გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/325-01 11 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე
სარჩელის საგანი – ბინიდან გამოსახლება.
შეგებებული სარჩელის საგანი: ბინის პრივატიზაციის უფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 6 სექტემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა საქართველოს სასაზღვრო ჯარების ახალციხის სასაზღვრო რაზმის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბ. ზ-შვილმა მოპასუხე ფ. ქ-ძის მიმართ. მესამე პირად მითითებულ იქნა ა. ბ-შვილი.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1999 წლის 12 იანვრის აქტის საფუძველზე მოსარჩელე საქართველოს სასაზღვრო ძალების სასაზღვრო რაზმმა “ახალციხემ”, მიიღო რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარის ყოფილი საუწყებო ბინები და მთელი სამხედრო დასახლება. აღნიშნული ბინები განაწილდა სასაზღვრო რაზმ “ახალციხის” სამხედრო მოსამსახურეებზე.
1999 წლის 18 აგვისტოს ¹ 49 ორდერის საფუძველზე კაპიტან ა. ბ-შვილს გამოეყო სამსახურებრივი დანიშნულების ოროთახიანი ბინა ... კორპუსის ¹ 49-ში.
აღნიშნული ბინა თვითნებურად დაკავებული ჰქონდა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარის ყოფილი მოსამსახურის მეუღლე ფ. ქ-ძეს, რომელსაც საქართველოს სასაზღვრო ჯარებთან არანაირი კავშირი არ გააჩნდა. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის არაერთხელ გაფრთხილების მიუხედავად, ფ. ქ-ძემ თვითნებურად დაკავებული ბინა არ გაათავისუფლა.
მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა მოპასუხის გამოსახლება ზემოთ აღნიშნული ბინიდან.
1999 წლის 16 ნოემბერს მოპასუხე ფ. ქ-ძემ შეგებებული სარჩელი შეიტანა ახალციხის რაიონულ სასამართლოში და აღნიშნა, რომ იგი იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში რუსეთის ფედერაციის ყოფილ სამხედრო მოსამსახურე გ. ბ-შვილთან. ერთად ცხოვრების პერიოდში, 1989 წელს მიიღეს ზემოთ აღნიშნული საუწყებო ბინა, რომელშიც დღემდე ცხოვრობდა იგი არასრულწლოვან შვილთან ერთად. მისმა მეუღლემ მიატოვა ოჯახი და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად.
ფ. ქ-ძემ შეგებებულ სარჩელში ითხოვა სადავო ბინის პრივატიზაციის უფლების მინიჭება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹ 603 დადგენილების საფუძველზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ახალციხის სასაზღვრო რაზმის უფროსის სარჩელი მოპასუხე ფ. ქ-ძის სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ, მისთვის სხვა მუდმივი საცხოვრებელი ფართის მიცემის გარეშე დაკმაყოფილდა, თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა მოპასუხის მძიმე საბინაო პირობები და მოსარჩელეს დაევალა მოპასუხისათვის დროებით, 1999-2000 წლების ზამთრის პერიოდში, საცხოვრებლად ვარგისი ფართის გამოყოფა. ფ. ქ-ძის შეგებებული სარჩელი სადავო ბინის პრივატიზაციის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 21 ნოემბერს განიხილა ფ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალციხის სასაზღვრო რაზმის უფროსის სარჩელი მოპასუხე ფ. ქ-ძის სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს სასაზღვრო ძალების სასაზღვრო რაზმ “ახალციხის” უფროსმა საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება მისი სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის ბინიდან გამოსახლების თაობაზე.
კასატორმა, საკასაციო საჩივარს საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რადგანაც საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის თანახმად, ბინაში შესახლების ერთადერთი საფუძველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ორდერია. მოპასუხეს და მის ყოფილ მეუღლეს კი ორდერი სადავო ბინაში შესახლებაზე არ გააჩნიათ. ამიტომაც არ შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო საბინაო კოდექსის 117-ე მუხლი. ე.ი. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტი, კერძოდ, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს დადგენილ ფაქტად არ უნდა მიეჩნია მოპასუხის სადავო ბინაში ცხოვრების კანონიერება, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილის წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი ცნობის საფუძველზე.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის და მისი მეუღლის სადავო საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთი საფუძველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ორდერი იყო. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მოპასუხე ფ. ქ-ძეზე, ან მის ყოფილ მეუღლე გ. ბ-შვილზე კანონით დადგენილი წესით გაცემული ორდერი, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ბინაში მათი ცხოვრების კანონიერება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტი, რადგანაც არ უნდა გამოეყენებინა საბინაო კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომებიდან სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად არ შეიძლებოდა გამოსახლებული ყოფილიყვნენ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახები, რომლებიც აღნიშნულ ბინებში ცხოვრობდნენ კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, როცა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, სადავო ბინაში მოპასუხის ცხოვრება მიიჩნია კანონიერად, მაშინ როცა საქმის მასალებში არ იყო წარმოდგენილი მოპასუხეზე ან მის მეუღლეზე გაცემული ორდერი _ საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთი კანონიერი საფუძველი.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არასრულყოფილად, რადგანაც არ იმსჯელა ფ. ქ-ძის შეგებებულ სარჩელზე. ამდენად, გადაწყვეტილება იურიდიულად არასრულად არის დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს სასაზღვრო ძალების სასაზღვრო რაზმ “ახალციხის” უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ ბ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.