Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე № 609აპ-25 ქ. თბილისი

ხ. რ. 609აპ-25 21 ნოემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ. კირჩხელისა და მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

1.1. რ. ხ-ს, -, - ბრალად ედებოდა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

რ. ხ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, რ. ხ-მა, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში მდებარე ზ. რ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზ. რ-ს თავის არეში ჩაარტყა პლასტმასის სათლი, რის შემდეგაც ხელი დაარტყა ზურგის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

1.2. დ. ხ-ს, – - – ბრალად ედებოდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

დ. ხ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, დ. ხ-მა, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში მდებარე ზ. რ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, გულმკერდისა და კისრის არეში რკინის ძალაყინის მიბჯენით შებოჭა წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზ. რ-ი და არ აძლევდა გაქანების საშუალებას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 სექტემბრის განაჩენით:

2.1. რ. ხ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2.2. გამართლებულ რ. ხ-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ;

2.3. დ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

3.1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ. კირჩხელმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, რ. ხ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო დ. ხ-ისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

3.2. მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. მ-ემ მოითხოვა დ. ხ-ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

3.3. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა ადვოკატმა მ. მ-ემ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 სექტემბრის განაჩენის რ. ხ-ის ნაწილში უცვლელად დატოვება, ხოლო დ. ხ-თან მიმართებით გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

5.1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ. კირჩხელი საკასაციო საჩივრით ითხოვს რ. ხ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დ. ხ-ის მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5.2. მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი მ. მ-ე ითხოვს დ. ხ-ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს რ. ხ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დ. ხ-ისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას; კასატორი დაცვის მხარე კი – დ. ხ-ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

7.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი კასატორების ყველა არგუმენტზე და მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებმაც რ. ხ-ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება, ხოლო დ. ხ-ის მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა.

8. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორი ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია რ. ხ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

9. „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).

10. დაზარალებულ ზ. რ-ის გამოკითხვის ოქმთან მიმართებით (რომელიც გამოქვეყნდა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე) სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს და ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომ კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფის ,,დ’’ პუნქტი განამტკიცებს პრინციპს, რომ სანამ ბრალდებულს მსჯავრი დაედება, მის წინააღმდეგ ყველა მტკიცებულება წარმოდგენილი უნდა იქნეს მისი თანდასწრებით საჯარო განხილვის დროს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპი (იხ.: Al-Khawaja and Tahery v UK [GC], nos. 26766/05, 22228/06, paras. 119-147, ECtHR, 15/12/2011 2011; Schatschachwili v Germany [GC], no. 9154/10, par. 103, ECtHR, 15/12/2015; Seton v. UK, no. 55287/10, par. 75, ECtHR, 31/03/2016), mutatitis mutandis, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვისას მიღებული ჩვენებაც კი „არ შეიძლება ჩაითვალოს მომჩივნის უფლების ჩამნაცვლებლად დაკითხოს ეს მოწმე საქმის განმხილველი მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც საბოლოოდ განიხილავს მისი დამნაშავეობის საკითხს“ (Khavshabova v. Georgia, no. 26134/19, par.52, ECtHR, 29/09/2023).

11. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ ზ. რ-ის მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები, რომ რ. ხ-მა სცემა, ჩაარტყა პლასტმასის სათლი (ვედრო), ასევე ხელი დაარტყა ზურგის არეში არ არის თანხვდენილი შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა მოწმეების ჩვენებებთან. კერძოდ,

12. შემთხვევის თვითმხილველი მოწმეები: ე. გ. და ნ. დ-ე მიუთითებენ რ. ხ-ის მიერ სათლის მხოლოდ ერთხელ მოქნევის ფაქტს, რომელიც ნ. დ-ეს მოხვდა და არა დაზარალებულ ზ. რ-ს; დაზარალებულის შვილიშვილი მ. რ-იც იმავეს ადასტურებს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ სათლმა დაზარალებულს ქუდი მოხადა, იგი არ მოხვედრია დაზარალებულს სხეულის რომელიმე არეში და მოხვდა ნ. დ-ეს. სათლის მეორედ მოქნევაზე მ. რ-ი არ უთითებს. სათლის სროლისა და ზ. რ-ისათვის მოხვედრის შესახებ უთითებს მხოლოდ დ. ნ.

13. ამასთან, შემთხვევის ადგილზე მყოფი არც ერთი თვითმხილველი მოწმე არ ადასტურებს რ. ხ-ის მხრიდან დაზარალებულისათვის ზურგის არეში ხელი დარტყმის ფაქტს.

14. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით პირადი შემოწმების მონაცემებით ზ. რ-ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა.

15. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება რ. ხ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

16. უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს საკასაციო სასამართლო კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნას დ. ხ-ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში. ვინაიდან,

17. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას მოწმეთა ჩვენებებში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობის შესახებ და კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირი არ გულისხმობს მათ იდენტურობას; ისინი საქმის ძირითად გარემოებებთან მიმართებით არ უნდა შეიცავდეს წინააღმდეგობრივ ინფორმაციას. მოწმეთა ჩვენებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე - საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე....... მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს“ (მაგ. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N626აპ-17; 2020 წლის 28 ივლისის 264აპ-20 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებები თანხვდენილია, დ. ხ-ის მიერ ზ. რ-ის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ნაწილში, ჩვენებებში მითითებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს.

18. შემთხვევის შემსწრე და ნეიტრალურ პირთა - დ. ნ-ის, ე. გ-ის და ნ. დ-ის ჩვენებებით, ასევე დაზარალებულის შვილიშვილის, არასრუწლოვან მ. რ-ის ჩვენებით დგინდება, რომ დ. ხ-მა გულმკერდისა და კისრის არეში რკინის ძალაყინის მიბჯენით შებოჭა ზ. რ-ი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დ. ნ., ე. გ. და მ. რ-ი მიუთითებენ, რომ დაზარალებული ითხოვდა შველას და ყვიროდა რომ განიცდიდა ტკივილს.

19. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) შემადგენლობისათვის ერთ-ერთი სავალდებულო ელემენტის – ფიზიკური ტკივილის განცდის – დადგენა შესაძლებელია როგორც თავად დაზარალებულის ჩვენებით, ასევე საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზითა და თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც მსხვერპლის მიერ ტკივილის განცდის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, ის გარემოება, რომ დაზარალებულს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არ აქვს ფიზიკური დაზიანების რაიმე ხილული კვალი, per se არ გამორიცხავს ძალადობის ფაქტს და პირის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდას. შესაბამისად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მტკიცება, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, დაზარალებულს არ განუცდია ფიზიკური ტკივილი.

20. ამდენად, დაზარალებულ ზ. რ-ის 2021 წლის 23 დეკემბრის გამოკითხვის ოქმის (რომელიც გამოქვეყნდა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე და სადაც დაზარალებული თვითმხილველ მოწმეთა ანალოგიურად უთითებს მის მიმართ დ. ხ-ის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე) გათვალისწინების გარეშეც, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დ. ხ-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა.

21. დაცვის მხარის მსჯელობასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს არასრულწლოვანი მოწმის მ. რ-ის ჩვენება, ვინაიდან, გამოძიების ეტაპზე მის გამოკითხვას კანონიერ წარმომადგენლად ესწრებოდა ბებია, რომელიც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ასევე იყო მოწმე, – სასამართლო ითვალისწინებს, არასრულწლოვანი მოწმის მ. რ-ის გამოკითხვის ოქმს, სადაც მითითებულია, რომ არასრულწლოვნის გამოკითხვას კანონიერი წარმომადგენლის სტატუსით ესწრება დედა – ნ. რ. (რაც დასტურდება გამოკითხვის ოქმზე არსებული შესაბამისი ხელმოწერებით იხ. : ტ. 1, ს.ფ. 52-55).

22. იმავდროულად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მითითება, რომ თითქოსდა დ. ხ-მა ძალაყინით დაზარალებული იმიტომ დაიჭირა, რომ მისგან მოსალოდნელი საფრთხე აეცილებინა თავიდან. მოწმე დ. ნ-ის განმარტებით, კონფლიქტის დროს, დაზარალებულის მხრიდან რაიმე სახის საშიშროება არ მოდიოდა, მსგავსი რამე არ შეუმჩნევია. ანალოგიურად, ე. გ-მაც მიუთითა, რომ არ დაუნახავს დაზარალებულის მიერ ძალაყინის მოქნევის ფაქტი.

23. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის მოწმეების: მ. გ-ის (რ. ხ-ის დედა) და ნა. გ-ის (დ. ხ-ის დედა) ჩვენებები ეწინააღმდეგება ნეიტრალური თვითმხილველი მოწმეების: დ. ნ-ის, ე. გ-ის და ნ. დ-ის ჩვენებებს დ. ხ-ის მიერ ზ. რ-ის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ნაწილში.

24. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია დ. ხ-ის მიერ ზ. რ-ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენა.

25. დანაშაულის ჩადენის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართ კვლავაც აღნიშნავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ქონა, როგორც მაკვალიფიცირებელი გარემოება, სისხლისსამართლებრივი მიზნებისათვის უნდა შეფასდეს არა მარტო მკაცრად ფორმალური მიდგომით (შესაბამისი ორგანოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობების პირის სტატუსის მინიჭება), არამედ – ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა დაადგინოს და შეაფასოს, იკვეთება თუ არა შესაძლებლობათა შეზღუდვის რეალურად და ფაქტობრივად გამოხატული დარღვევები, რაც მიუთითებს მის მოწყვლადობაზე. შეზღუდული შესაძლებლობების ქონის მაკვალიფიცირებელ გარემოებად მიჩნევით, კანონმდებლის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ხაზი გაესვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის მომეტებული საჭიროებისთვის (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 1051აპ-24 განაჩენი, განსხვავებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 27 სექტემბრის N 361-24 განჩინება, სადაც დაზარალებული უთითებდა დროებით შეზღუდულ შესაძლებლობებზე (პუნქტი 12) ).

26. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევით, რომლის სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში“ (ანალოგიურად არის განმარტებული შეზღუდული შერაცხადობის მქონე პირის ცნება 2020 წლის 2 დეკემბრის გაერთიანებული ერების „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების“ კონვენციის (შემდეგში - გაეროს კონვენცია) პირველი მუხლით, რომლის თანახმად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან პირები, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში“).

27. გაეროს კონვენცია წევრ სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სრული რეალიზება შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე (მე-4 მუხლის პირველი პუნქტი) და განახორციელონ „შესაბამისი ზომები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის იმ დახმარების მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რომელიც მათ შეიძლება სჭირდებოდეთ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებისათვის“ (მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი); ხოლო მე-13 მუხლის პირველი პუნქტი წევრ სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას უზრუნველყონ „მართლმსაჯულების ეფექტური ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის იმ პროცესუალური და ასაკთან შესაბამისი კორექტივების გათვალისწინებით, რომელიც ხელს უწყობს მათ მიერ პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილის როლის ეფექტურად განხორციელებას, მათ შორის, მოწმის სახით, იურიდიული პროცედურების ყველა საფეხურზე, გამოძიებისა და საქმეთა წარმოების სხვა საწყისი საფეხურების ჩათვლით“.

28. სასამართლო ითვალისწინებს, 2022 წლის 26 იანვარს შედგენილ შშმ პირის მონაწილეობით ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების დაგეგმვის კითხვარს, რომლის თანახმად, ზ. რ-ის შეზღუდვის ტიპია სენსორული (სმენა) და ფსიქიკური (მეტყველება), რომელიც არის ვიზუალურად აღქმადი. კითხვარის თანახმად, ზ. რ-ს არ მიუმართავს შშმ პირის სტატუსის მისანიჭებლად.

29. მოწმე ს. რ-ემ (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი) პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას მიუთითა, რომ დაზარალებული არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც უჭირდა საუბარი, შენელებულად მეტყველებდა, სიტყვებს აკლებდა, ასევე უჭირდა წერა-კითხვა და ამიტომაც მოწვეული იყო გარეშე პირი, რომელმაც წაუკითხა რამოდენიმეჯერ გამოკითხვის ოქმი, რასაც დაეთანხმა დაზარალებული და მოაწერა ხელი, ამავე ოქმს ხელი მოაწერა ასევე გარეშე პირმაც. საუბრის დაწყებისთანავე ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისათვის იქნებოდა მარტივად აღქმადი, რომ დაზარალებული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

30. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის შეზღუდულ შესაძლებლობებზე მიუთითა მოწმის სახით ჩვენების მიცემისას არასრულწლოვანმა მ. რ-მა. ამასთან, მსჯავრდებული დ. ხ-ი და დაზარალებული შემთხვევის დღემდე სულ ცოტა ათი წელი იყვნენ მეზობლები და მსჯავრდებულს დანაშაულის ეს მაკვალიფიცირებელი ნიშანი შეცნობილი ჰქონდა.

31. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია დ. ხ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

32. კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნაზე, დ. ხ-ის მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორმა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვეობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული რომელი საფუძვლით ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. ამდენად, კასატორმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად - გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის N933აპ-23 განჩინება).

32.1. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს დ. ხ-ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველ ნაწილსა და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილზე ზოგადად მითითებით და თავისი მოთხოვნის დასაბუთებისათვის არ უთითებს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებაზე/არგუმენტზე. შესაბამისად ამ ნაწილში მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

33. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. ხ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე – ჯარიმა 1000 ლარზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ ვრცელდება ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე.

34. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

35. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

36. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).

37. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ. კირჩხელისა და მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. მ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 თებერვლის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე