საქმე # 010100124009731604
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №594აპ-25 თბილისი
თ. ზ. ო., 594აპ-25 17 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილისა და მსჯავრდებულ ზ. ო. თ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. თ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ზ. ო. თ–ი (პირადი №.....), დაბადებული 19..წელს, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 4 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 111,151–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 8 თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გაუნახევრდა და განესაზღვრა 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ზ. ო. თ–ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მიესაჯა 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2024 წლის 29 ივნისიდან 2024 წლის 29 ოქტომბრამდე და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბერის კანონის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გაიცა დამცავი ორდერი შემდეგი პირობებით:
– მსჯავრდებულ ზ. ო. თ–ს აეკრძალა იმ სახლსა და ადგილებთან მიახლოება, რომელშიც დაზარალებული ფ. ნ. ა–ი ცხოვრობს ან დაზარალებული იმყოფება;
– მსჯავრდებულ ზ. ო. თ–ს აეკრძალა დაზარალებულთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია, მათ შორის – ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; დაზარალებულის თანხმობის გარეშე, ასევე აეკრძალა მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მესამე პირების მეშვეობით;
– დამცავი ორდერის ვადად განისაზღვრა 4 თვე. დამცავი ორდერი ძალაში შევიდა გამოცემისთანავე – 2024 წლის 29 ოქტომბრიდან. დამცავი ორდერის პირობების დარღვევა გამოიწვევს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. ო. თ–მა ჩაიდინა: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2024 წლის 28 ივნისს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, ... ქუჩის N..-ში მდებარე ბინა N..-ში, ზ. ო. თ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, დედას – ფ. ნ. ა–ს, ძლიერად ურტყამდა ხელებსა და ფეხებს სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2024 წლის 28 ივნისს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, ... ქუჩის N..-ში მდებარე ბინა N..-ში, ზ. ო. თ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, დედას – ფ. ნ. ა–ს, კერძოდ, სამზარეულოს დანის დემონსტრირებით უთხრა, რომ გამოსჭრიდა ყელს, რაც ფ. ნ. ა–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. პროკურორი ანი ბორჩაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო ადვოკატი გ. თ–ე – გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ზ. ო. თ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასწორად შეაფასა და გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ზ. ო. თ–ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედებების ჩადენა.
8. სასამართლო მიუთითებს, რომ, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დამნაშავემ პასუხისმგებლობა არ უნდა აირიდოს მარტოოდენ მსხვერპლის მიერ საჩივრის არქონის გამო. ასეთივეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, მიუხედავად დაზარალებულის პოზიციისა, ითვალისწინებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას (დაიცვას ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ადეკვატური სანქცია დააკისროს მოძალადეს) და მსჯელობს, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები საკმარისია თუ არა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და, მიუხედავად დაზარალებულის მიერ შვილის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, საქმეში არსებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე (მოწმეების: გ. ქ–ს, გ. ბ–ს, ვ. მ–ს ჩვენებები, №......... შეტყობინება, №........ შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2024 წლის 23 ივლისის N……. დასკვნა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრ 112-დან გამოთხოვილი, ფ. ნ. ა–ის მიერ გაკეთებული შეტყობინების აუდიო-ჩანაწერი და მისი დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალები), ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ზ. ო. თ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის მიერ კანონით მინიჭებული ზემოხსენებული უფლებით სარგებლობის პირობებში სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი უკან დაზარალებულმა ან შეურიგდა თუ არა მოძალადეს. აღნიშნული დასკვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, კერძოდ, 2020 წლის 13 თებერვლის N766აპ-19 განჩინებაში სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან უფლების რეალიზება არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე (მაგ., გამოკითხვის ოქმში) მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას და არ ადასტურებს დანაშაულებრივი ქმედების არარსებობას... ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს N97აპ-20 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სასამართლომ ყურადღება მიაქცია დაზარალებულის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რომელიც იყო მოტივირებული, რათა ხელი შეეწყო ობიექტური გამოძიებისთვის – თავად შეატყობინა სამართალდამცავებს დანაშაულის შესახებ, ნებაყოფლობით გამოიკითხა, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში, მათ შორის – „112-ში“ მისი ზარის აუდიოჩანაწერის დათვალიერებაში, რაც სრულიად განსხვავდება მისი შემდგომი ქცევისაგან, როდესაც არ მისცა ჩვენება სასამართლოს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ფატმა ნესრინ თილგანის ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას და ფაქტად იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი, უკიდურესად შეშინებულია და მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებას (თვითგადარჩენას), მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს. აღნიშნულმა განაპირობა სწორედ მისი პირვანდელი მტკიცე ნების – ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისთვის – რადიკალურად შეცვლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა. დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის დროს ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებსაც, რაც, როგორც წესი, განპირობებულია ოჯახური დანაშაულის ხასიათით, მოძალადისადმი დამოკიდებულებით და სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენით. ასეთ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს, სხვა მტკიცებულებები რამდენად წარმოადგენს საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
12. სასამართლოში დაზარალებულის მიერ ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი ვერ დაუკარგავს მტკიცებულებით ძალას იმ მასალას, რომელიც გამოძიების პროცესში შეიქმნა სწორედ დაზარალებულის მითითებით, მისი მონაწილეობით და მისი ნაამბობის საფუძველზე და მიეცა დასაშვებ მტკიცებულებათა სტატუსი. ამდენად, დაზარალებულის მხრიდან თავისი პროცესუალური უფლებით სარგებლობის სამართლებრივმა მოცემულობამ ვერ დააზარალა მისივე ინტერესი, იყოს დაცული მოძალადე შვილისაგან, რადგან ბრალდების მხარემ შეძლო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობის წარმოდგენა, რომელთა ანალიზი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ადასტურებს ზ. ო. თ–ის მხრიდან დედაზე ფიზიკური ძალადობისა და დამუქრების ფაქტებს.
13. განსახილველ საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა შვილის მხრიდან ფიზიკური ძალადობის თაობაზე დაზარალებულ ფ. ნ. ა–ის მიერ 112-ის სამსახურში გაკეთებული შეტყობინება, რომლის აუდიო-ჩანაწერი მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს ბრალდებულის მხრიდან დედაზე ფიზიკური ძალადობის, ასევე – დანით მუქარის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულმა განაცხადა შვილის მხრიდან მის მიმართ მოკვლის მუქარის და ფიზიკური ძალადობის თაობაზე. საქმეზე გამოკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც შეტყობინებიდან უმალვე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, ნახეს დაზარალებულის ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა: იგი იყო ატირებული და ნაცემი, თვალნათლივ ეტყობოდა დაზიანებები და განმარტავდა, რომ შვილი დანით ემუქრებოდა, ასევე – წიხლებით სცემა. ქალს მუქარის ეშინოდა და ითხოვდა დახმარებას. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ დაზარალებულის მიერ დასახელებული ადგილიდან – ბინის შესასვლელი კარის გარეთ, სადარბაზოს იატაკიდან ამოიღეს ძირს დაგდებული დანა, რომლითაც ბრალდებული ემუქრებოდა დაზარალებულს.
14. მართალია, დაზარალებულის მიერ განცდილი ტკივილისა და შიშის დადგენა შეუძლებელია თავად დაზარალებულის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით (სუბიექტური ტესტი), ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები განსახილველი დანაშაულების სავალდებულო ნიშნების ფაქტობრივად (ობიექტური ტესტი) დასადასტურებლად. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ, შესაძლებელია, პირდაპირი მტკიცებულება, მათ შორის – პირდაპირი ჩვენებაც – ასახავდეს მომხდარ ფაქტს, მაგრამ არა მთლიანად, არამედ მხოლოდ მის ერთ, თუმცა მნიშვნელოვან მონაკვეთს. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც ზ. ო. თ–ისათვის ბრალადწარდგენილი ქმედებების შემადგენლობისათვის აუცილებელია დაზარალებულის მიერ განცდილი ფიზიკური ტკივილის და შიშის რეალურობის დადგენა, სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ მოწმე პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები. პოლიციელებმა შემთხვევიდან მალევე პირადად ნახეს, თუ რა მდგომარეობაში იყო დაზარალებული და რას განმარტავდა იგი მომხდართან დაკავშირებით: შემთხვევის ადგილზე უმალვე მისულმა მოწმეებმა საკუთარი თვალით იხილეს ატირებული დაზარალებული, რომელიც აცხადებდა, რომ მასზე იძალადა შვილმა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც, იგი იყო შეშინებული, ხოლო სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებების კვალი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები თავისი ხანდაზმულობით ემთხვევა ფიზიკური ძალადობის თარიღს და ისინი, ბუნებრივია, ნორმალური განვითარების ადამიანში გამოიწვევდა ფიზიკურ ტკივილს, ხოლო მუქარა დაზარალებულის მიერ აღიქმებოდა რეალურად და გამოიწვევდა მუქარის განხორციელების შიშს.
15. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათი სანდოობისა და სარწმუნოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, შეესაბამება და თანხვდენილია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან, რის გამოც, არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ, პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიჩნევისათვის.
16. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ზ. ო. თ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
17. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი შეფარდებულია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მისი დამძიმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილისა და მსჯავრდებულ ზ. ო. თ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. თ–ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე