Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹3 კ/310-01 11 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი: სარჩელში – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

შეგებებულ სარჩელში – თანხის დაკისრება, ბინიდან გამოსახლება, მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს მ. და ს. ლ-ძეებმა ლ. ლ-ძის და მესამე პირების მ. ა-ძის და ¹ 67 სახელმწიფო სანოტარო ბიუროს მიმართ და მოითხოვეს ლ. ლ-ძესა და მ. ა-ძეს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ისინი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად ... მდებარე ოთხოთახიან ბინაში. აღნიშნული ბინა გაყიდეს 1996 წლის 22 ივლისს, რომლის ნაცვლად შეიძინეს ოროთახიანი ბინა ..., ეს ბინა 1998 წლის 15 ივლისს. მოპასუხე ლ. ლ-ძემ, რომლის სახელზეც იყო რეგისტრირებული, ს. და მ. ლ-ძეების თანხმობის გარეშე მიჰყიდა მ. ა-ძეს, რაც მისთვის შემთხვევით გახდა ცნობილი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ლ. ლ-ძის სიძემ მ. კ-ძემ საგაზეთო განცხადების შესაბამისად სესხად მიიღო მ. ა-ძისგან 4000 აშშ დოლარი 10%-იანი პროცენტის გადახდით. ნასყიდობის ხელშეკრულება კი ამ უკანასკნელსა და ლ. ლ-ძეს შორის გაფორმდა აღნიშნული სესხის უზრუნველყოფის მიზნით.

მ. ა-ძემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ლ. ლ-ძეზე - 10720 აშშ დოლარის შესაბამისი ეროვნული ვალუტის – ლარის გადახდის დაკისრება აღსრულების დროისთვის არსებული კურსით და თანხის გადახდისათვის ლ. ლ-ძისათვის ერთთვიანი ვადის დანიშვნა. ამ ვადის გასვლისა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, სადავო 2 ოთახიანი ბინის აუქციონის წესით გაყიდვა კრედიტის დასაფარავად ან ამ ბინის ცნობა მის საკუთრებად და ლ. ლ-ძის გამოსახლება იმის გამო, რომ სესხის თანხა დარიცხულ პროცენტებთან ერთად მისთვის არ დაუბრუნებია. მ. ა-ძემ მოითხოვა, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ. ლ-ძესა და მ. ა-ძეს შორის 1998 წლის 15 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ცნობილ იქნა ბათილად, როგორც მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება.

სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას, 1999 წლის 3 დეკემბერს საოქმო განჩინებით საქმეზე სათანადო მოსარჩელედ ცნობილ იქნა ლ. ლ-ძე, ხოლო მ. და ს. ლ-ძეები, აგრეთვე, მ. კ-ძე ჩაბმულ იქნენ საქმეში მესამე პირებად მოსარჩელის მხარეზე. მ. ა-ძე დარჩა საქმეში მოპასუხედ.

მ. ა-ძემ აღძრა სააპელაციო ინსტანციაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მოითხოვდა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში ლ. ლ-ძეზე 10720 აშშ დოლარის დაკისრებას, ძირითადი თანხის - 4000 აშშ დოლარისა და თვეში 10%-ის სარგებლის, სულ - 7200 აშშ დოლარის - გათვალისწინებით.

საქმე არაერთგზის განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება შეიცვალა და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი ლ. ლ-ძესა და მ. ა-ძეს შორის 1998 წლის 15 ივნისს თბილისში, ... მდებარე ლ. ლ-ძის სახელზე რიცხული ოროთახიანი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც თვალთმაქცური გარიგება და მხარეთა შორის ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოყენებულ იქნა სესხისა და იპოთეკის წესები. მ. ა-ძის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ. კ-ძეს დაეკისრა მ. ა-ძის სასარგებლოდ 6000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხის ეროვნულ ვალუტაში გადახდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ამ თანხის გადახდევინება მოხდება თბილისში, ... ლ. ლ-ძის სახელზე რიცხული ოროთახიანი ბინის კანონით დადგენილი წესით რეალიზაციის გზით. უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა მ. ა-ძის მოთხოვნა თბილისში, ... მდებარე ლ. ლ-ძის სახელზე რიცხული ბინის მესაკუთრედ ცნობისა და ამ ბინიდან ლ-ძეების ოჯახის გამოსახლების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ფაქტობრივად იპოთეკას წარმოადგენდა. ლ. ლ-ძის ბინა გამოყენებულ იქნა მ. კ-ძის მიერ მიღებული სესხის უზრუნველსაყოფად. იმის გამო, რომ სესხი მიიღო მ. კ-ძემ, რომელიც სესხის ხელშეკრულების მხარეა, სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად კი მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხი, სააპელაციო სასამართლომ მას დააკისრა სესხის დაბრუნების ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისთვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. მ. ა-ძემ ვერ დაამტკიცა, რომ მის მიერ მოთხოვილი თანხის ოდენობა - თვეში 6% - შესაბამისობაშია იმ დროისათვის არსებული ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლზე დაყრდნობით მ. კ-ძეს დააკისრა მის მიერ აღიარებული 6000 აშშ დოლარის ოდენობის თანხის გადახდა მ. ა-ძის სასარგებლოდ, ხოლო სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში დაადგინა უზრუნველყოფა იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციით.

