გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/333 21 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 10 თებერვალს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ი. ნ-შვილმა მოპასუხე სს “მ. რ. ც.” მიმართ.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ი. ნ-შვილი ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში მხატვარ-მოდელიორის თანამდებობაზე. მუშაობის პერიოდში დისციპლინური ხასიათის სასჯელი არ მიუღია.
1996 წლიდან აღნიშნული საწარმო რეგისტრირებულია სააქციო საზოგადოებად, რომლის საერთო კრებამაც ი. ნ-შვილი 1998 წელს აირჩია სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.
მოსარჩელე განმარტავდა, რომ საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გ. ბ-ძე და დირექტორი გი. ბ-ძე ზღუდავდნენ მის უფლებებს, ვინაიდან იგი მათგან მოითხოვდა საწარმოს მუშაობის სწორად და კეთილსინდისიერად წარმართვას, რის გამოც სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე და საერთო კრებაზე გ. ბ-ძემ დააყენა ი. ნ-შვილის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანის საკითხი, მაგრამ ამ წინადადებას საერთო კრებამ მხარი არ დაუჭირა.
საწარმოს დირექტორის 2000 წლის 13 იანვრის ¹5 ბრძანებით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის “თ” პუნქტის საფუძველზე, შეწყდა ი. ნ-შვილთან შრომის ხელშეკრულება, ე.ი. ადმინისტრაციის მხრიდან ნდობის დაკარგვის მიზეზით. მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო საწარმოს დირექტორის 1999 წლის 24 სექტემბრის ¹ 30 ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ შედგენილი აქტი, რომლითაც თითქოს მოსარჩელემ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება: საწარმოში საწყობებისა და ბუღალტერიის გვერდის ავლით საწარმოში შეიტანა აღურიცხავი პროდუქცია.
მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლებას თვლიდა უკანონოდ, რადგანაც საწარმოს ადმინისტრაციას მასთან არ ჰქონდა გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ და არც ბრძანებით ჰქონდა დაკისრებული მატერიალური პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, მის მიმართ წაყენებული ბრალდება არ არის დადასტურებული სასამართლოს განაჩენით.
ი. ნ-შვილი აღნიშნავდა, რომ მისი გათავისუფლებისას საწარმოს ადმინისტრაციამ დაარღვია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რადგანაც, თუ მან ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, ადმინისტრაციას მოსარჩელის მიმართ, გადაცდომიდან ერთი თვის განმავლობაში შეეძლო გამოეყენებინა დისციპლინური ხასიათის სასჯელი. აგრეთვე, დარღვეულ იქნა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლისა და “საქართველოს პროფესიული კავშირების შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები _ ი. ნ-შვილთან შრომის კონტრაქტის შეწყვეტისას არ არსებობდა პროფკავშირის წინასწარი თანხმობა.
მოსარჩელემ სარჩელში მოითხოვა თავდაპირველ სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაინული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი. ნ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 14 ნოემბერს განიხილა ი. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა ი. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარი და სარჩელი მისი თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ და იგი აღდგენილ იქნა მხატვარ-მოდელიორის თანამდებობაზე სს “მ. რ. ც.”.
სს “მ. რ. ც.” საკასაციო საჩივარში მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, რომელთა თანახმად, დისციპლინური სასჯელის დადება შესაძლებელია ჩადენის დღიდან 6 თვემდე. კასატორის მიერ ეს მოთხოვნა დაცული იყო. მართალია, კომისიის მიერ გადაცდომა გამოვლინდა 1999 წლის 27 სექტემბერს, მაგრამ საწარმოს ადმინისტრაციამ ვერ მიაღწია ი. ნ-შვილისაგან ახსნა-განმარტების დაწერას ერთი თვის განმავლობაში, რამაც გამოიწვია ის, რომ გადაცდომის გამოვლენისთანავე საწარმოს ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ი. ნ-შვილისათვის დისციპლინური სასჯელის დადება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი.
კასატორი განმარტავს, რომ ი. ნ-შვილის ბრალეული ქმედება გახდა საწარმოს ადმინსტრაციის მხრიდან ნდობის დაკარგვის საფუძველი.
სს “მ. რ. ც.” გენერალური დირექტორი გი. ბ-ძე საკასაციო საჩივარში ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც არ დაკმაყოფილდება მოსარჩელე ი. ნ-შვილის სარჩელი.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ი. ნ-შვილი მუშაობდა მხატვარ-მოდელიორად სს “მ. რ. ც.”, სადაც აღურიცხავი პროდუქცია იქნა აღმოჩენილი 1999 წლის 24 სექტემბერს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გენერალური დირექტორის ბრძანებით საწარმოში შეიქმნა კომისია, რომელმაც შემოწმება დაამთავრა 1999 წლის 27 სექტემბერს.
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის მე-2 ნაწილი და უნდა გამოეყენებინა ამავე მუხლის მე-3 ნაწილი. მითითებული მუხლი ადგენს მუშა-მოსამსახურეთა დისციპლინური სასჯელის დადების ვადებს. შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის მე-2 ნაწილი იმპერატიულად მიუთითებს, რომ საწარმოს ადმინისტრაციის მიერ დისციპლინური სასჯელის გამოყენება შეიძლება გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს ერთი თვისა მისი გამოვლენიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს გადაცდომის ჩადენის დღიდან მის გამოვლენამდე ექვსთვიან ვადას. თუ ამ ვადის განმავლობაში გადაცდომა არ იქნება გამოვლენილი და შემდეგ გამოვლინდება, მუშა-მოსამსახურეს დისციპლინური სასჯელი ვერ დაედება.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის მე-2 ნაწილი და განმარტა, რომ საწარმოს ადმინისტრაცია დისციპლინურ სასჯელს იყენებს გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ერთი თვისა მისი გამოვლენის დღიდან. ვინაიდან, საწარმოს ადმინისტრაციამ ი. ნ-შვილის მიმართ გამოიყენა დისციპლინური სასჯელი _ სამუშაოდან დათხოვნა _ გადაცდომის გამოვლენიდან ოთხი თვის შემდეგ, კერძოდ, 2000 წლის 13 იანვარს, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ მოპასუხემ დაარღვია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით მიიღო სწორი განჩინება და მისი გაუქმების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
არ დაკმაყოფილდეს სს “მ. რ. ც.” საკასაციო საჩივარი.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.