემდეგ კი უცნობი მამაკაცი ისევ სწრაფად შეერია აქციის მონაწილეებს, რის გამოც, მათ აღნიშნული პირის ადგილზე დაკავება ვერ შეძლეს. მას შემდეგ, რაც უცნობმა მამაკაცმა ა. ო–ს მარჯვენა იდაყვი დაარტყა სახის არეში, ა. ო–ს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. როდესაც მოგვიანებით აღნიშნული ფაქტის ამსახველ ფოტომასალას გაეცნენ, ამოიცნეს ის მამაკაცი, რომელმაც 2024 წლის 13 მაისს ა. ო–ს სახის არეში დაარტყა იდაყვი.
11. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2024 წლის 14 მაისის ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს გამომძიებელმა თ. გ–ამ დაათვალიერა მოსამართლის განჩინების საფუძველზე შპს „ტ–დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები. მეხსიერების ბარათზე ჩაწერილია სულ 53 ვიდეო/აუდიო ფაილი, რომელთაგან „.....“-ის დასახელების ფაილის დათვალიერებით გაირვა შემდეგი: აღნიშნული აუდიო/ვიდეო ფაილი წარმოადგენს 20-წამიან ფერად ჩანაწერს, რომელშიც ასახულია თ–ში, ..... გამზირზე მდებარე ...........ის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაში მონაწილე პირები; ვიდეოჩანაწერის მიმდინარეობისას 03 წამიდან 12 წამამდე კადრში ჩანს სრული აღნაგობის, წვერიანი მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია მომწვანო-მონაცრისფრო, კაპიუშონიანი საწვიმარი, რომლის ქუდიც წამოფარებული აქვს თავზე, ასევე – მუქი ფერის შარვალი და მუქი ფერის ფეხსაცმელები მოთეთრო ფერის ძირებით. მამაკაცს ამშვიდებს და უკან ახევინებს ქალბატონი, რომელსაც აცვია მოწითალო ფერის საწვიმარი, რის შემდგომაც აღნიშნული ვიდეო/აუდიოჩანაწერი სრულდება. ვიდეო/აუდიო ფაილის, დასახელებით – „.......“ – დათვალიერებით ირკვევა შემდეგი: აღნიშნული აუდიო/ვიდეოფაილი წარმოადგენს 15-წამიან ფერად ჩანაწერს, რომელზეც ასახულია თ–ში, ......ს გამზირზე მდებარე ..........ს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაში მონაწილე პირები; ვიდეოჩანაწერის მიმდინარეობისას 00 წამიდან 14 წამამდე კადრში ჩანს სრული აღნაგობის, წვერიანი მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია მომწვანო-მონაცრისფრო ფერის, კაპიუშონიანი საწვიმარი, რომლის ქუდიც წამოფარებული აქვს თავზე, ასევე – მუქი ფერის შარვალი და მუქი ფერის ფეხსაცმელები მოთეთრო ფერის ძირებით, რის შემდგომაც ვიდეო/აუდიო ჩანაწერი სრულდება. ზემოაღნიშნული 53 ვიდეო/აუდიო ფაილის დათვალიერებით საქმისათვის მნიშვნელოვანი რაიმე ინფორმაცია არ მოპოვებულა.
12. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2024 წლის 14 მაისის ოქმის მიხედვით, საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს გამომძიებელმა ბ. გ–მ დაათვალიერა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქართველოს შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, კერძოდ, მეხსიერების ბარათზე არსებული ერთი ელექტრონული ფაილი, სახელწოდებით – „aqciis monacile urtyavs policiels“ – წარმოადგენს ფერად ჩანაწერს, რომლის ხანგრძლივობაც შეადგენს 13 წამს. ჩანაწერში ასახულია თ–ში, ........ს გამზირზე, .......ის მიმდებარედ საპროტესტო აქციაში მონაწილე პირები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. ვიდეოჩანაწერის მიმდინარეობისას 00 წამიდან 03 წამამდე პერიოდში კადრში ჩანს სრული აღნაგობის წვერიანი მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია მომწვანო-მონაცრისფრო ფერის კაპიუშონიანი საწვიმარი, რომლის ქუდიც წამოფარებული აქვს თავზე, ასევე – მუქი ფერის შარვალი. ხსენებული მამაკაცი ჩქარი ნაბიჯებით უახლოვდება მის წინ მყოფ პოლიციის თანამშრომელს, რომელსაც სახის არეში ურტყამს მარჯვენა ხელის იდაყვს, რის შემდგომაც გარბის. აღნიშნული ვიდეო/აუდიო ჩანაწერის დათვალიერებით ირკვევა, რომ ვიდეო ჩანაწერის მიმდინარეობისას 04 წამიდან 13 წამამდე პერიოდში კადრში ჩანს ზემოხსენებული წვერიანი მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია მომწვანო-მონაცრისფრო ფერის, კაპიუშონიანი საწვიმარი, რომლის ქუდიც წამოფარებული აქვს თავზე. აღნიშნულის შემდეგ აუდიო/ვიდეო ჩანაწერების დათვალიერება დასრულდა.
13. მოწმე შალვა ზარგინავას გამოკითხვის ოქმით, რომელიც არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივი და მისი მონაწილეობით ჩატარებული დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ვიდეომასალის დათვალიერებისას, რომელზეც ასახულია 2024 წლის 13 მაისს თ–ში, ..........ს გამზირზე მდებარე .........ის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქცია და მასში მონაწილე პირები, ვიდეოჩანაწერის 00:00:00 - 00:00:03 წამის პერიოდში კადრში ჩანს 1983 წლის 14 იანვარს დაბადებული გ. ო–ი, რომელიც სახის არეში ურტყამს პოლიციის თანამშრომელს. ხსნებულ მამაკაცს ტანთ აცვია მომწვანო-მონაცრისფრო, კაპიუშონიანი, თხელი ქურთუკი/საწვიმარი და მოშავო ფერის შარვალი.
14. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2024 წლის 13 ივნისს გამომძიებელმა ლ. ჩ–მ დაათვალიერა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი. ჩანაწერის ხანგრძლივობა 01:16 წუთია. ჩანაწერში ასახულია თ–ში, .......ის მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ, საპროტესტო აქციის მონაწილე პირები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. ჩანაწერის დროით, 28-ე წამზე კადრში ჩნდება მამაკაცი, რომელსაც აცვია მომწვანო-მოყავისფრო კაპიუშონიანი საწვიმარი, რომლის კაპიუშონი ახურავს თავზე, და მუქი ფერის შარვალი. მამაკაცს აქვს გრძელი წვერი. აღნიშნული პირი სწრაფად უახლოვდება ქუჩაში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელსაც აცვია სამსახურებრივი საწვიმარი, ხოლო საწვიმრის კაპიუშონი ახურავს თავზე, რის შემდეგაც, ჩანაწერის დროით, 30-ე წამზე, მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს მარჯვენა იდაყვს ძლიერად ურტყამს სახის არეში, შედის ხალხის მასაში და გადის კადრიდან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ზემოაღნიშნული თანამშრომელი ტოვებს ტერიტორიას.
15. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის 2024 წლის 15 მაისის №........ დასკვნით: 1. ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეოგრამებზე დაფიქსირებული, გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების გამოსახულებები იდენტიფიკაციისათვის ვარგისია; 2. ვიდეოგრამებზე დაფიქსირებული, გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების იერსახის გამოსახულებები იდენტურია საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული, .... წელს დაბადებული გ. ვ. ო–სის (პ/ნ ........) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე არსებული გამოსახულებების; 3. ვიდეოგრამებზე გამოძიებისათვის საინტერესო დროის მონაკვეთებში დაფიქსირებულია იდენტური პიროვნების გამოსახულებები, რომელსაც ყველა ეპიზოდში აცვია ერთი და იგივე ფერის, ე.წ. „კაპიუშონიანი“ ზედა ჩასაცმელი, შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი.
16. ბრალდებულის დაკავებამდე ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმების მიხედვით, ა. ო–მა, ლ. ჭ–მ და ჯ. ბ–მა ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან სქელი სახის ნაკვთებით, სქელი, კეხიანი ცხვირით, ტუჩებით, შავი ფერის გრძელი წვერით, მუქი ფერის თვალებით და საერთო იერსახით ამოიცნეს გ. ო–ი. მოწმეთა განმარტებით, 2024 წლის 13 მაისს მიმდინარე აქციის დროს სწორედ აღნიშნულ ფოტოზე გამოსახულმა მამაკაცმა ჩაარტყა იდაყვი ა. ო–ს ცხვირისა და ზედა ტუჩის არეში.
17. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2024 წლის 15 მაისის №....... დასკვნით, 14.05.2024 წელს პირადი შემოწმებისას მოქალაქე ა. ო–ს სხეულზე გარეგნულად ცხვირის მარცხენა ფრთასა და გარდამავალი ზედა ტუჩის მიდამოზე, მარცხენა ნახევარში, აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ – 13.05.2024 წ. – თარიღს.
18. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2024 წლის 24 ივნისის №......... დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: პაკეტში, წარწერით: „...ა. ო–ისაგან ამოღებული სამსახურებრივი საწვიმარი...“, მოთავსებულ შავი ფერის, პრიალა, თხელი ქსოვილის, კაპიუშონიან საწვიმარზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1,2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა. ო–ს.
19. ბრალდებულმა გ. ო–მა თავი არ ცნო დამნაშავედ და დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ 2024 წლის 13 მაისს .........ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი იყო ხალხის სამი კატეგორია. პირველი – ეს იყვნენ აქციის მონაწილეები, მეორე – პოლიციის თანამშრომლები და მესამე – გაურკვეველი წარმომავლობის შავნიღბიანი პირები, რომლებიც გამოირჩეოდნენ აგრესიით და აქციის მონაწილეებზე სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდნენ. მისთვის, როგორც ყოფილი რაგბისტისთვის, მარტივი იყო ამ შავნიღბიანებთან ფიზიკურ კონტაქტში შესვლა და მსუბუქი მოძრაობებით ცდილობდა ფიზიკურად სუსტი დემონსტრანტების დაცვას. როგორც ბრალდებულმა განმარტა, ის იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და ცდილობდა, ვიღაცა შავნიღბიანი პირების ძალადობისაგან დაეცვა აქციის შედარებით სუსტი მონაწილეები.
20. ამდენად, ზემოხსენებული მტკიცებულებების ანალიზით დადგენილია გ. ო–ის მიერ ა. ო–ისათვის ფიზიკური დაზიანების მიყენების ფაქტი. ამასთან, დადასტურებულია, რომ სამართალდამცველებს ეცვათ სამსახურებრივი ფორმები. დაზარალებულისგან საწვიმრის ამოღების ოქმის მიხედვით, 2024 წლის 14 მაისს გამომძიებლის მიერ დაზარალებულ ა. ო–ისგან ამოღებულ საწვიმარს წინა, მარცხენა ზედაპირზე გარკვევით და შესამჩნევად გამოსახული ჰქონდა თეთრი ფერის წარწერა – „შსს დეტექტივი“, ხოლო უკანა მხარეს – „პოლიცია“. ბიოლოგიური ექსპერტიზის №....... დასკვნით, ა. ო–ისგან ამოღებულ საწვიმარზე აღმოჩენილი მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა. ო–ს. დასკვნის კვლევით ნაწილში აღწერილია, რომ საწვიმარს წინა, მარცხენა ზედაპირზე გამოსახული ჰქონდა თეთრი ფერის წარწერა – „შსს დეტექტივი“, ხოლო უკანა მხარეს – „პოლიცია“. თავად ბრალდებულმაც განმარტა, რომ დემონსტრანტებს იცავდნენ სამართალდამცველებისგან, ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს. შესაბამისად, დაცვის მხარის განმარტებითვე დასტურდება, რომ გ. ო–მა ხელი არა რომელიმე დემონსტრანტს, არამედ წინასწარი შეცნობით სამართალდამცველს დაარტყა.