კასატორები: მ., ლ. და ს. ლ-ძეები მოითხოვენ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ... მდებარე ბინის სესხის უზრუნველსაყოფად შესაძლო რეალიზაციის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო საკუთრებაში არსებული ნივთი-ქონება თანამესაკუთრეებთან შეთანხმების საფუძველზე შეიძლება დაგირავდეს ან უფლებრივად სხვაგვარად დაიტვირთოს ერთ-ერთი მესაკუთრის სასარგებლოდ და მისი ინტერესებისათვის. მოცემულ შემთხვევაში კი კასატორებს თანხმობა ბინის გაყიდვის ან გირაოში ჩადების შესახებ, არ მიუციათ.

კასატორი მ. ა-ძე მოითხოვს საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას თანხის ოდენობის, ლ. ლ-ძისა და ბინის სხვა წევრების ბინიდან გამოსახლებისა და მესაკუთრედ ცნობაზე უარის თქმის ნაწილში, იმ საფუძვლით, რომ მ. კ-ძეზე დაკისრებული თანხის ოდენობა მის მიერ აღიარებული საპროცენტო განაკვეთის ოდენობის არაადეკვატურია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება შეემცირებინა მხარეებს შორის შეთანხებული პროცენტის ოდენობა.

კასატორის განმარტებით მას და ლ. ლ-ძეს შორის გაფორმებული შინაურული ხელწერილით ეს უკანასკნელი იღებდა ვალდებულებას, ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში საკუთრებაში გადაეცა ბინა მ. ა-ძისათვის და ოჯახის წევრები გამოსახლებულიყვნენ სადავო ბინიდან. სააპელაციო სასამართლოს, გარდა იპოთეკის წესებისა უნდა ეხელმძღვანელა ვალდებულებითი სამართლის ნორმებით, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 321-ე მუხლებით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრებს, საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ ს., მ. და ლ. ლ-ძეების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა მიჩნეული, რომ ლ. ლ-ძესა და მ. ა-ძეს შორის 1998 წლის 15 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება თბილისში, ... მდებარე ბინის თაობაზე თვალთმაქცურია და აღნიშნული გარიგებით მხარეებს სურდათ დაეფარათ სხვა, მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება. ასევე, დადასტურებულდაა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ლ. ლ-ძემ იცოდა მისი სიძის – მ. კ-ძის მიერ სესხის მიღებისა და სესხის უზრუნველსაყოფად საკუთარი ოროთახიანი ბინის იპოთეკით დატვირთვის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ არის.

სამოქალაქო კოდექსის მე-300-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოვალე გააჭიანურებს იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც იპოთეკაა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, ვერ იქნება გაზიარებული კასატორების მ., ს. და ლ. ლ-ძეების მოთხოვნა სესხის უზრუნველსაყოფად სადავო ბინის შესაძლო რეალიზაციის უკანონობის თაობაზე, ვინაიდან სესხის უზრუნველყოფა მხოლოდ უძრავი ნივთის რეალიზაციითაა შესაძლებელი.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ მ. ა-ძის მოტივაციას, რომ მოწინააღმდეგე მხარეს - მ. კ-ძეს - თანხა ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის ფარგლებში 6%-ით უნდა დაკისრებოდა, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან.

მ. ა-ძეს არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის მტკიცებულება, რომლითაც მის მიერ მოთხოვნილი საპროცენტო განაკვეთის კანონიერებას დაადასტურებდა.

პალატას სწორად მიაჩნია 6000 ლარის დაკისრება კ-ძისათვის, ამ უკანასკნელის აღიარების საფუძველზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად.

სააპელაციო პალატამ სწორად არ დააკმაყოფილა ლ. ლ-ძის ოჯახის წევრების ბინიდან გამოსახლებისა და მესაკუთრედ ცნობაზე მ. ა-ძის პრეტენზია, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის უფლება აქვს მესაკუთრეს, ხოლო მ. ა-ძე სესხის ხელშეკრულების მხარეა და არა სადაო ბინის მესაკუთრე.

ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატას არ მიუთითებია გადაწყვეტილებაში სადავო ბინის ლ. ლ-ძის სახელზე აღრიცხვისა და საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე, რაც შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილებით დადგენილი საკითხების სწორ სამართლებრივ ინტერპრეტაციას. გამომდინარე აღნიშნულიდან, სადავო ბინა უნდა აღირიცხოს ლ. ლ-ძის სახელზე და შევიდეს სათანადო ცვლილებები საჯარო რეესტრში.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ს. ლ-ძის, მ. ლ-ძის, ლ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი.

3. შეიცვალოს საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების მესამე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით.

ბათილად იქნეს ცნობილი ლ. ლ-ძესა და მ. ა-ძეს შორის 1999 წლის 15 ივნისს გაფორმებული, თბილისში, ... მდებარე ლ. ლ-ძის სახელზე რიცხული ოროთახიანი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც თვალთმაქცური და მხარეთა შორის დადებული გარიგება ჩაითვალოს იპოთეკის ხელშეკრულებად.

სადავო ბინა აღირიცხოს ლ. ლ-ძის სახელზე და იგი დაიტვირთოს იპოთეკის ხელშეკრულებით. შევიდეს სათანადო ცვლილებები საჯარო რეესტრში.

დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.