გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/324-01 25 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე, მ. ახალაძე
სარჩელის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ საწარმოს ადმინისტრაციის ბრძანების გაუქმება; სამუშაოზე აღდგენა; იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 14 ივნისს ო. მ-ულმა სარჩელი აღძრა დუშეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე შპს “ჟ-ის” მიმართ და მოითხოვა მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, შპს “ჟ-ის” გენერალური დირექტორის 2000 წლის 31 მაისის ¹ 35 ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ იგი სამუშაოდან გაათავისუფლეს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ისე, რომ სამუშაოდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ პერსონალურად არ გაუფრთხილებიათ ორი თვით ადრე, აგრეთვე, საწარმოს ადმინისტრაციას არ გაუთვალისწინებია მოსარჩელის სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება, რის გამოც დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის 1-ლი, მე-3 ნაწილებისა და 36-ე მუხლის მოთხოვნები.
დუშეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით ო. მ-ულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2000 წლის 24 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ განიხილა ო. მ-ულის სააპელაციო საჩივარი და დააკმაყოფილა იგი, კერძოდ, გაუქმდა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ო. მ-ულის სარჩელი; გაუქმდა შპს “ჟ-ის” გენერალური დირექტორის 2000 წლის 31 მაისის ¹ 35 ბრძანება; ო. მ-ული აღდგენილ იქნა შპს “ჟ-ში” ავტოსატრანსპორტო უბნის მე-2 ჯგუფის ...ის თანამდებობაზე და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისათვის, დათხოვნის დღიდან იძულებით გაცდენილი დროის (ერთი წლის) ხელფასის ანაზღაურება.
საკასაციო საჩივარში შპს “ჟ-მა” ითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, რის შედეგადაც გამოტანილ იქნა არასწორი გადაწყვეტილება.
კასატორის განმარტებით, ო. მ-ულის სამუშაოდან გათავისუფლებისას, შპს “ჟ-ის” ადმინისტრაციას არ დაურღვევია შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის მოთხოვნები, რადგანაც 2000 წლის 30 მარტს შპს “ჟ-ის” გენერალურმა დირექტორმა გამოსცა ¹ 12 ბრძანება, რომლითაც საწარმოს ყველა მუშაკს იწვევდა საკონტრაქტო წესით შრომითი ურთიერთობის გასაგრძელებლად. აღნიშნული ბრძანება ცნობილი იყო ო. მ-ულისთვისაც და მას შესაძლებლობა ჰქონდა საწარმოს ადმინისტრაციასთან გაეფორმებინა შრომის კონტრაქტი. ამდენად, მოსარჩელე ორი თვით ადრე იყო გაფრთხილებული სამუშაოდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.
კასატორი მიუთითებს, რომ 2000 წლის 1 ივნისს, მას შემდეგ, რაც დაკომპლექტდა შპს “ჟ-ი” და დასრულდა საკონტრაქტო ურთიერთობაზე გადასვლის პროცესი, შპს “ჟ-ის” გენერალურმა დირექტორმა გამოსცა ¹ 22 ბრძანება საშტატო განრიგის გაუქმების შესახებ, რაც იმას ნიშნავდა, რომ პერსონალური ჩანაცვლება მხოლოდ შრომის კონტრაქტების საფძუელზე უნდა განხორციელებულიყო. სააპელაციო სასამართლომ კი არ მიუთითა საშტატო განრიგის გაუქმების შემდეგ, როგორ უნდა მომხდარიყო მოსარჩელის აღდგენა პირვანდელ სამუშაოზე.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ ო. მ-ული საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად, გაფრთხილებული იყო სამუშაოდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ შპს “ჟ-ის” გენერალური დირექტორის 2000 წლის 30 მარტის ¹ 12 ბრძანებით, რადგანაც აღნიშნულ ბრძანებაში არ არის მითითებული მუშაკთა გაფრთხილება სამუშაოდან მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს “ჟ-ის” ადმინისტრაციას არ უმსჯელია საწარმოში ო. მ-ულის სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებაზე, რითაც დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები.
რაც შეეხება შპს “ჟ-ის” გენერალური დირექტორის 2000 წლის 1 ივნისის ¹ 22 ბრძანებას 2000 წლის 1 ივნისიდან საწარმოში არსებული საშტატო განრიგის გაუქმების შესახებ, იგი არ ყოფილა წარდგენილი მოპასუხის მიერ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში და მოპასუხეს არ განუცხადებია აღნიშნულთან დაკავშირებით არც დუშეთის რაიონულ სასამართლოში და არც სააპელაციო პალატაში.
შპს “ჟ-მა” აღნიშნული ბრძანება თან დაურთო საკასაციო საჩივარს. საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც არ იყო წარდგენილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში.
ამდენად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ჟ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.