Facebook Twitter

საქმე # 010100124009198577

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№616აპ-25 თბილისი

თ. მ., 616აპ-25 18 ნოემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით მ. თ–ე (პირადი №.........), დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, მ. თ–ეს ერთი მეექვსედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 2 თვით პირობით თავისუფლების აღკვეთა, 4 წლისა და 2 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე, სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რაც, ასევე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა 1 წლითა და 8 თვით. მსჯავრდებულ მ. თ–ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2024 წლის 6 აპრილიდან იმავე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ მ. თ–ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი). აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2024 წლის 5 აპრილს, დღის საათებში, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში, ხ–სა და სოფელ ს–ს დამაკავშირებელი გზის სოფელ მ–ს მონაკვეთზე, „JEEP GRAND CHEROKEE LAREDO-ს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით – ...., რომელსაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ა–ს სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი, მ. თ–ე. მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები და დაეჯახა „AUDI Q5-ს“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით – ......., რომელსაც მართავდა ა. კ–ე, რის შედეგადაც, „AUDI Q5-ის“ მარკის ავტომანქანის მგზავრმა, ვ. კ–ემ, მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. კასატორი – პროკურორი პაატა ცეცხლაძე – საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას და მ. თ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მ. თ–ისათვის განსაზღვრული სასჯელი ზედმეტად მსუბუქი და, შესაბამისად, უსამართლოა.

8. საკასაციო სასამართლო დასაწყისშივე მიუთითებს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში მხარეთა შორის სადავო არ არის მ. თ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

9. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სასჯელის მიზნებზე, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე – ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა გამაფრთხილებელად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

11. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული.

13. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელად ითვალისწინებს ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, სამ წლამდე ვადით.

14. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ მ. თ–ეს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის სანქციით დაწესებული სასჯელი, რომელიც, სასამართლოს მოსაზრებით, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ბრალდების მხარემ სასამართლოს არ წარუდგინა რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის უსამართლობას და მისი გამკაცრების აუცილებლობას. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის აუნაზღაურებლობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ ზიანის აუნაზღაურებლობა ვერ მოიაზრება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა. გარდა ამისა, არსებობს ზიანის ანაზღაურების კანონისმიერი შესაძლებლობა, რომლის შესაბამისადაც, დაზარალებულს უფლება აქვს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება (სუსგ: №295აპ-22, №354აპ-22, №389აპ-21, №51აპ-19).

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე