¹ 3კ/319-01 4 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, მ. წიქვაძე
სარჩელის დავის საგანი: უკანონო მშენებლობის (აივნის) მოშლა.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. კ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ვ. ნ-ძის წინააღმდეგ და მოითხოვა უკანონო მშენებლობის _ აივნის მოშლა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ 1988 წელს უნებართვოდ მიაშენა ღია აივანი. 1988 წლის 16 ნოემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით ვ. ნ-ძეს ნება დაერთო საცხოვრებელ სახლზე, მდებარე თბილისში, ... ქუჩაზე მოეწყო ასასვლელი კიბე, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1990 წლის 23 მარტის დადგენილებით და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს, სადაც საქმის წარმოება შეწყდა 1990 წლის 5 დეკემბრის განჩინებით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო. კერძოდ, სადავო ფართი 1993 წლის 20 ნოემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულებით მოპასუხის საკუთრებაა და იგი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ხოლო 1999 წლის 13 ივლისიდან იგი ირიცხება ლ. ვ-ძის სახელზე. ეს უკანასკნელი მოცემულ საქმეში ჩაება მოპასუხე მხარედ.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ის 219-ე მუხლის “ა” პუნქტი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ. ვ-ძეს დაევალა მოარღვიოს ნებართვის გარეშე მიშენებული აივანი. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა 208-ე, 219-ე, 220-ე მუხლები და მიიჩნია, რომ მრავალბინიანი სახლის საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე კიბის უჯრედისა და აივნის განთავსებით ილახება ი. კ-ძის უფლებები.
საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას შემდეგი საფუძვლებით:
1. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლი, რადგან იგი არეგულირებს მრავალბინიან სახლებში ბინის მესაკუთრეთა უფლებებს. მოცემული საქმის მხარეები კი სხვადასხვა საცხოვრებელი სახლის მობინადრეები არიან.
2. სადავო აივანი აშენებულია 1988 წელს, ხოლო პრივატიზებულია 1993 წელს. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე და 84-ე მუხლები და ხანდაზმულობის მოტივით უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს მრავალბინიან სახლებში ბინის მესაკუთრეთა უფლებებს. დადგენილია, რომ მოცემულ საქმეში მოდავეები სხვადასხვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეები არიან, რომელთა შორის სამართლებრივი ურთიერთობები არ რეგულირდება აღნიშნული ნორმით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, თუ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე, 84-ე მუხლები. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნული ნორმები უნდა გამოეყენებინა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სადავო კიბე და აივანი აგებულია 1988 წელს. 1993 წელს მოხდა ბინის (მათ შორის სადავო კიბისა და ღია აივნის) პრივატიზება, ხოლო 1999 წლის 13 ივლისს ბინა შეიძინა მოწინააღმდეგე მხარემ _ ლ. ვ-ძემ. 2000 წლის 27 მაისს ლ. ვ-ძემ აიღო ნებართვა კიბის უჯრედის მოწყობა-გადახურვის შესახებ, მაგრამ გადახურვის სამუშაოები არ უწარმოებია. ე.ი. სადავო კიბე და ღია აივანი აგებულია სამ წელზე მეტი ხნის წინ _ 1988 წელს. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრება სამი წლით. ამავე კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, საქმის მასალებით არ არის დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გაშვების პატივსადები მიზეზების არსებობა, რის გამოც პალატა თვლის, რომ ი. კ-ძის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
ლ. ვ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ი. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
ი. კ-ძეს ლ. ვ-ძის სასარგებლოდ დაეკისროს 10 ლარის (სახელმწიფო ბაჟის) გადახდა.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.