გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/308-01 25 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, ბ. კობერიძე
დავის საგანი: ბინის ქირის გადახდა, გამოსახლება, საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის დათმობისას გადახდილი თანხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისში, ... მდებარე სახლფლობელობა საკუთრების უფლებით ირიცხება თ. პ-ოვა-გ-ძის სახელზე. ამ უკანასკნელმა 1990 წლის 26 აგვისტოს შინაურული ხელშეკრულებით, გირაოს წესით, 5 წლის ვადით 25000 მანეთად ი. თ-ძეს დაუთმო ლიტერ “ა” ნაგებობის 22 კვ.მ. ფართობის ოთახი სამზარეულოთი და სარდაფით; ვადის გასვლის შემდეგ ე.ი. 1995 წლის 26 აგვისტოსათვის ი. თ-ძეს უნდა დაეთმო დაკავებული სადგომი, ხოლო მოსარჩელეს უნდა გადაეხადა გირაოდ აღებული თანხა.
თ. პ-ოვა-გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და ითხოვა, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხე ი. თ-ძის ბინიდან გამოსახლება.
თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლომ 1996 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა. ი. თ-ძე გამოსახლებულ იქნა დაკავებული ბინიდან. ამავე დროს თ. პ-ოვა-გ-ძეს დაეკისრა ი. თ-ძის სასარგებლოდ 11 495 ლარის გადახდა.
საქმე არაერთგზგის განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.
თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. პ-ოვა-გ-ძეს ი. თ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 12014 ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოდ უცვლელად დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით. ამავე პალატის 1999 წლის 22 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 29 ოქტომბრის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 26 იანვრის განჩინება და მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, განახლებულ იქნა საქმის წარმოება.
უზენაესი სასამართლოს განჩინებით გაუქმდა განჩინებები და გადაწყვეტილებები თ. პ-ოვა-გ-ძეზე თანხის დაკისრების ნაწილში, ხოლო თ. თ-ძის ბინიდან გამოსახლების ნაწილში დარჩა უცვლელი.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით თ. პ-ოვა-გ-ძეს ი. თ-ძის სასარგებლოდ გადახდა 8862 ლარი.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. პ-ოვა-გ-ძემ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. კასატორი მოითხოვს საოლქო სასამართლოს 2000 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მხარეებს შორის შინაურული ხელწერილის შესაბამისად თ. პ-ოვა-გ-ძემ გირაოს წესით, 5 წლის ვადით, ი. თ-ძეს დაუთმო 25000 მანეთად ... მდებარე 22 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. დათქმული დროის გასვლის შემდეგ თ-ძეს უნდა გაენთავისუფლებინა დაკავებული სადგომი, ხოლო მოსარჩელეს უნდა გადაეხადა ანალოგიური ბინის გირაოს ანალოგიური თანხა 10%-ის დაქვითვით, იმ აუცილებელი ხარჯების გამოკლებით, რასაც შეადგენდა კომუნალური გადასახადები და ბინის ქირა. სააგენტო “ვექილის” მიერ ჩატარებული შეფასების მიხედვით, სადაო ბინის შესაბამისი ბინის გირაოს თანხა 1996 წელს 600 ლარს შეადგენდა. კასატორი თვლის, რომ მის მიერ გადასახდელი თანხა სწორედ 600 ლარს შეადგენს. კასატორის განმარტებით საქმეში არსებობს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გაცემული რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ცნობა. ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს კანონი, წარმოებს მიახლოებითი მონაცემების განსაზღვრა და არა კონკრეტული ინდექსაციის დადგენა. კასატორის მოსაზრებით, უნდა შეჩერდეს საქმის წარმოება სახელმწიფოში ინდექსირების შესახებ კანონის მიღებამდე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, ფულადი სახსრების ინდექსირების შესახებ კანონის მიღებამდე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით საქმის წარმოების შეჩერების ასეთი საფუძველი არ არსებობს. მოცემული დავის მოსაწესრიგებლად შესაბამისი ნორმის არაარსებობის შემთხვევაშიც კი სასამართლო არ იყო უფლებამოსილი უარი ეთქვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სასამართლოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ სამართლის ნორმა არ არსებობს ან იგი ბუნდოვანია.
საქმის მასალებით დადგენილია, ი. თ-ძის მიერ თ. პ-ოვა-გ-ძისათვის 1990 წლის აგვისტოში 25 000 მანეთის გადაცემის ფაქტი ბინის სარგებლობის დათმობისათვის. აღნიშნულს ადასტურებს თვით კასატორი.
პალატა ვერ გაიზიარებს თ. პ-ოვა-გ-ძის მოსაზრებას, რომ მხარეთა შორის შინაურული ხელშეკრულების შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაუბრუნოს არა მის მიერ გადაცემული თანხის ექვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში, არამედ 1995 წლისათვის სადავო ბინის ანალოგიური ბინის გირაოს ღირებულება, რაც 700-800 ლარს შეადგენს.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია აღნიშნულ შინაურულ ხელწერილთან დაკავშირებით და არ გამოიყენა იგი. თ. პ-ოვა-გ-ძის განცხადების დასადასტურებლად. საქმეში არსებული (ს.ფ. 12) შინაურული ხელწერილი იმის შესახებ, რომ ანალოგიური ბინის გირაოს ღირებულების თანხის გადახდის შემთხვევაში, თითქოს თ-ძე გაანთავისუფლებდა სადაო ოთახს, ვერ ჩაითვლება მხარეთა შორის შეთანხმების დამადასტურებლად, ვინაიდან მათზე ი. თ-ძე ან მისი წარმომადგენელი ხელს არ აწერს, რაც ამ უკანასკნელის მხრიდან გამორიცხავს ნების გამოვლენას გარიგების დასადებად.
ამდენად, კასატორის მოთხოვნას, რომ მან მოწინააღმდეგე მხარეს 600 ლარი უნდა გადაუხადოს, საფუძველს მოკლებულია და არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა თ. პ-ოვა-გ-ძეზე დაკისრებული თანხის ოდენობა - 8862 ლარი - საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული უკანასკნელი ცნობის მიხედვით და გამოაკლო აღნიშნულ თანხას თ. პ-ოვა-გ-ძის მიერ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს დეპოზიტზე შეტანილი 600 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. პ-ოვა-გ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 5 დეკემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.