გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/323 4 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1997 წლის 25 აგვისტოს მ. ე-შვილმა, მ. ბ-ძის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1997 წლის ივლისში გაზეთ “...ში” დაიბეჭდა მ. ბ-ძის ინტერვიუ სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველ მოადგილე ა. ი-თან სათაურით _ “ვაპირებ სიგარეტის, სპილენძის, ტყავის ბიზნესის აღორძინებას”. ინტერვიუს ერთ-ერთ ნაწილში ჟურნალისტმა მ. ბ-ძემ ხელყო მისი ინტერესები, როცა მიუთითა, რომ “ნემსის ქურდი ა. ჯ-შვილი “ზის”, “აქლემის ქურდი” _ ე-შვილი ინტერვიუს იძლევა”.
გარდა ამისა, 1997 წლის 12-18 აგვისტოს მ. ბ-ძემ გაზეთ “ა-ში” გამოაქვეყნა სტატია “მ. ბ-ძე მხოლოდ მ. ბ-ძის უკან შეიძლება იდგეს”. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მ. ბ-ძე ამ სტატიით ლახავს მის ღირსებას, აბუჩად იგდებს მის პიროვნებას, რაც იმაში გამოიხატება, რომ მ. ბ-ძემ თავის პუბლიკაციაში მიუთითა: “ე-შვილმა თვითონაც რომ იცოდეს, ვისი ჯიშისაა, კარგი იქნებოდა და მეც ამოვისუნთქავდი, ხოლო აზერბაიჯანი და სომხეთი შერიგდებოდნენ”; “ამაში, საბედნიეროდ, საქართველოს მძარცველის ე-შვილის დასტური არ მჭირდება”.
მ. ე-შვილმა მოითხოვა მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა და ბოდიშის მოხდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტები არ შეიძლება ჩაითვალოს მ. ე-შვილისათვის პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობად.
1998 წლის 11 დეკემბერს მ. ბ-ძემ მ. ე-შვილის წინააღმდეგ შეგებებული სარჩელით მიმართა იმავე სასამართლოს.
მ. ბ-ძემ შეგებებულ სარჩელში მიუთითა, რომ მ. ე-შვილმა წინასწარი განზრახვით, საზოგადოებაში მისი დისკრედიტაციის მიზნით მოახდინა მისი ცილისწამება; შელახა მისი პატივი და ღირსება; მოახდინა მის პირად ცხოვრებაში ჩარევა, დევნა და ოჯახის სიმტკიცის რღვევა, ასევე, მიაყენა მატერიალური ზიანი.
აღნიშნული იმაში გამოიხატა, რომ 1997 წლის 5-11 აგვისტოს გაზეთ “ა-ში” გამოაქვეყნა წერილი “ჯ-შვილს თავი ქუდში უნდა ჰქოდეს”, რომელშიც იგი მოიხსენია გარეწრად, ფულის გამომძალველად, კაცთმოძულედ, ბოღმიან, გაუთავებელი საჩივრების მწერლად და მისი ოჯახის ზიანის მომტანად.
მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ 1998 წლის 15-16 აპრილს გაზეთ “...-ში” მ. ე-შვილმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც მოითხოვა მ. ბ-ძის მიერ გამოქვეყნებული წერილების ჭეშმარიტების შემოწმება. ამ განცხადების საფუძველზე რედაქციამ შეწყვიტა მისი წერილების გამოქვეყნება.
მან მოითხოვა მითითებულ გაზეთებში მ. ე-შვილის მიერ გამოქვეყნებული ცილისმწამებლური, პატივისა და ღირსების შემლახველი პუბლიკაციების გამო იმავე გაზეთებში მ. ე-შვილისაგან ბოდიშის მოხდა, მატერიალური ზიანის _ 2000 ლარისა და მორალური ზიანის _ 221000 ლარის გადახდა.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით მ. ე-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე მ. ბ-ძეს დაევალა მ. ე-შვილის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა და ბოდიშის მოხდა იმავე საშუალებით, რითაც ეს ცნობები გავრცელდა.
სასამართლომ შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ, მ. ე-შვილს დაევალა მ. ბ-ძის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა და ბოდიშის მოხდა გაზეთების _ “ა-ის” და “...ის” მეშვეობით; მ. ე-შვილს მ. ბ-ძის სასარგებლოდ მიყენებული მორალური ზიანის სახით გადასახდელად დაეკისრა 21000 ლარი, ხოლო მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ბ-ძის მიერ ზემოთ მითითებულ გაზეთში დაბეჭდილი პუბლიკაციები შეიცავდნენ მ. ე-შვილის პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს, რომელთა სინამდვილესაც მ. ბ-ძე ვერ ადასტურებდა. ასევე, მ. ე-შვილის მიერ გაზეთ ,,ა-ში” 1997 წლის 5-11 აგვისტოს და 1997 წლის 29 ივლისის პუბლიკაციების ნამდვილობის დადასტურება მ. ე-შვილმა ვერ შეძლო და იგი ლახავდა მ. ბ-ძის პატივსა და ღირსებას.
რაიონულმა სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ 1998 წლის 15-16 აპრილს გაზეთ “...ში” ე-შვილის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, მოითხოვა რა მ. ბ-ძის მიერ 1997 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიების შემოწმება და ამის საფუძველზე გაზეთ “..ის” რედაქციამ შეწყვიტა მისი წერილების გამოქვეყნება, მ. ბ-ძემ განიცადა მატერიალური ზიანი.
რაიონულმა სასასამართლომ მხარეთა შორის არსებული დავა გადაწყვიტა ახალი სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
მხარეთა სააპელაციო საჩივრების საფუძველზე საქმე 2000 წლის 30 ნოემბერს განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, რომელმაც თავისი განჩინებით უცვლელად დატოვა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მ. ბ-ძის პუბლიკაციებში მ. ე-შვილი მოიხსენიება “აქლემის ქურდად”, “ჯარისკაცების ლუკმის ხარჯზე გამდიდრებულად” და “საქართველოს მძარცველად” წარმოადგენდა მ. ე-შვილის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცნობას, ხოლო 1997-1998 წლებში მ. ე-შვილის მიერ გაზეთებში _ “ა.” და “...” გამოქვეყნებული პუბლიკაციები, სადაც მან მ. ბ-ძე მოიხსენია, როგორც “კაცთმოძულე”, “ბოღმიანი”, “გარეწარი” “გამომძალველი”, “გაუთავებელი საჩივრების მწერალი” და “მისი ოჯახის ზიანის მომტანი”, შეიცავდნენ მ. ბ-ძის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცნობებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) მე-7 და ახალი სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლების შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ დავა სწორად გადაწყვიტა.
2001 წლის 24 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მომართეს მ. ბ-ძემ და მ. ე-შვილმა.
მ. ბ-ძემ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა უცვლელად რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად დაკისრებისა და მორალური ზიანის სრული ოდენობით ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და მ. ე-შვილის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მ. ე-შვილმა საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, საქმე განიხილა ცალმხრივად, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნები; სასამართლომ არ გამოიკვლია საქმე ყოველმხრივ და სრულად; სასამართლოს მისთვის არ განუმარტავს სარჩელის შეცვლის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში პატივისა და ღირსების შეურაცხყოფისათვის მოითხოვდა ზიანის ანაზღაურებასაც. მან მოითხოვა, ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება და მ. ბ-ძის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრების ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილის და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნები. არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; ამასთან, არასწორად განმარტა კანონი და მოცემულ საქმეზე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
მ. ე-შვილმა სარჩელი შეიტანა 1997 წლის 25 აგვისტოს, ანუ მაშინ, როცა ძალაში არ იყო შესული ახალი სამოქალაქო კოდექსი და დავაც იმ ურთიერთობებს ეხება, რომელიც ძველი სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დარეგულირდეს. ანალოგიურად, მ. ბ-ძის მიერ შეტანილი შეგებებული სარჩელიც (გარდა 1998 წლის 15-16 აპრილს გაზეთ “...ში” გამოქვეყნებული განცხადებისა) იმ ურთიერთობებს შეეხება, რომელიც ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდეა მომხდარი და, ამდენად, მისი სამართლებრივი რეგულირება ძველი სამოქალაქო სამართლებრივი ნორმებით უნდა განხორციელდეს.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-7 მუხლი (1964 წლის რედაქციით) მოქალაქეს უფლებას აძლევს, სასამართლოს მეშვეობით მოახდინოს მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა, თუ ასეთი ცნობების გამავრცელებელი მის სინამდვილეს ვერ დაამტკიცებს. ამავე კანონის შესაბამისად, თუ პიროვნების პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები გავრცელებულია პრესაში, მათი უარყოფა პრესის საშუალებითვე უნდა მოხდეს.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის განმხილველმა პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია რა, რომ მითითებული პუბლიკაციებით ზიანი მიადგა მოსარჩელეთა პატივსა და ღირსებას, მათ დააკისრა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა და ბოდიშის მოხდა, მაშინ, როცა სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-7 მუხლი (1964 წლის რედაქციით) საქმიანი რეპუტაციის შელახვას და ბოდიშის მოხდას არ ითვალისწინებს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებით დაირღვა კანონის მოთხოვნა. არასწორად გავრცელდა ძველ ურთიერთობაზე ახალი სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნები. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ თითქოს სამოქალაქო კოდექსის მე-7 მუხლის (1964 წლის რედაქცით) საფუძველზე რაიონულმა სასამართლომ სწორად გამოიყენა ძველი კანონმდებლობა და სწორად გადაწყვიტა მოცემული საქმე, მაშინ, როცა რაიონულ სასამართლოს საქმე ძველი სამოქალაქო კოდექსის მე-7 მუხლის საფუძველზე არ გადაუწყვეტია და სარჩელები დააკმაყოფილა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს, ასევე, არ გამოუკვლევია ფაქტობრივი გარემოებები მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის თანხების გადასახდელად დაკისრების შესახებ, როგორც არსებითად, ისე ოდენობის თვალსაზრისით.
მართალია, სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ 1997 წელსა და 1998 წელს მ. ე-შვილმა გაზეთებში “ა.” და “...” გამოაქვეყნა პუბლიკაციები, სადაც მ. ბ-ძეს მოიხსენიებს როგორც “კაცთმოძულეს, ბოღმიანს, გარეწარს, გამომძალველს, გაუთავებელი საჩივრების მწერალსა და მისი ოჯახის ზიანის მომტანს”, მაგრამ არ დააკონკრეტა, თუ რომელ გაზეთში რა გამოქვეყნდა; ამასთან, არ დააზუსტა, მორალური ზიანი 21000 ლარი რის საფუძველზე იქნა განსაზღვრული და რატომ ეთქვა უარი სარჩელს 221000 ლარის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მ. ე-შვილი 1998 წლის 15-16 აპრილს გაზეთ “...ში” გამოქვეყნებული განცხადებით მოითხოვს მ. ბ-ძის მიერ გამოქვეყნებული წერილების ჭეშმარიტების შემოწმებას. დაუსაბუთებელია, თუ სააპელაციო სასამართლომ რატომ მიიჩნია აღნიშნული განცხადება მ. ბ-ძის პატივისა და ღირსების, ასევე, საქმიანი რეპუტაციის შემლახველ პუბლიკაციად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით, მართალია, დადგენილად მიიჩნია ფაქტი, რომ მ. ე-შვილმა 1998 წლის 15-16 აპრილს გაზეთ “...ში” გამოქვეყნებული განცხადებით მატერიალური და მორალური ზიანი მიაყენა მ. ბ-ძეს, მაგრამ ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით სამოტივაციო ნაწილში დადგენილად მიჩნეული გარემოების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და მ. ბ-ძის სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ეს გარემოება და ამ ნაწილში მიიღო იურიდიულად აშკარა დაუსაბუთებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს მ. ე-შვილის მიერ 1998 წლის 15-16 აპრილს გაზეთ “...ში” გამოქვეყნებული განცხადების რა ნაწილი ლახავს მ. ბ-ძის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას, რაში გამოიხატა ეს და დაადგინოს სახეზეა თუ არა ამ განცხადებით მორალური ზიანის მიყენების ფაქტი და თუკი ასეთი სახეზეა, მაშინ მატერიალურად რაში გამოიხატება იგი. სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე სამართლის რომელი ნორმები უნდა იქნეს გამოყენებული და თუკი დაადგენს, რომ ადგილი აქვს პატივისა და ღირსების ხელყოფას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიუთითოს, თუ რომელი ცნობა (სიტყვა, წინადადება) იქნეს უარყოფილი.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის განხილვის ამ სტადიაზე შესაძლებელია კასატორთა გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 30 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
კასატორები გათავისუფლდნენ ბაჟის გადახდისაგან.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.