3კ/332-01 10 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, თ. კობახიძე
დავის საგანი: პრივატიზებულ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა და წილის განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში, ..... მდებარე ოროთახიან ბინაში ჩაწერილები იყვნენ და ცხოვრობდნენ ნ. მ-შვილი, ფ. ო-ავა და აწ გარდაცვლილი თ. დ-ია. 1992 წლის 28 ივლისს, მხარეების თანხმობით, თ. დ-იას სახელზე მოხდა აღნიშნული ბინის პრივატიზაცია. ეს უკანასკნელი გარდაიცვალა 1993 წლის 23 ივლისს.
ფ. ო-ავამ მიმართა მთაწმინდის რაიონის სასამართლოს და მოითხოვა სადავო ბინის 1/2 წილზე მესაკუთრედ ცნობა.
მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ფ. ო-ავას სარჩელი და იგი ცნობილ იქნა სადავო ბინის 1/2 წილის მესაკუთრედ. ამასთან, დამხმარე სათავსები დარჩა ნ. მ-შვილთან საერთო სარგებლობაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა საქართველოს საბინაო კოდექსის 62-ე მუხლი, რომლის თანახმად აწ გარდაცვლილი თ. დ-ია და ნ. მ-შვილი იყვნენ სადავო კომუნალური ბინის დამქირავებლები. 1992 წლის 2 აგვისტოს ი. დ-იამ და ნ. მ-შვილმა ოჯახის წევრად მიიღეს ფ. ო-ავა და ჩაწერეს სადავო ბინაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოიპოვა ფართზე უფლება და გახდა კომუნალური ბინის დამქირავებელი.
აღნიშნული საქმე არაერთგზის იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მიერ; თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში. მოსარჩელე ფ. ო-ავამ სააპელაციო საჩივრის განხილვისას მოითხოვა ბინის 1/3-ზე თანამესაკუთრედ ცნობა.
სააპელაციო პალატის 2000 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფ. ო-ავას მოთხოვნა დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა სადავო ბინის 1/3-ის იდეალური წილის მესაკუთრედ.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პრივატიზაციის მომენტში ბინაში ცხოვრობდა სამი პირი: ი. დ-ია, ფ. ო-ავა და ნ. მ-შვილი, რომლებიც გახდნენ ბინის მესაკუთრეები და თითოეულს ეკუთვნის ბინის 1/3 წილი. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს ¹520 დადგენილებით გაუქმდა ბინის პრივატიზაციისას ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანხმობა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ჩათვალა, რომ პრივატიზებულ ბინებზე საკუთრების უფლება აქვს ყველა იმ პირს, რომელსაც საცხოვრებელ ფართზე უფლება მოპოვებული ჰქონდა პრივატიზაციის დროს.
ნ. მ-შვილმა საკასაციო საჩივრით მიმართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ ფ. ო-ავა ჩაწერილი იყო ბინის პრივატიზაციის დროს, მაგრამ ჩაწერა ატარებდა ფორმალურ ხასიათს და მას ამ ბინაში არასდროს უცხოვრია. შესაბამისად, ფ. ო-ავა ვერ ჩაითვლება დამქირავებლის ოჯახის წევრად და ფართზე უფლებამოპოვებულად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის, მმართველოს ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ..... მდებარე ოროთახიანი ბინა ირიცხებოდა თ. დ-იას სახელზე; მან ამ ბინის პრივატიზაცია მოახდინა 1992 წლის 28 ივლისს. ნ. მ-შვილმა და ფ. ო-ავამ თანხმობა მისცეს პრივატიზაციაზე. თ. დ-ია გარდაიცვალა 1993 წლის 23 ივლისს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფ. ო-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა თბილისში, ..... არსებული ოროთახიანი ბინის (ფართი _ 41 კვ.მ.) 1/3 იდეალური წილის მესაკუთრედ იმ საფუძვლით, რომ ამ უკანასკნელის პრივატიზაციის მომენტში ფართზე უფლება მოპოვებული ჰქონდა.
პალატა თვლის, რომ სადავო ბინაზე საკუთრების შეძენის სამართლებრივი საფუძველი 1992 წლის 8 ივლისის პრივატიზაციის ხელშეკრულებაა, რომლითაც აწ გარდაცვლილი თ. დ-ია აღირიცხა საჯარო რეესტრში მესაკუთრედ და აღნიშნულ ბინაში საკუთრების უფლებით წილის გამოყოფა შეუძლებელია პრივატიზაციის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გარეშე. ვინაიდან პრივატიზაციის ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას, ამ უკანასკნელის დადება ან ცვლილებების შეტანა მასში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანხმად წარმოადგენს ადმინისტრაციული დავის საგანს; შესაბამისად, საქმე განეკუთვნება არა საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის, არამედ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის განსჯადობას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრული წესით. სააპელაციო პალატამ კი მოცემული დავა განიხილა საპროცესო კოდექსის ნორმების საფუძველზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია; “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრება საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები, მათი შემადგებლობის ფორმირების წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა. არაგანსჯადი საქმის განხილვა იწვევს სამართალწარმოების განსხვავებულ პრინციპებზე აგებას, საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს (საქმის ხელახალი განხილისას უნდა ჩართულ იქნეს პრივატიზაციის ხელშეკრულების კონტრაჰენტი _ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს წარმომადგენელი).
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.