21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, კანონის შესაბამისად მოპოვებული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათი სანდოობისა და სარწმუნოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა. როგორც დაზარალებულის, ასევე – მოწმეთა გამოკითხვის ოქმებსა და ჩვენებაში დაფიქსირებული ინფორმაცია თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა თუ სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ არსებობს რომელიმე მოწმის მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან და მტკიცების საგანთან დაკავშირებით, შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს როგორც გამოკვლეულ, ასევე –გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ვიდეოჩანაწერები, რომლებიც სარწმუნო მტკიცებულებებია და არ არსებობს მათი გამამყარებელი მტკიცებულების არსებობის აუცილებლობა, რამეთუ ვიდეოჩანაწერის, როგორც მტკიცებულების ძალა, საკმაოდ წონადია. ამის გამო, იგი სანდოობის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება და მისი უტყუარობის ხარისხი აღემატება მოწმის მიერ გადმოცემული ინფორმაციის სიზუსტეს. ამასთან, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ან თუნდაც ეჭვქვეშ დააყენებდა ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებს.
22. სასამართლო არ ეთანხმება კასატორის ეჭვებს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით და მიუთითებს, რომ ექსპერტიზა ჩაატარა საკმაოდ გამოცდილმა, 19 წლის სტაჟის მქონე ექსპერტმა, რომელიც გაფრთხილებულია საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ ყალბი დასკვნის მიცემისათვის. გარდა ამისა, ამ დასკვნის საპირწონედ დაცვის მხარეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულება ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის სახით. შესაბამისად, დაცვის მხარის მოსაზრება, რომ, თითქოსდა, შეუძლებელი იყო წარდგენილი ვიდეოკადრებიდან ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემა, რჩება მხოლოდ ვარაუდად.
23. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ დაცვის მხარის უფლებები, მათ შორის – მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, დაცვის მხარისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნის გზით (რაზეც აპელირებს დაცვის მხარე და რასაც, შესაძლოა, გავლენა მოეხდინა საქმის შედეგზე) რაიმე ფორმით არ დარღვეულა და არ შეზღუდულა. დაკმაყოფილდა დაცვის მხარის არაერთი შუამდგომლობა. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდათ, კანონმდებლობით დადგენილი წესით წარედგინათ თავიანთი მტკიცებულებები სასამართლოსათვის, მონაწილეობა მიეღოთ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში, ჯეროვნად დაეცვათ თავიანთი პოზიციები, დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები. მთელი სამართალწარმოების პროცესში დაცვის მხარეს საშუალება ჰქონდა, ედავა მტკიცებულებების ავთენტურობაზე, დასაშვებობაზე და მონაწილეობა მიეღო მათ გამოკვლევაში, დაეკითხა მოწმეები, მოეპოვებინა და წარმოედგინა საკუთარი მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარემ საკუთარი მტკიცებულებები თავადვე მოხსნა და არ ისურვა მათი გამოკვლევა. უშუალოდ მსჯავრდებული მთელი სამართალწარმოების პროცესში უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებით. მოცემული საქმის წარმოებისას გამოძიებასა და სასამართლოში დაცვის მხარისათვის სრულად იყო უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული – საქმის სამართლიანი განხილვის – უფლება.
24. იმის განსაზღვრისას, მთლიანობაში სამართალწარმოება იყო თუ არა სამართლიანი, გასათვალისწინებელია, რამდენად რეალიზდა დაცვის უფლებები, კერძოდ, გასარკვევია, რამდენად მიეცა განმცხადებელს საშუალება, ხელისუფლების ორგანოების წინაშე გაესაჩივრებინა მტკიცებულებათა ავთენტურობა და შეწინააღმდეგებოდა მათ გამოყენებას. გარდა ამისა, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მტკიცებულების ხარისხი/ვარგისიანობა და ისიც, თუ რამდენად აღძრავს ეჭვს იმ გარემოებათა სანდოობა და სიზუსტე, რომლებშიც ისინი მოიპოვეს. სამართლიანობის პრობლემა აღარ წარმოიშობა იმ შემთხვევაში, როცა მოპოვებული მტკიცებულება შეუთავსებელია სხვა მასალებთან. შეიძლება აღინიშნოს, რომ, თუ მტკიცებულება ძალიან მყარია და არ არსებობს მის სანდოობაში ეჭვის შეტანის რისკი, მცირდება სხვა მტკიცებულებით მისი გამყარების საჭიროება (იხ.: inter alia, Khan v. the United Kingdom, no. 35394/97, პარ. 35 და 37, და Allan v. the United Kingdom, no. 48539/99, პარ. 43, ECHR 2002-IX).
25. მტკიცებულების სანდოობასთან, განსაკუთრებით, მოწმის ჩვენებასთან მიმართებით, სასამართლო მტკიცებულების უშუალოდ გამოკვლევის პრინციპს აწესებს (CASE OF BOCOS-CUESTA v. THE NETHERLANDS, (no. 54789/00) 2005). დაცვის უფლებები მოითხოვს, ბრალდებულს მიეცეს ადეკვატური და სათანადო შესაძლებლობა, რათა დაკითხოს მის წინააღმდეგ არსებული მოწმეები, მიუხედავად იმისა, მიცემულია თუ არა მათ მიერ ჩვენებები სამართალწარმოების ადრეულ თუ მოგვიანებით ეტაპზე (იხ., Saïdi v. France, 20 September 1993, § 43, Series A no. 261-C, and A.M. v. Italy, no. 37019/97, § 25, ECHR 1999-IX). პოლიციის მიერ გამოკითხვის ან გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების მტკიცებულებად გამოყენება, თავისთავად, შეუთავსებელი არ არის კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტსა და მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან, იმ შემთხვევაში, თუ დაცულია დაცვის უფლებები. მტკიცებულებათა უშუალოდ გამოკვლევაზე კი, მათ შორის – მოწმეთა დაკითხვაზე, როგორც ზემოთ აღინიშნა, მათი უდავოდ ცნობით, დაცვის მხარემ თავად განაცხადა უარი.
26. პენიტენციური დაწესებულების ტიპის განსაზღვრასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პენიტენციური კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი. ამდენად, მსჯავრდებულ გ. ო–ის ერთი ტიპის დაწესებულებიდან მეორე ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის კანონიერებაზე სასამართლო ვერ იმსჯელებს.
27. რაც შეეხება პრეიუდიციას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის არსი არის სწორედ ის, რომ მხარეები საქმის ფაქტობრივ გარემოებებს გამოკვლევის გარეშე იღებენ მტკიცებულებად, ე. ი. ისინი თავისუფლდებიან მტკიცების ტვირთისაგან, ხოლო ინფორმაცია კი ავტომატურად იძენს მტკიცებულებით ხასიათს, რაც, ბუნებრივია, არსებით სხდომაზე მათ დამატებით გამოკვლევას აღარ საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეიუდიციის ინსტიტუტი საერთოდ აზრს დაკარგავდა, რადგან ყველა ის მტკიცებულება, რომელსაც მხარეები პრეიუდიციად მიიჩნევდნენ, ნებისმიერ დროს გახდებოდა მხარეთათვის მიუღებელი და სადავო. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, პრეიუდიცია გათანაბრებულია მტკიცებულებასთან და გათავისუფლებულია გამოკვლევის პროცესისგან (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე №455აპ-18).
28. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, 2024 წლის 3 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ მოითხოვა, უდავოდ ყოფილიყო ცნობილი ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივად ყველა მტკიცებულება. სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის ზემოხსენებული შუამდგომლობები (იხილეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ტ. 4, ს.ფ. 68-72). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემული შუამდგომლობა წარდგენილი იყო მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ და მისი პოზიცია იყო ერთგვაროვანი. შესაბამისად, დაცვის მხარისათვის, მისივე საქმიანობიდან გამომდინარე, ცნობილი იყო მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის სამართლებრივი არსი, შედეგები (მტკიცებულებებში მითითებული გარემოებებისა და ფაქტების სასამართლოში გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად და დადგენილად მიჩნევის მნიშვნელობა). 29. ამდენად, მოცემულ საქმეზე დაცვის მხარემ პოზიცია მტკიცებულებათა უდავოდ ცნობასთან დაკავშირებით სასამართლოს წინაშე ცალსახად და მკაფიოდ გამოხატა. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით, დაცვის მხარის ნამდვილი ნების საფუძველზე, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის შემთხვევაში, საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, რადგან დაცვის მხარე ამ უფლებით სარგებლობაზე ნებაყოფლობით აცხადებს უარს. შესაბამისად, პრეიუდიციულად დადგენილად ცნობილი ფაქტის უარყოფა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში.
30. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობის მიუხედავად, უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები სასამართლომ უნდა შეაფასოს მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის კუთხით ცალ-ცალკე და ერთობლივად; ასევე – მათი საკმარისობა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის (მაგ. იხ. სუსგ: N910აპ-23, N857აპ-23, N704აპ-23). ამდენად, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა სასამართლოს არ ათავისუფლებს მათი შეფასების ვალდებულებისაგან და არ გულისხმობს მათი შინაარსის იგნორირებას. ის ფაქტი, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა ნამდვილად შეაფასეს უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები დასტურდება განაჩენებით, რომლებშიც სასამართლო მიმოიხილავს აღნიშნული მტკიცებულებებს და მათზე დაყრდნობით ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული სასამართლოში გამოკვლეული და პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებები კანონის შესაბამისად მოპოვებული, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი და მტკიცების საგანთან მიმართებით რელევანტურია. ამგვარი მოცემულობის პირობებში კი, დაცვის მხარის არგუმენტი მტკიცებულებათა არასანდოობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ მიიჩნევა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით რომელიმე მოწმის მიკერძოება ან/და საქმის შედეგით დაინტერესება არ დადასტურებულა.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ო–ის ასეთი ქმედება ცალსახად ადასტურებს მის უარყოფით განწყობას სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლების მიმართ და ქმნის საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.
33. საგამოძიებო ქვემდებარეობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს №3 ბრძანების საფუძველზე (რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს – 2024 წლის 13 მაისს), სისხლის სამართლის საქმე განეკუთვნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას. შესაბამისად, განსახილველი საქმის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამმართველოს მიერ გამოძიებისას ინტერესთა კონფლიქტი, რომლის თაობაზეც საჩივარში აპელირებს კასატორი, – არ გამოვლენილა.
34. სასამართლო აქვე ორიოდე სიტყვით მიმოიხილავს ადვოკატის არგუმენტს საქმის გაჭიანურებასთან დაკავშირებით. საკასაციო საჩივარში ადვოკატი კ. ბ–ა, ერთი მხრივ, აცხადებს პრეტენზიას საქმის დაჩქარებული წესით გამოძიებასთან მიმართებით, მეორე მხრივ, კი გამოთქვამს უკმაყოფილებას საქმის განხილვის გაჭიანურებასთან დაკავშირებით. ამასთან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ა. ბ–მ და კ. ბ–ამ – 2024 წლის 9 აგვისტოს განცხადებებით მიმართეს საქმის განმხილველ მოსამართლეს საქმის განხილვის სექტემბრის თვემდე გადადების მოთხოვნით (ტ. მე-4, ს. ფ. 16-17). აღნიშნულის გათვალისწინებით, დაცვის მხარის მსგავსი მითითება პარადოქსული და, შესაბამისად, უსაფუძველოა.
35. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას საქმის არსებითად განხილვის თაობაზე: საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-31 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად. ამავე მუხლის მე-32 ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, „საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე“ (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილი). ამდენად, საკასაციო პალატას არ აქვს საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის უპირობო სამართლებრივი ვალდებულება.
36. საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა პრეტენზიებს სააპელაციო სასამართლომ გასცა დასაბუთებული პასუხები, რის გამოც, მათ გამეორებას საკასაციო პალატა მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
37. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულყოფილად, ამომწურავად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები; ამასთან, ნათლად მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენი უცვლელად დატოვა. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
38. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომით, მისი ფუნქცია არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლოს როლის შესრულება, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებით. ის მიიჩნევს, რომ პროცედურული ან მატერიალური კანონმდებლობის განმარტება და გამოყენება ეროვნული სასამართლოების პრეროგატივაა და ისინი უკეთეს პოზიციაში იმყოფებიან კონკრეტულ საქმეზე მოწმეთა სანდოობისა და მტკიცებულებათა რელევანტურობის საკითხის შეფასების თვალსაზრისით.
39. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
40.ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
41. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ო–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ბ–ას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე