გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/317-01 20 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე
სარჩელის საგანი: მამობის დადგენა, ალიმენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 8 ივნისს საჩხერის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა დ. ა-შვილმა მოპასუხე დ. ფ-შვილის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1997 წელს საჩხერის რაიონის სოფ. ... მცხოვრები დ. ა-შვილი არარეგისტრირებული ქორწინებით ცოლად გაჰყვა იმავე რაიონის სოფ. ... მცხოვრებ დ. ფ-შვილს. ოჯახური უსიამოვნების გამო ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა დ. ა-შვილი იმ პერიოდში ფეხმძიმედ იყო. მას 2000 წლის 17 მაისს შეეძინა ქალიშვილი.
ვინაიდან დ. ფ-შვილი უარყოფდა ახლადგაჩენილი ბავშვის მამობას, მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა მამობის დადგენა და მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება.
დ. ფ-შვილმა არ ცნო სარჩელი, რადგანაც მას ეჭვი ეპარებოდა მისი ყოფილი მეუღლის პატიოსნებაში და მოითხოვა გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მხარეები განქორწინებამდე ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ საერთო მეურნეობას.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: დ. ფ-შვილი ცნობილ იქნა 2000 წლის 17 მაისს დაბადებული ფ. ა-შვილის მამად და მასვე დაეკისრა ყოველთვიურად 15 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა ფ. ა-შვილის სასარგებლოდ მის სრულწლოვანებამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ფ-შვილმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის სხდომაზე 2000 წლის 18 დეკემბერს გამოცხადდა მხოლოდ აპელანტი დ. ფ-შვილი. მისი მოწინააღმდეგე მხარე დ. ა-შვილი არ გამოცხადდა პროცესზე, თუმცა მისთვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დრო და ადგილი.
აპელანტმა სხდომაზე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დააკმაყოფილა დ. ფ-შვილის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დ. ფ-შვილმა სააპელაციო სასამართლოში განმარტების მიცემისას ფაქტობრივად აღიარა ბავშვის მამობა.
საკასაციო საჩივარში დ. ფ-შვილმა ითხოვა სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში შემდეგი გარემოებების გამო:
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე და 387-ე მუხლები, რის გამოც გადაწყვეტილება გამოიტანა საპროცესო ნორმების დარღვევით.
საკასაციო პალატაში სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ კასატორი დ. ფ-შვილი. მოწინააღმდეგე მხარე დ. ა-შვილი არ გამოცხადდა, თუმცა მას კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა კასატორის განმარტებას და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკასაციო საჩივარში მითითებულია იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი ემყარება საპროცესო ნორმების დარღვევას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილი და ფაქტობრივად გამოიტანა დასაბუთებული გადაწყვეტილება, თუმცა არასწორად დაარქვა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დ. ფ-შვილმა სააპელაციო პალტაში სასამართლო სხდომაზე მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც არ უნდა დაკმაყოფილებულიყო დ. ა-შვილის სარჩელი, რადგანაც სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა დამყარებოდა აპელანტის ახსნა-განმარტებას, კერძოდ, მან სხდომაზე უარყო ბავშვის მამობა, ვინაიდან მეუღლის დაფეხმძიმების პერიოდში იგი მასთან არ ცხოვრობდა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოება იურიდიულად ამართლებდა მის მოთხოვნას და სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილი, აგრეთვე, დაარღვია ამავე კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილი, როცა გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მაგრამ არ დააკმაყოფილა დ. ფ-შვილის სააპელაციო საჩივარი.
პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ დ. ფ-შვილმა სხდომაზე ფაქტობრივად აღიარა ბავშვის მამობა.
ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა დასაბუთებული გადაწყვეტილება, ამდენად, მისი სამართლებრივი შეფასებაც უნდა მოხდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების თანახმად.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა იურიდიულად იმდენად არასრულად დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად კი, ასეთი გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად და ექვემდებარება გაუქმებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. ფ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 18 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.