Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/327-01 21 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: _ დამგირავებლის წილის ნაწილის მოგირავნის საკუთრებაში გადასვლა.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის 19 აპრილს სს ბიზნეს-ცენტრ სასტუმრო “რ.” და შპს “ქ. ქ. ტ. კ.” შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სს ბიზნეს-ცენტრი სასტუმრო “რ.” სამი თვის ვადით შპს “ქ. ქ. ტ. კ.” ასესხა 27900 ლარი, 3%-ის სარგებლით.

ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით შპს “ქ. ქ. ტ. კ.” პარტნიორებმა _ ო. უ-ძემ და კ. ძ-შვილმა დააგირავეს საზოგადოების კაპიტალში თავიანთი წილების ნაწილი _ კ. ძ-შვილმა 7%, ხოლო ო. უ-ძემ _ 10,5%.

სს “რ.” 1999 წლის ნოემბერში აღძრა სარჩელი ო. უ-ძისა და კ. ძ-შვილის მიმართ და მოითხოვა დამგირავებლის წილის ნაწილის მორიგავნის საკუთრებაში გადასვლა.

1999 წლის დეკემბრის თვეში ო. უ-ძემ და კ. ძ-შვილმა თავიანთი წილები დაუთმეს ამავე საზოგადოების ერთ-ერთ პარტნიორს _ დ. პ-ძეს, რის გამოც სს “რ.” 2000 წლის 31 იანვარს სასამართლოში მის მიმართ სარჩელი აღძრა. სასამართლომ დ. პ-ძის მიმართ 31 იანვარს აღძრული სარჩელი 28 იანვრის თარიღით გააერთიანა ერთ წარმოებად ზემოაღნიშნულ სარჩელთან. იმავე დღეს, ე.ი. 28 იანვრის განჩინებით საქმეზე სს “რ.” სარჩელის გამო ო. უ-ძისა და კ. ძ-შვილის მიმართ შეწყვიტა საქმის წარმოება. სასამართლომ საქმის შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა დ. პ-ძეს, ო. უ-ძესა და კ. ძ-შვილს შორის შემდგარი მორიგება წილის დათმობის შესახებ.

2000 წლის 16 თებერვალს მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო რუსთავის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სს “რ.” სარჩელი და საზოგადოების კაპიტალში დ. პ-ძის წილის ნაწილი – 17,5%-ის ოდენობით, საკუთრებაში გადაეცა მოგირავნეს _ სს “რ.”.

2000 წლის 22 მარტს დ. პ-ძემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართა საჩივრით დაუსწრებელი გადაწყვტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2000 წლის 29 მარტის განჩინებით დ. პ-ძეს უარი უთხრა საჩივრის მიღებაზე.

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით დ. პ-ძემ სასამართლოში შეიტანა კერძო საჩივარი, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 ივნისის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 24 მარტის განჩინება უცვლელი დარჩა. აღნიშნულ განჩინებაზე დ. პ-ძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 22 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა დ. პ-ძის საკასაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო ინსტანციამ მიიჩნია, რომ დ. პ-ძის საჩივარი სასამართლომ უნდა განიხილოს როგორც სააპელაციო საჩივარი ჩვეულებრივ და არა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან სსსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ საქმეზე არ შეიძლება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას სს “რუსთავის” წარმომადგენელმა მოითხოვა დ. პ-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იმ საფუძვლით, რომ იგი სსსკ-ის 369-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევითაა შეტანილი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 7 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სს “რ.” წარმომადგენლის მ. ა-შვილის შუამდგომლობა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 28 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, ხოლო საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აღნიშნული განჩინება არ გაუქმებულა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 7 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა დ. პ-ძის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 16 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2000 წლის 29 მარტის განჩინება. საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 70-78-ე მუხლები; ასევე, სსკ-ის 272-273-ე მუხლები.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრებით მიმართეს სს “რ.” და დ. პ-ძემ საკასაციო საჩივრის ავტორი _ სს “რ.” მოითხოვს აღნიშნული განჩინებების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით:

1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ მოპასუხეს შესაგებლის წარმოსადგენად არ დაუნიშნა გონივრული ვადა და ამით წაართვა უფლება სსსკ-ის 4-ე მუხლის შესაბამისად დაეცვა თავი სარჩელისაგან. კასატორი თვლის, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მხარემ სსსკ-ის 64-ე მუხლით მინიჭებული უფლება საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ გამოიყენა. აღნიშნული კი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად.

2. საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს, რომ სასამართლოს არ უნდა მიეჩნია დასაშვებად სააპელაციო საჩივარი, რადგან იგი ვადის დარღვევითაა შეტანილი. ამასთან, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც საქმეშია წარმოდგენილი, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა.

3. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 272-273-ე მუხლები. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე სადავო წილის კეთილსინდისიერი მფლობელია და მას სსკ-ის 160-ე მუხლის საფუძველზე უფლება აქვს, მსგავსად მესაკუთრისა, ვინდიკაციით გამოითხოვოს გირავნობის საგანი მესამე პირისაგან, ამ შემთხვევაში _ დ. პ-ძისაგან.

4. საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს, სსსკ-ის 404-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2000 წლის 18 თებერვალს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეიტანა 22 მარტს. ე.ი. ვადის გასვლის შემდეგ.

დ. პ-ძე საკასაციო საჩივრით მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსსკ-ის 385-ე მუხლი და საქმე ხელახლა განსახილველად არ უნდა დაებრუნებინა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რადგან მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

1. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ სსსკ-ის მე-4 მუხლის მოთხოვნის დრღვევაზე. როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, სასამართლომ (პირველი ინსტანციის) მოპასუხეს შესაგებელის წარსადგენად დაუნიშნა ხუთი დღე. სააპელაციო სასამართლომ ეს ვადა არ მიიჩნია გონივრულ ვადად. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია აღნიშნული ვადა (5 დღე) არაგონივრულად, რადგან სსსკ-ის 201-ე მუხლით შესაგებელი უნდა პასუხობდეს კანონით გათვალისწინებულ (ამავე მუხლის მეორე ნაწილის) მოთხოვნებს. ამასთან, მოპასუხეს უფლება აქვს სასამართლოს წარუდგინოს იმ გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებანი, რაზედაც ამყარებს თავის შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი). მართალია საპროცესო ვადის დანიშვნა სასამართლოს (მოსამართლის) მიხედულებით უნდა გადაწყდეს, მაგრამ ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით ხუთი დღე საკასაციო სასამართლოსაც ამ შემთხვევაში არაგონივრულ ვადად მიაჩნია. ამ ვადას (5 დღეს) ითვალისწინებს სსსკ-ის 202-ე მუხლი, მაგრამ იმ შემთხვევისათვის, როცა მოპასუხის წერილობითი პასუხი და მასზე დართული საბუთების ასლები გადაეგზავნება მოსარჩელეს, ამ უკანასკნელს უფლება აქვს 5 დღის ვადაში წარუდგინოს მოსამართლეს (სასამართლოს) დამატებითი მტკიცებულებები, ან წერილობითი მოსაზრებები. აღნიშნული შემთხვევისათვის ეს ვადა კანონმდებელმა გონივრულ ვადად მიიჩნია, რადგან ამ დროისათვის საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისათვის თითქმის მომზადებულია, მოსარჩელესა და მოპასუხეს უკვე წარმოდგენილი აქვთ იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რომლებზედაც ისინი ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებსა და შესაგებელს.

2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით იქნა შეტანილი სასამართლოში. მოცემულ საქმეში სსსკ-ის 369-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადა მხარეს არ დაურღვევია, რადგან საქმის მასალებით ირკვევა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხარეს არ ჩაბარდა ამავე ნორმით დადგენილი წესის შესაბამისად. კერძოდ, მხარეს გადაწყვეტილება უნდა ჩაბარდეს უშუალოდ სასამართლოში, ან გაეგზავნოს ამავე ნორმით დადგენილი წესის შესაბამისად. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მხარეს გადაწყვეტილება არ ჩაბარდა არც სასამართლოში და არც ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად არ გაგზავნია. სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გაგზავნის შესახებ უწყებაზე უნდა მიეთითოს ჩაბარების დრო. ასეთი უწყება კი საქმეში საერთოდ არ არის.

3. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 160-ე მუხლი. სასამართლოს არც უნდა გამოეყენებინა აღნიშნული ნორმა, რადგან მოთხოვნის უფზრუნველყოფის საშუალებას _ გირავნობას, არეგულირებს შესაბამისი ნორმები, რომლებიც იცავენ მოგირავნის უფლებებს.

4. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კანონიერია და იგი არ უნდა გაუქმედეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ზემოთაღნიშნული გარემოების გამო.

საკასაციო სასამართლო, ასევე, ვერ გაიზიარებს შპს “ქ. ქ. ტ. კ.” საკასაციო საჩივარს, რადგან სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 385-ე მუხლი და საქმე ხელახლა განხილვისათვის დააბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, მართალია, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმის მასალებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია საქმის ხელახლა განხილვა პირველი ინსტანციით, რაც სასამართლოს შეხედულებას წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯები უნდა განაწილდეს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად (დავის საგნის ღირებულებაა 27900 ლარი).

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს ბიზნეს-ცენტრ სასტუმრო “რ.” შპს “ქ. ქ. ტ. კ.” საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 7 დეკემბრის განჩინება.

საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი დაეკისროს სს “რ.” _ 1116 ლარის ოდენობით, ასევე შპს “ქ. ქ. ტ. კ.” _ 1116 ლარის ოდენობით. აქედან, 70% უნდა ჩაირიცხოს ეროვნული ბანკის ¹ 000141107 ანგარიშზე, ხოლო 30% სახელმწიფო ბიუჯეტში.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.