Facebook Twitter

¹ 3კ/326-01 11 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, თ. კობახიძე

დავის საგანი: დახურული სამხედრო საცხოვრებელი ქალაქიდან გამოსახლება.

დავის საგანი შეგებებულ სარჩელში: ბინის პრივატიზაციის ნებართვა.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. გ-შვილი მსახურობდა ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარის ნაწილში. მას 1993 წლის 20 სექტემბერს გამოეყო სამოთახიანი ბინა კახეთის გზატკეცილზე, რომელიც ეკუთვნოდა რუსეთის ფედერაციის ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების სამხედრო ოლქს. ამ უწყებამ 1994 წლის 7 იანვარს საქართველოს სასაზღვრო ჯარებს გადასცა შენობა-ნაგებობები და მათ შორის რ. გ-შვილის სახელზე რიცხული სამოთახიანი ბინაც. ეს ბინა არ არის რ. გ-შვილის სახელზე პრივატიზებული. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ვ. ჩ.-ის 1999 წლის 13 ოქტომბრის ¹ 310 ბრძანებით შეიქმნა დახურული სამხედრო საცხოვრებელი ქალაქები. რ. გ-შვილისათვის ორდერის საფუძველზე გადაცემული სამოთახიანი ბინა აღირიცხა მოტო-სამანევრო ჯგუფის დახურულ სამხედრო საცხოვრებელ ქალაქში. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე რ. გ-შვილის მიმართ და მოითხოვა მის მიერ დაკავებული სამოთახიანი ბინიდან გამოსახლება იმ საფუძვლით, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების მე-8 მუხლის თანახმად, დახურული სამხედრო ქალაქიდან გამოსახლებულ უნდა იქნენ ის პირები, რომლებსაც სასაზღვრო ძალებთან კავშირი არა აქვთ. მოპასუხე რ. გ-შვილი აღარ მუშაობს ამ უწყებაში.

რ. გ-შვილმა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა მის მიერ დაკავებული ბინის პრივატიზაციის ნებართვა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების მე-5 თავის მე-18 მუხლის თანახმად. ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს სახელწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სარჩელი რ. გ-შვილის მიმართ დაკმაყოფილდა: იგი, მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად, გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილის ... მდებარე სახლში დაკავებული სამოთახიანი ბინიდან. აღნიშნული ბინა თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს.

რ. გ-შვილის შეგებებული სარჩელი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რ. გ-შვილს უარი ეთქვა ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილის ... მდებარე სახლში დაკავებული სამოთახიანი ბინის პრივატიზაციაზე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალა რ. გ-შვილის დაკმაყოფილება სხვა, სანაცვლო საცხოვრებელი ფართით. ასევე, განსაზღვრა გადაწყვეტილების აღსრულების წესი, რომ რ. გ-შვილის დაკავებული ბინიდან გამოსახლება და მისი სანაცვლო ფართით დაკმაყოფილების აღსრულება მოხდეს ერთდროულად.

პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ რ. გ-შვილი გამოსახლებულ უნდა იქნეს დახურული სამხედრო საცხოვრებელი ქალაქიდან, ვინაიდან იგი აღარ მუშაობს სასაზღვრო ჯარებში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. გ-შვილი 1987-1992 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის და რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარებში; მას სადავო ბინა გადაეცა სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ. მოპასუხისათვის სადავო ბინის გადაცემის მომენტისათვის მოქმედი საბინაო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, ნამდვილი სამხედრო სამსახურიდან გადამდგარი პირები შეიძლება გამოსახლებულ იქნენ სამხედრო ქალაქებში მდებარე, მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომებიდან სხვა კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სადგომის მიცემით. ამ ნორმის საფუძველზე რაიონულმა სასამართლომ დაადგინა რ. გ-შვილის გამოსახლება სადავო ბინიდან და მოსარჩელეს დააკისრა მისთვის სანაცვლო ბინის მიცემა. რ. გ-შვილის შეგებებული სარჩელი ბინის პრივატიზაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 13 ოქტომბრის ¹ 310 ბრძანების მე-7 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად დახურულ სამხედრო ქალაქებში ბინების პრივატიზაცია აკრძალულია.

რაიონული სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ვ. ჩ.-მ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 2 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დატოვა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: რ. გ-შვილი 1987 წლიდან 1992 წლამდე მსახურობდა სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო ჯარებში. ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების სამხედრო ოლქის მიერ 1989 წელს მას გამოეყო ჯერ ერთოთახიანი ბინა, შემდეგ კი, 1993 წელს, გამოეყო იმავე უწყების მიერ სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა. რ. გ-შვილს სადავო ბინაში ცხოვრების სამართლებრივი საფუძველია 1993 წელს გაცემული ბინის ორდერი. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს არა საბინაო კოდექსის 105-ე მუხლი, არამედ სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილი, რადგან სასამართლომ მიუთითა, რომ გაურკვეველია სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული რომელი ახალი წესის საფუძველზე უნდა დაკმაყოფილდეს აპელანტის მოთხოვნა რ. გ-შვილის სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება მოპასუხის სანაცვლო ფართით უზრუნველყოფის ნაწილში და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება შემდეგი მოტივებით: რ. გ-შვილს სადავო ბინის ორდერი კანონდარღვევით არ მიუღია, მაგრამ მან ძალა დაკარგა მას შემდეგ, რაც იგი დათხოვნილ იქნა სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან. იმ მომენტიდან იგი უკანონოდ ცხოვრობს სადავო ბინაში. სადავო ბინა წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად კასატორს, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელს, ელახება სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით მინიჭებული უფლება _ მესაკუთრე თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. სამოქალქო კოდექსის 170-ე მუხლი უძრავი ნივთის მიმართ ადგენს ახალ წესს, განსხვავებით საქართველოს საბინაო კოდექსის 105-ე მუხლისაგან, რომელიც პირდაპირ ზღუდავს ახალი სამოქალაქო კოდექსით მესაკუთრისათვის მინიჭებულ უფლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ რ. გ-შვილი 1987 წლიდან 1992 წლის სექტემბრამდე მსახურობდა სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო ჯარებში. სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ამიერკავკასიის სასაზღვრო ოლქის ხელმძღვანელობამ მას ერთ სულზე 1989 წლის 27 თებერვალს გამოუყო ერთოთახიანი ბინა ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილის ... სახლში. იგივე უწყებამ 1993 წლის 20 სექტემბერს მის ოთხსულიან ოჯახს გამოუყო იმავე მისამართზე მდებარე მეორე სახლში სამოთახიანი ბინა. ამ ბინის მიცემის დროისათვის იგი აღარ მსახურობდა სასაზღვრო ჯარებში. საქმეში წარმოდგენილია იმ შენობა-ნაგებობების მიღება-ჩაბარების აქტი, რომლებიც 1994 წლის 7 იანვარს რუსეთის ფედერაციის ჩრდილო-კავკასიის სასაზღვრო ოლქის სამხედრო ხელმძღვანელობამ გადასცა საქართველოს სასაზღვრო ჯარების ხელმძღვანელობას. გადაცემულ იქნა, ასევე, რ. გ-შვილზე ორდერის საფუძველზე მიცემული სამოთახიანი ბინაც.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა რ. გ-შვილისათვის ბინის მიცემის დროისათვის მოქმედი საბინაო კოდექსის 105-ე მუხლი, რომლის თანახმად, ნამდვილი სამხედრო სამსახურიდან გადამდგარი პირები შეიძლება გამოსახლებული იქნენ სამხედრო ქალაქებში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომებიდან მხოლოდ სხვა კეთილმოწყობილი ბინის მიცემით.

ამ მუხლის საფუძველზე, რ. გ-შვილის ბინიდან გამოსახლება შეიძლება მხოლოდ სხვა ბინის მიცემით. სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, ახალი წესია დადგენილი საბინაო კოდექსის 105-ე მუხლისგან განსხვავებით და ახალი ნორმის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. დადგენილია, რომ რ. გ-შვილს სადავო ბინით სარგებლობის უფლება კანონის მოთხოვნათა დაცვით გაცემული ბინის ორდერის საფუძველზე წარმოეშვა. მისი ბინით სარგებლობის უფლება დაცულია, ასევე, ბინის მიცემის დროისათვის მოქმედი საბინაო კოდექსის 105-ე მუხლითაც. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მოითხოვოს მფლობელისაგან ნივთის უკან გამოთხოვა, თუ მფლობელს არ აქვს ამ ნივთის ფლობის უფლება. ამიტომ რ. გ-შვილისათვის სადავო ბინის ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ასევე, სააპელაციო პალატის მითითებას იმის შესახებ, რომ რ. გ-შვილი სადავო ბინიდან უნდა გამოსახლდეს სხვა საცხოვრებელი ფართის მიცემით. ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რადგან კასატორმა მოითხოვა რ. გ-შვილის სადავო ბინიდან გამოსახლება სხვა ბინის მიუცემლად. ამდენად, პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ რ. გ-შვილი სადავო ბინაში შესახლებულია იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მისი ამ ბინიდან გამოსახლება სხვა საცხოვრებელი ფართის მიუცემლად, უსაფუძვლოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის საკაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 2 ნოემბრის განჩინება რ. გ-შვილის ბინიდან გამოსახლების ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სარჩელი რ. გ-შვილის სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.