Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 9კ/309-01 30 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, ბ. კობერიძე

დავის საგანი: მოსარგებლის საცხოვრებელი სადგომის გათავისუფლება მესაკუთრის მიერ მისთვის საკუთრებაში სხვა ბინის გადაცემის გზით.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ს-შვილი არის ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე. აღნიშნული სახლის ორი ოთახი დათმობის წესით სარგებლობის უფლებით დაკავებული აქვთ თა. და თე. ბ-ძეებს. იმის გამო, რომ მხარეებს შორის წლების მანძილზე დაიძაბა ურთიერთობა, ასევე, მ. ს-შვილს ბინა ესაჭიროება თავისი დისა და დისშვილისათვის, მან სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხეების გამოსახლება მისი კუთვნილი ბინიდან და მისი დის, ლ. ს-შვილის საკუთარ ოროთახიან იზოლირებულ ბინაში შესახლება საკუთრების უფლებით.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ს-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა: თა. და თე. ბ-ძეები თავის არასრულწლოვან შვილებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ ქ. თბილისში, ... მდებარე, მ. ს-შვილის კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან და საკუთრების უფლებით შესახლებულ იქნენ ქ. თბილისში, ... კორპუსში მდებარე ლ. ს-შვილის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, რომლის საერთო ფართია 59,3 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი - 42,3 კვ.მ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ დაასაბუთა იმით, რომ საქართველოს კანონის “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” მე-5 მუხლის თანახმად, მოსარგებლე ვალდებულია დააკმაყოფილოს მესაკუთრის მოთხოვნა სადგომის გათავისუფლებაზე, თუ: ა) მესაკუთრე მოსარგებლეს საკუთრებაში გადასცემს სხვა საცხოვრებელ სადგომს იმავე დასახლებული პუნქტის ფარგლებში, ერთ სულზე არანაკლებ 9 კვ.მ-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს იმ ფართისა, რომელიც ეკავა მოსარგებლეს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხეებს შესთავაზა მეტი ფართის იზოლირებული, უკეთ მოწყობილი საცხოვრებელი ბინა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობაა, მოსარჩელე მ. ს-შვილი არის მარტოხელა, მას და მის დას ლ. ს-შვილს სურთ ერთად ცხოვრება. ამასთან, ლ. ს-შვილი თანახმაა თავისი კუთვნილი ბინა საკუთრებაში გადასცეს მოპასუხეებს.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება სააპალაციო წესით გაასაჩივრეს თა. და თე. ბ-ძეებმა და მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ბ-ძეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპალაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ს-შვილსა და ბ-ძეებს შორის საცხოვრებელ ფართზე ქირავნობის ხელშეკრულება კი არ ყოფილა დადებული, არამედ, გარიგება, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ. ამდენად, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლისა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ თა. და თე. ბ-ძეები არიან სადავო საცხოვრებელი სადგომით მოსარგებლეები. სააპალაციო პალატამ ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში სწორად მიუთითა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-5 მუხლზე. ამასთან, აღნიშნული მუხლის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხეებისათვის ოთხ სულზე უნდა მიეცა საკუთრებაში 36 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომი, მაშინ როცა მ. ს-შვილმა მოპასუხეებს გადასცა საკუთრებაში 52,3 კვ.მ. საერთო ფართის მათ შორის - 42,3 კვ.მ საცხოვრებელი ბინა.

სააპალაციო პალატამ ჩათვალა, რომ კანონში მითითებული “იმავე დასახლებული პუნქტი” არის გეოგრაფიული ტერმინი და მასში მოიაზრება ქალაქი, სოფელი, დაბა და არა ქალაქის რომელიმე უბანი, როგორც ამას მოპასუხეები თვლიდნენ. მ. ს-შვილი ვალდებული იყო მოსარგებლეებისთვის გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი სადგომი ქ. თბილისის ფარგლებში, რაც გააკეთა კიდეც.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თა. და თე. ბ-ძეებმა იმ საფუძვლით, რომ ისინი წლების მანძილზე ცხოვრობდნენ აღნიშნულ ბინაში, ამავე რაიონში მუშაობენ, შვილები სწავლობენ და მათთვის მნიშვნელოვანი მორალური და მატერიალური ზიანის მომტანია ... დასახლებაში საცხოვრებლად გადასვლა. ასევე, მიუთითეს, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებასა და საოლქო სასამართლოს განჩინებაში მითითებულია, რომ ... დასახლებაში მდებარე ბინის საერთო ფართია 59,3 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი 42,3 კვ.მ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობიდან კი ჩანს, რომ ... დასახლების ... კორპუსში მდებარე ოროთახიანი ბინა, ირიცხება ლ. ს-შვილის სახელზე და ბინის ფართია 33 კვ.მ. მათ კი ოთხ სულზე ეკუთვნით 36 კვ.მ. ბინა. კასატორები, ასევე, ითხოვენ მათი სრულწლოვანი ვაჟიშვილის ჩაბმას საქმეში მოპასუხედ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდესის 81-ე მუხლისა, რაც არ გაუკეთებია არც რაიონულ და არც საოლქო სასამართლოებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თა. და თე. ბურჯანეძეები ითხოვენ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას საოლქო სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ თა. და თე. ბ-ძეების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ მ. ს-შვილის საკუთრებას წარმოადგენს ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სადგომი. მის კუთვნილ ბინაში, ორ ოთახში, 21 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით, წლების განმავლობაში ცხოვრობენ თა. და თე. ბ-ძეები ორ შვილთან ერთად. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ს-შვილის სარჩელი მოპასუხეების: თა. და თე. ბ-ძეების მიმართ მისი კუთვნილი ბინის ორი ოთახიდან გამოსახლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეები არიან მოსარჩელის ბინის მოსარგებლეები “საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” კანონის თანახმად. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოსარჩელეს თა. და თე. ბ-ძეების გამოსახლება არ შეუძლია სხვა ბინის მიცემის გარეშე. ამის შემდეგ მ. ს-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ-ძეების მიმართ და მოითხოვა მათი ბინიდან გამოსახლება და საკუთრების უფლებით შესახლება ქ. თბილისში, ... ოროთახიან ბინაში, რომელიც მისი დის, ლ. ს-შვილის, საკუთრებაა. სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონი, რადგან ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხეები ცნობილ იქნენ მ. ს-შვილის ბინის მესაკუთრეებად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად კი, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

,,საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, მოსარგებლე ვალდებულია დააკმაყოფილოს მესაკუთრის მოთხოვნა სადგომის გათავისუფლების თაობაზე, თუ მესაკუთრე მოსარგებლეს გადასცემს საკუთრებაში სხვა საცხოვრებელი სადგომს იმავე დასახლებული პუნქტის ფარგლებში, ერთ სულზე არა ნაკლებ 9 კვ.მ-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს იმ ფართისა, რომელიც ეკავა მოსარჩელეს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად მიუთითა მოპასუხეებისათვის საკუთრებაში გადასაცემი ბინის ფართზე. ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ქ. თბილისში, ... ოროთახიანი ბინის ფართია 33 კვ.მ, ხოლო საერთო ფართია 55 კვ.მ, ზემოთაღნიშნული კანონის ნორმის თანახმად, კასატორებს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ არაუმეტეს იმ ფართისა, რომელიც უკავიათ მოსარჩელის ბინაში, ე.ი. 21 კვ.მ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხეებს გადასცა იმაზე მეტი საცხოვრებელი ფართობი, რაც მათ მითითებული კანონის შესაბამისად ეკუთვნოდათ. საკასაციო საჩივარში მითითებულ სამართლის ნორმის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების კანონიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თა. და თე. ბ-ძეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 19 დეკემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.