საქმე №330100124009823203
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №665აპ-25 20 ნოემბერი, 2025 წელი
ს–ა გ., №665აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ს–ას ადვოკატის – ლ. ლ–ას – საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ს–ას (დ–) ბრალად ედებოდა:
1.1.1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
1.1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი);
1.1.3. ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.1.4. ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2. გ. ს–ას ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. 2024 წლის 3 მარტს, საღამოს საათებში, თ..ა...ში გ. ს–ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – თ. ჯ–ეს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და სახის არეში.
1.2.2. 2024 წლის 19 მაისს, საღამოს საათებში, თ..ა...ში გ. ს–ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – თ. ჯ–ეს – მისი არასრულწლოვანი შვილის, შ– ს–ას თანდასწრებით, კერძოდ, ფეხსაცმელები დაარტყა რამდენჯერმე თავის არეში.
1.2.3. 2024 წლის 19 მაისს, საღამოს საათებში, თ..ა...ში გ. ს–ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – თ. ჯ–ეს, კერძოდ, განუცხადა, რომ მოკლავდა.
1.2.4. 2024 წლის 20 მაისს, საღამოს საათებში, თ..ა...ის მიმდებარედ, გ. ს–ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – თ. ჯ–ესა და მისი შვილის მეუღლეს – თ. ჩ–ს, კერძოდ, ორივე მათგანს განუცხადა, რომ მოკლავდა და ცოცხლად დაწვავდა.
1.2.5. 2024 წლის აპრილიდან 2024 წლის 20 მაისის ჩათვლით, თ..ა...ში გ. ს–ა სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით მისი შვილის მეუღლეს – თ. ჩ–ს, რის შედეგედაც, ეს უკანასკნელი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და 2024 წლის 20 მაისს მედიკამენტების გადაჭარბებული დოზის მიღებით სცადა თვითმკვლელობა, თუმცა დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად, გადაურჩა სიკვდილს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენით:
2.1.1. გ. ს–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
2.1.2. გ. ს–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 19 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 8 თვით;
2.1.3. გ. ს–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 20 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 8 თვით;
2.1.4. გ. ს–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 8 თვით;
2.1.5. გ. ს–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
2.1.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ს–ას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც აეთვალა 2024 წლის 21 მაისიდან;
2.1.7. გ. ს–ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, 4 თვით გამოიცა დამცავი ორდერი, შემდეგი პირობებით:
· გ. ს–ას აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც დაზარალებულები – თ. ჯ–ე და თ. ჩ–- – ცხოვრობენ და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც დაზარალებულები იმყოფებიან;
· გ. ს–ას აეკრძალა დაზარალებულებთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშულებების გამოყენებით, ასევე – დაზარალებულებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მესამე პირების მეშვეობით.
2.1.8. დამცავი ორდერის ძალაში შესვლის ვადად განისაზღვრა გ. ს–ას პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების დღე.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. ს–ას ადვოკატებმა. ადვოკატმა, თ. მ–ემ, სააპელაციო საჩივრით მოითხოვა კანონთან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება, ხოლო ადვოკატმა, ლ. ლ–ამ – გ. ს–ას უდანაშაულოდ ცნობა და მისი გამართლება წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 ივნისის განაჩენით, მსჯავრდებულ გ. ს–ას ადვოკატების – თ. მ–ის და ლ. ლ–ას – სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატი ლ. ლ–ა საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ გ. ს–ას უდანაშაულოდ ცნობას წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში, რადგან, მისი შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებები არასრულყოფილად და არასწორად შეაფასა; ალტერნატივად, ადვოკატი ითხოვს გ. ს–ას მიმართ გამოცემული დამცავი ორდერის გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, განიხილა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ს–ას ადვოკატის – ლ. ლ–ას – საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლოში დაიკითხნენ დაზარალებულები – თ. ჩ–- და თ. ჯ–ე, რომლებმაც თანმიმდევრულად და დეტალურ ისაუბრეს გ. ს–ას მიერ მათ მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და მუქარის შესახებ, დროისა და ადგილის მითითებით. კერძოდ, დაზარალებულმა თ. ჯ–ემ განმარტა, რომ გ. ს–ა მისი მეუღლე იყო და ისინი 12 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქორწინებაში. 2024 წლის 1 მარტს, მას სოციალურ ქსელში უცნობმა პირმა მისწერა, რის შესახებაც მეუღლეს აცნობა, გამომდინარე მისი ეჭვიანობიდან. 3 მარტს, კამათის დროს, გ. ს–ამ მას გაახსენა აღნიშნული ფაქტი და თავში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი, რის შედეგადაც, განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ გადაწყვიტა დაშორება, თუმცა გ. ს–ა აგრესიულად მოიქცა, ჩაამსხვრია ფანჯრები და მუქარით მიმართა: „– თქვენ, რომ გგონიათ, ისე გემრიელად არ დაგტოვებთ აქ-ო“. 19 მაისს, შვილის ჯვრისწერის შემდეგ, გ. ს–ამ კვლავ გამოავლინა აგრესია, ეჭვიანობის ფონზე კამათისას მეუღლეს თავში ჩაარტყა ფეხსაცმელი, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და უთხრა, რომ „დაასისხლიანებდა“. კონფლიქტს შეესწრო მათი რვა წლის შვილი და რძალი – თ. ჩ., რომელიც ასევე გახდა გინებისა და მუქარის სამიზნე. პოლიციაში დარეკვის შემდეგ, გ. ს–ამ ბინა დატოვა. 20 მაისს, ეზოში თ. ჯ–ემ შენიშნა გ. ს–ას ტელეფონი, რის შემდეგაც დაინახა, რომ იგი კამათობდა შვილთან. შემდეგ გ. ს–ა მიუახლოვდა მათ აივანს, რომელზეც ასევე იდგა თ. ჩ–- და მუქარით მიმართა: „– ჯერ სად ხართ, ცოცხლად დაგწვავთ ყველას ერთად-ო“. ამის შემდეგ თ. ჩ. აბაზანაში შევიდა და, თვითმკვლელობის მიზნით, მიიღო დიდი რაოდენობით აბები. იგი იპოვეს გონებადაკარგული, პირიდან დუჟით. დაზარალებულის თქმით, თ. ჩ. თვითმკვლელობამდე მიიყვანა გ. ს–ას მუქარამ, რომელიც რეალურად აღიქვა. მუქარა მიემართებოდა როგორც მას, ისე – თ. ჩ–ს, რამაც ორივეს გაუჩინა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში. გ. ს–ას ქმედებების შედეგად, მძიმე ემოციურ მდგომარეობაში აღმოჩნდა მათი მცირეწლოვანი შვილიც.
3. დაზარალებულმა – თ. ჩ–მა – განმარტა, რომ გ. ს–ა მისი დედამთილის მეუღლეა. 2024 წლის 19 მაისს, საღამოს, ოჯახთან ერთად იმყოფებოდა სახლში, როდესაც გ. ს–ა დაბრუნდა და გამოხატა აგრესია თ. ჯ–ის მიმართ. კამათისას მან ფეხსაცმელი ჩაარტყა თავში მეუღლეს, რასაც შეესწრო მათი რვა წლის შვილიც. მან სცადა თ. ჯ–ის დაცვა, თუმცა თავადაც გახდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ობიექტი. გ. ს–ა აგდებდა მას სახლიდან და მოითხოვდა ბინის დატოვებას. ეს უკანასკნელი ორივეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ცდილობდა მასზე ფიზიკურ ძალადობას, თუმცა თ. ჯ–ემ ხელი შეუშალა. მომხდარის შემდეგ დედამთილმა პოლიციაში დარეკა და გ. ს–ამაც დატოვა ბინა. თავად ღამის გასათევად ნათესავთან წავიდა. 20 მაისს, დაბრუნებისას, შეიტყო, რომ გ. ს–ა სახლთან ახლოს იმყოფებოდა. აივანზე გამოსვლისას, ბრალდებულმა კვლავ გამოხატა აგრესია, აგინა და დაემუქრა „დასისხლიანებით და სახლის გადაწვით“. აღნიშნული მუქარა მან აღიქვა რეალურად და განიცადა ძლიერი შიში. პოლიციაში ამჯერადაც დარეკა, თუმცა გ. ს–ამ ტერიტორია დატოვა. ამის შემდეგ, მუქარისა და სტრესის ფონზე, დაეწყო პანიკური შეტევა, რის შედეგადაც აბაზანაში შევიდა და დიდი რაოდენობით აბების მიღებით სცადა თვითმკვლელობა. დაზარალებულის განმარტებით, თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი გ. ს–ას ქმედებების გამო, მუდმივი ტანჯვისა და ემოციური წნეხის განცდა იყო.
4. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულთა ჩვენებების სანდოობას ამყარებს მათი მონაწილეობით შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები. იმავდროულად, მათ მიერ აღწერილი ფაქტები შეესაბამება გამოძიების ეტაპზე წარმოდგენილ ინფორმაციას და დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ:
5. გ. ს–ას მიერ 2024 წლის 19 მაისს მეუღლის, თ. ჯ–ის მიმართ ფიზიკური ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა დადასტურებულია 2024 წლის 19 მაისის №.... შემაკავებელი ორდერით და მასზე დართული ოქმით. ორდერში მითითებულია, რომ გ. ს–ამ მეუღლის მიმართ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა, კერძოდ, თავში ჩაარტყა ფეხსაცმელი, აგინა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა რეალურად აღიქვა და განიცადა შიში. ანალოგიურად, 2024 წლის 20 მაისს, გ. ს–ას მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი დადასტურებულია №.... შემაკავებელი ორდერითა და თანდართული ოქმით. სასამართლოს შეფასებით, ორივე შემაკავებელი ორდერი და მათზე დართული ოქმები, რამდენადაც შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია ეხება მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას და ადასტურებს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს, წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს.
6. სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებები და 112-დან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმი ადასტურებს დაზარალებულთა მიერ სამართალდამცავი ორგანოსთვის მიმართვის ფაქტს და დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნული აუდიოჩანაწერის შინაარსი სრულად შეესაბამება დაზარალებულთა ჩვენებებსა და სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან, ერთობლიობაში ქმნის 2024 წლის 19 და 20 მაისს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების სრული სურათის აღდგენის შესაძლებლობას.
7. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან მნიშვნელოვანია 2024 წლის 20 მაისს შედგენილი №.... სამედიცინო ბარათიც, რომლის მიხედვითაც, თ. ჯ–ე უჩიოდა თავის ტკივილს, აფორიაქებასა და სისუსტეს. მისი გადმოცემით, დაზიანებები მიიღო მეუღლის – გ. ს–ას – მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად, კერძოდ, ფეხსაცმლის თავში ჩარტყმით. ბარათში დაფიქსირებულია თხემის არეში ტკივილი და დაჟეჟილობა, რაც სრულად შეესაბამება დაზარალებულების ჩვენებებს.
8. გ. ს–ას მიერ თ. ჯ–ისადმი ფიზიკური ძალადობის ფაქტი დამატებით დადასტურებულია დაზარალებულის მობილურ ტელეფონში დაცული ფოტოსურათით, რომელზეც ასახულია სახის არეში არსებული ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები.
9. გ. ს–ას მიერ თ. ჩ–-ს თვითმკვლელობის მცდელობის ეპიზოდი დამატებით დასტურდება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №.... დასკვნით. ექსპერტიზის მიხედვით, თ. ჩ–-ს ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რომელიც საქმის მასალების საფუძველზე უკავშირდებოდა გ. ს–ას მხრიდან განხორციელებულ მუქარას, შეფასებულია ფსიქოლოგიურ ტანჯვად.
10. სასამართლო ვერ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ. ს–ას უდანაშაულობის შესახებ, რადგან საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად დადასტურდა საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით. დაზარალებულების თანმიმდევრული ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, აუდიოჩანაწერები, შემაკავებელი ორდერები თანდართული ოქმებით და სამედიცინო ბარათი ადასტურებს გ. ს–ას მიერ მეუღლის – თ. ჯ–ისადმი – ფიზიკურ ძალადობასა და მუქარას, ასევე რძლის – თ. ჩ–სადმი – მუქარასა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას. შესაბამისად, დაცვის მხარის მტკიცება, თითქოს სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებები არასრულყოფილად და არასწორად შეაფასა, დაუსაბუთებელია და არ ემყარება საქმის მასალებს. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დგინდება გ. ს–ას მიმართ გამოტანილი მსჯავრის სისწორე და საფუძვლიანობა (მტკიცებულებებით დასტურდება და არც მხარეები დავობენ მსჯავრდებულისა და დაზარალებულების ნათესაურ კავშირზე. ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები არიან).
11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ თითოეული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება გ. ს–ას მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მის პიროვნებას.
12. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებზე კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, მართებულად არ გაავრცელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით, სწორად გამოიყენა აღნიშნული ამნისტიის კანონი, სასჯელის შემცირების თვალსაზრისით.
13. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ამნისტიის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს, სასჯელის შემცირებასთან ერთად, დამცავი ორდერის გამოცემის აუცილებლობას, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეცა დამცავი ორდერი. ეს განპირობებულია იმით, რომ გ. ს–ასთვის დანიშნული და ამნისტიის შედეგად შემცირებული სასჯელები შთანთქმულია საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრული სასჯელით, რომელიც ამნისტიით არ შემცირებულა. შესაბამისად, მსჯავრდებული ამნისტიის შედეგად შემცირებული ვადის მიუხედავად, არ თავისუფლდება პენიტენციური დაწესებულებიდან. აღნიშნული მიდგომა ეფუძნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ჩამოყალიბებულ პრაქტიკას, რომლის თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემა მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახური დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირი ამნისტიის შედეგად რეალურად ტოვებს პენიტენციურ დაწესებულებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის №731-24 განჩინება).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ. ს–ას ადვოკატის – ლ. ლ–ას – საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ დამცავი ორდერის გაუქმების ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ს–ას ადვოკატის – ლ. ლ–ას – საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 ივნისის განაჩენი;
3. გ. ს–ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
4. გ. ს–ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 19 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 8 თვით;
5. გ. ს–ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 20 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 8 თვით;
6. გ. ს–ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 8 თვით;
7. გ. ს–ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ს–ას სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
9. გ. ს–ას სასჯელის ვადა აეთვალოს – 2024 წლის 21 მაისიდან;
10. გაუქმდეს გ. ს–ას მიმართ გამოცემული დამცავი ორდერი;
11. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. ს–ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;
12. გ. ს–ას მიმართ აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გამოყენებული სხვა ღონისძიებები (საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაზარალებულებთან მიახლოება და ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით კომუნიკაციის აკრძალვა, ასევე საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება) გაუქმდეს;
13. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
14. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე