Facebook Twitter

საქმე # 110100123007906475

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№575აპ-25 თბილისი

ჭ–ე ვ., 575აპ-25 24 ნოემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ჭ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. შ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ჭ–ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით – განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით, 22:00 საათზე, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ უ–ში მდებარე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, ვ. ჭ–ემ გ. ლ–ს დანით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სამი ჭრილობა: ერთი – მარცხენა, წინა აქსილარულ ხაზზე, მე-6 და მე-7 ნეკნთა შუა არეში, მეორე – უკანა აქსილარულ ხაზზე, მე-8 და მე-9 ნეკნთა შუა, პლევრის ღრუში შემავალი და მესამე – მარცხნივ, უკან, წელის აქსილარულ მხარეს. ვ. ჭ–ემ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად.

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განაჩენით ვ. ჭ–ის (პირადი №........), დაბადებულის 19.. წელს, ნასამართლობის არმქონის, მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე; ვ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2023 წლის 11 აგვისტოდან.

4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· 2023 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით, 22:00 საათზე, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ უ–ში მდებარე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, დაზარალებულისათვის ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვით, ვ. ჭ–ემ გ. ლ–ს დანით მიაყენა სამი ჭრილობა: ერთი – მარცხენა, წინა აქსილარულ ხაზზე, მე-6 და მე-7 ნეკნთა შუა არეში – მსუბუქი ხარისხის, მეორე – მარცხნივ, უკან, წელის აქსილარულ მხარეს – მსუბუქი ხარისხის და მესამე – უკანა აქსილარულ ხაზზე, მე-8 და მე-9 ნეკნთა შუა არეში, პლევრის ღრუში შემავალი – სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხისა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატი მ. შ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას, ვ. ჭ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილიდან სსკ-ის 122-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას იმ მოტივით, რომ ის იყო არა კონფლიქტის ორგანიზატორი, არამედ – ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი, რა დროსაც იძულებული იყო, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, დაზარალებულისათვის სხეული დაეზიანებინა.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ.№565აპ-21, №543აპ-20, №608აპ-21), ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია: საქმეში არსებული მტკიცებულებების (დაზარალებულ გ. ლ–ის, მოწმეების: გ. ბ–ს, ლ., ზ. და თ.კ–ების, ბ. ბ–ს, დ. გ–სა და სხვა ჩვენებების, ექსპერტიზების დასკვნების, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების ნიმუშის აღებისა და ამოღების ოქმების და საქმეში არსებული სხვა მასალების) საფუძველზე დადგენილია, რომ 2023 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით, 22:00 საათზე, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ უ–ში მდებარე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, დაზარალებულისათვის ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვით, ვ. ჭ–ემ გ. ლ–ს დანით მიაყენა სამი ჭრილობა. სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 5 სექტემბრის N…… დასკვნის მიხედვით, მოქ. გ. ლ–მა საავადმყოფოს მიმართა 10.08.23 წლის 22:59 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 15.08.23 წლის 11:00 სთ-ზე დიაგნოზით: გულმკერდის, მუცლის, ზურგის ქვედა ნაწილისა და მენჯის ღია ჭრილობები; ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად. დაზიანება გულმკერდის მიდამოში – მარცხნივ, უკანა აქსილარულ ხაზზე, მე-8 და მე-9 ნეკნთაშუა მიდამოში არსებული ჭრილობა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, ხოლო დაზიანებები გულმკერდის მიდამოში, მარცხნივ, წინა აქსილარულ ხაზზე, მე-6 და მე-7 ნეკნთაშუა მიდამოსა და წელის მიდამოში მარცხნივ, უკანა აქსილარულ ხაზზე არსებული ჭრილობები, ცალ-ცალკე და ერთად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. აღნიშნული დასტურდება სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ქირურგის, დ. გ–ს ჩვენებითაც. 2023 წლის 11 აგვისტოს ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის წინა კარის შიდა სათავსოდან ამოღებულ მორუხო-მოყვითალო ფერის ხისტარიან გასაშლელ დანას (რომელიც ეკუთვნოდა ვ. ჭ–ეს) მჭრელ პირზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2024 წლის 16 აპრილის №…… დასკვნით დასტურდება, რომ პაკეტში წარწერით „ხისტარიანი გასაშლელი დანა“, მოთავსებულ დანაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ. ლ–ს, ხოლო დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ვ. ჭ–ეს.

9. შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ვ. ჭ–ის მიერ გ. ლ–ისათვის დანით მიყენებულ ჭრილობათაგან ერთი ჭრილობა იყო სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის. გამომდინარე აქედან, სასამართლომ დაასკვნა, რომ სახეზეა 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი ნიშნები, კერძოდ: მოქმედება, მძიმე შედეგი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ მძიმე შედეგს შორის.

10. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვ. ჭ–ეს რამდენიმე ადამიანი სცემდა და დანა გამოიყენა თავდასაცავად –

იქნევდა მოგერიების მიზნით – და, გამომდინარე აქედან, მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.

11. საკასაციო პალატა კვლავაც იმეორებს, რომ „ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში (ფარგლების გადაცილებით) ჩადენილად ითვლება, თუ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება აუცილებელი მოგერიების სავალდებულო წინაპირობების არსებობა“. შესაბამისად, აუცილებელია ერთმანეთთან დაკავშირებული ისეთი გარემოებების შეფასება, როგორიცაა: კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა ხელყოფის საშიშროებასა და ინტენსივობასთან. პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ხელყოფა მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა და საფრთხეს უქმნის სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება უკიდურესობით არის გამოწვეული. ეს გულისხმობს, რომ უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისათვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას, ამასთან, მოგერიება ხორციელდება სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაც მხოლოდ მაშინ იკვეთება, თუ არსებობს აუცილებელი მოგერიების ვითარების ყველა პირობა, მომგერიებელს არ დაურღვევია დაცვის მართლზომიერების პირობები, თუმცა გადააცილა ფარგლებს. შესაბამისად, „სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების ანალიზის საფუძველზე გაირკვეს, რამ გამოიწვია და რისკენ იყო მიმართული პირის ქმედება: მსჯავრდებული მოქმედებდა სხვისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვით საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის არარსებობის პირობებში, თუ საკუთარი წარმოდგენით მოქმედებდა მართლზომიერად, იცავდა თავს, მისთვის არსებითი არ იყო მიყენებული დაზიანების ხარისხი და მთავარი იყო, აღნიშნულით უზრუნველეყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის განჩინება N770აპ-19).

12. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება არცერთი თვითმხილველი მოწმის ჩვენებით, მეტიც, მოწმეთა ჩვენებებით და სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ. ლ–ი და ვ. ჭ–ე ჩხუბის პირველ ეპიზოდში გააშველეს და ისინი ერთმანეთს დასცილდნენ. გ. ლ–ი გაერიდა კონფლიქტურ სიტუაციას და აპირებდა სახლში წასვლას, ხოლო ვ. ჭ–ემ თავისი ავტომობილიდან აიღო დანა, დაბრუნდა და, შურისძიების მოტივით, გ. ლ–ის ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვით მიაყენა სამი ჭრილობა, რომელთაგან ერთ-ერთი აღმოჩნდა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის, აღნიშნული კი გამორიცხავს აუცილებელი მოგერიების წინაპირობას, შესაბამისად, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებასაც.

13. აუცილებელი მოგერიების ფაქტის დასადასტურებლად იმ გარემოებაზე მითითება, რომ მსჯავრდებულს აღენიშნებოდა დაზიანებები სახის არეში, არ არის საკმარისი მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის დასადასტურებლად. დაზარალებულის მხრიდან ვ. ჭ–ეზე რამდენიმე დარტყმას ადასტურებენ როგორც დაზარალებული, ასევე – გ. ბ–ი და ლ. კ–ე, ოღონდ მხოლოდ ფიზიკური კონფლიქტის თავდაპირველ ეპიზოდში, ბრალდებულის მიერ დანის აღებამდე. კამათის პირველი ეპიზოდი ამოწურული იყო. ვ. ჭ–ისათვის დაზარალებულს არ შეუქმნია ისეთი ხასიათის იმწუთიერი და რეალური საფრთხე, რომელიც განაპირობებდა მის მიერ დანის გამოყენებით ხელმყოფის მოსაგერიებლად მოქმედების აუცილებლობას, ხოლო დანაშაულის ჩადენის ხერხი და იარაღი, ასევე – დაზარალებულისათვის რამდენიმე ჭრილობის მიყენება მიუთითებს ბრალდებულის მხრიდან არა დაცვის, არამედ გ. ლ–ისთვის სხეულის დაზიანების სურვილზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანის გამოყენებისას ვ. ჭ–ე არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების პირობებში და ადგილი არ აქვს მოგერიების ფარგლების გადაცილებას.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა ვ. ჭ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე უსაფუძვლოა. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და, შესაბამისად, გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

16. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. ჭ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. შ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე