გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/321-01 20 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით სს “ქ. ს-ის” აქციონერების _ ა. ს-შვილის, ვ. ხ-იანის, ან. ს-შვილის, ჯ. მ-შვილის, ბ. მ-ძის, ჯ. ა-ძის, ს. კ-ძის სარჩელი მოპასუხეების სს “ ს-ის” დირექტორის თ. შ-ძის, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნ. ლ-ძის და ნოტარიუსის თ. მ-ძის მიმართ აქციონერთა 1999 წლის 2 აპრილის საერთო კრების ოქმის გაუქმების, აქციონერებზე მათი წილის შესაბამისად საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების (სერთიფიკატების) გაცემის, საზოგადოების 1999 წლის 2 აპრილის საერთო კრების მოწვევის პროცედურის დარღვევისათვის და სასამართლოს 1999 წლის 31 მარტის განჩინების შეუსრულებლობისათვის საზოგადოების ხარჯებისა დაზარალის დაკისრების, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნ. ლ-ძის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 16 აგვისტოს განჩინებით.
სს “ქ. ს-ის” აქციონერებმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიმართეს განცხადებით და მოითხოვეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
სს “ ს-ის” აქციონერები ახლად აღმოჩენილად მიუთითებდნენ შემდეგ გარემოებებს:
1. სს “ ს-ის” შრომითი კოლექტივის 1995 წლის 30 მარტის საერთო კრების ოქმი;
2. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 2000 წლის 20 ივლისის მიმართვა სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრისადმი;
3. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 7 აგვისტოს მიმართვა ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოსადმი;
4. ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 2000 წლის 22 აგვისტოს წერილი;
5. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პრივატიზაციის ხელშემწყობი პროექტის იურიდიული ჯგუფის 2000 წლის 25 აგვისტოს მემორანდუმი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 იანვრის განჩინებით სს “ქ. ს-ის” აქციონერების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის I ნაწილის “ე” და “ვ” პუნქტები და მიუთითა, რომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 2000 წლის 20 ივლისის მიმართვა, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 7 აგვისტოს მიმართვა, ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს 2000 წლის 22 აგვისტოს წერილი და 2000 წლის 25 აგვისტოს მემორანდუმი სასამართლოში საქმის განხილვის დროს ვერ იქნებოდა წარდგენილი, რადგან ისინი შედგენილია 2000 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების შემდეგ. ამასთან აღნიშნული დოკუმენტები არავითარ კავშირში არაა სადავო გადაწყვეტილებასთან. 2000 წლის 25 აგვისტოს მემორანდუმი მოიცავს კითხვა-პასუხს სამეწარმეო სამართლის სხვადასხვა საკითხებზე, რომლებითაც სასამართლო ვერ იხელმძღვანელებდა და შესაბამისად გავლენას ვერ მოახდენდა 2000 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებაზე.
სასამართლომ ახლად აღმოჩენილ გარემოებად არ მიიჩნია, ასევე, სს “ქ. ს-ის” შრომითი კოლექტივის 1995 წლის 30 მარტის საერთო კრების ოქმი, რადგან აღნიშნული ოქმი არ ყოფილა სასამართლო განხილვის საგანი. გარდა ამისა 1995 წლის 30 მარტის საერთო კრებას ესწრებოდნენ განმცხადებლები და მათ შესაძლებლობა ჰქონდათ საქმის განხილვისას წარმოედგინათ ან მიეთითებინათ ამ გარემოებაზე.
კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლო განჩინება დაუსაბუთებელია. მათი მოსაზრებით 1995 წლის 30 მარტის კრების ოქმი კავშირშია განხილულ საქმესთან და იგი ადრე, რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვისას, გამოიწვევდა მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას და ეს ოქმი მათი ბრალის გარეშე ვერ იქნა თავის დროზე წარდგენილი. კასატორების მოსაზრებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში ახალ გარემოებათა აღმოჩენის შემთხვევაში, დასაშვებია საქმის წარმოების განახლება, აღნიშნულის გამო მიაჩნიათ, რომ სასამართლომ კანონის დარღვევით გამოიტანა განჩინება. კასატორები მიუთითებენ, ასევე, სამოქალაქო საპროცესო ნორმების დარღვევაზე. კერძოდ, მიუთითებენ, რომ სასამართლომ კანონის დარღვევით არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ და სასამართლო შემადგენლობის აცილების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორები მოითხოვენ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 იანვრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით საქმის წარმოების განახლებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტება და თვლის, რომ სს “ქ. ს-ის” აქციონერთა საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ როდესაც არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები.
სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
სასამართლოს მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ კასატორების მიერ მითითებული წერილები შედგენილია გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და ისინი ადრე ვერ იქნებოდა წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს. მემორანდუმი მოიცავს კითხვა-პასუხს სამართლებრივ საკითხებზე, რომლებითაც სასამართლო ვერ იხელმძღვანელებდა და შესაბამისად გავლენას ვერ მოახდენდა 2000 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებაზე. დადგენილია ასევე, რომ სს “ ს-ის” შრომითი კოლექტივის 1995 წლის 30 მარტის საერთო კრებას ესწრებოდნენ განმცხადებლები და მათ შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ ან მიეთითებინათ ამ მტკიცებულებაზე. ამასთან დადგენილია, რომ აღნიშნული კრების ოქმი არ ყოფილა სასამართლო განხილვის საგანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ არ არის მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, რომლის არსებობის შემთხვევაში შესაძლებლადაა მიჩნეული საქმის წარმოების განახლება.
პალატა ასევე, არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა სამოქალაქო საპროცესო ნორმების დარღვევით.
აქციონერები შუამდგომლობაში სასამართლო შემადგენლობის აცილების შესახებ არ უთითებდნენ სსკ-ის 25-32-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოსამართლის აცილების საფუძვლებს, რის გამოც სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. სასამართლომ ასევე, მართებულად არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ქონების მართვის სამინისტროს მესამე პირად ჩაბმის შესახებ, რადგან სასამართლო იხილავდა განცხადებას და არა სარჩელს, მესამე პირის ჩაბმა კი შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში. ამასთან სსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გამოტანილია სწორი გადაწყვეტილება და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
სააქციო საზოგადოება “ქ. ს-ის” აქციონერების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 11 იანვრის განჩინება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.