გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/334-01 8 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქარვთელოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
სარჩელის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯ. კ-ძის სარჩელი და მოპასუხე ვ. მ-ძეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 10000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტის გადახდა ლარებში. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება დღეისათვის კანონიერ ძალაშია. ვინაიდან ვ. მ-ძემ ვერ შეძლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდა ჯ. კ-ძისათვის, ზესტაფონში ... მდებარე მ-ძის კუთვნილი სახლი გაიყიდა აუქციონზე. აუქციონზე სახლი შეიძინა ხ. ც-ძემ და დღეისათვის სახლი საკუთრების უფლებით ირიცხება მის სახელზე.
ხ. ც-ძემ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამრათლოს და მოითხოვა ვ. მ-ძის და მისი ოჯახის წევრების ა. მ-ძის და ე. მ-ძის გამოსახლება მის მიერ აუქციონზე შეძენილი სახლიდან, რადგან ისინი არ ათავისუფლებენ ნებაყოფლობით სადავო სახლს. სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი საფუძვლით: ჯ. კ-ძისაგან სინამდვილეში ფული ისესხა ვ. მ-ძის შვილმა ა. მ-ძემ, ჯ. კ-ძემ მოტყუებით და იძულებით გააფორმებინა ვ. მ-ძეს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ვ. მ-ძე და მისი ოჯახის წევრები გამოსახლდნენ სადავო სახლიდან. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ჯ. კ-ძის სარჩელი და ვ. მ-ძეს დაეკისრა მის სასარგებლოდ თანხის გადახდა, კანონიერ ძალაშია შესული და აქედან გამომდინარე არ გაიზიარა მოპასუხეთა განმარტება, რომ სესხი აიღო არა ვ. მ-ძემ, არამედ მისმა შვილმა ა. მ-ძემ. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ვ. და ა. მ-ძეებმა და ე. ც-ძემ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ვ. და ა. მ-ძეებმა და ე. ც-ძემ რომლითაც ითხოვენ განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: მოცემულ დავაში მოპასუხე უნდა ყოფილიყო არა ვ. მ-ძე, არამედ მისი შვილი ა. მ-ძე, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაირღვა მისი შვილიშვილების ზ. და ნ. მ-ძეების უფლებები, რომლებიც ამჟამად სტუდენტები არიან და დროებით ამოწერილები არიან სადავო სახლიდან.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ მოცემულ დავაში მოპასუხედ უნდა ყოფილიყო არა ვ. მ-ძე, არამედ მისი შვილი ა. მ-ძე, რადგან საქმეში წარმოდგენილია 1999 წლის 16 სექტემბრის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება რომლითაც ვ. მ-ძეს ჯ. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ლარებში. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეისათვის კანონიერ ძალაშია და აქედან გამომდინარე, საკითხი თუ ვინ უნდა გადაიხადოს თანხა სასამართლოს მიერ უკვე გადაწყვეტილია. ასევე ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ შეილახა მისი შვილიშვილების კანონიერი ინტერესები, რომლებიც სტუდენტები არიან და დროებით ამოწერილი არიან სადავო სახლიდან. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სახლის მესაკუთრე იყო ვ. მ-ძე რომელმაც სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა სადავო სახლი. იმის გამო, რომ ვერ შეძლო ვალის გადახდა კანონით დადგენილი წესით სახლი გაყიდა აუქციონზე და იგი შეიძინა და დღეისათვის სადავო სახლი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელე ხ. ც-ძის სახელზე, რომელმაც შეიტანა სარჩელი გამოსახლებაზე. მოპასუხედ ჩაბმულ იქნენ ის პირები რომლებიც დღეისათვის რეგისტრირებული არიან და ცხოვრობენ სადავო სახლში. შვილიშვილები კი სადავო სახლში რეგისტრირებული არ არიან. ამდენად, კანონის დარღვევას ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. კასატორებს არ დაუყენებიათ სარჩელი აუქციონის შედეგების გაუქმების შესახებ, ასევე არ მოუთხოვიათ სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის თანახმად, სადავო სახლში დამქირავებლად დარჩენა, რის გამოც საკასაციო სასამართლო ამ საკითხებზე ვერ იმსჯელებს ამდენად სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, სწორად დატოვა უცვლელი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ქონია და გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ც-ძის, ვ. და ა. მ-ძეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 დეკემბრის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.