Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/335-01 27 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, ბ. კობერიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. მ-ძემ მიმართა სასამართლოს და მოსთხოვა მოპასუხე შპს “ჭ. ა-ში” ...ის თანამდებობაზე აღდგენა შემდეგი საფუძველით: წლების განმავლობაში მუშაობდა ჭიათურის სამგზავრო ავტოსადგურში ...ად. 1999 წელს დაითხოვეს სამუშაოდან შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით. ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით აღდგენილ იქნა ძველ თანამდებობაზე. გადაწყვეტილების საფუძველზე 2000 წლის 7 ივნისს დაიწერა ბრძანება მისი თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, თუმცა ფაქტიურად არ მიეცა საშუალება განეხორციელებინა ...ის უფლებამოსილება – არ უშვებდნენ კაბინეტში, არ აძლევდნენ შტამპსა და ბეჭედს, ხოლო 2000 წლის 26 ივნისს ხელმეორედ გაათავისუფლეს თანამდებობიდან. მოსარჩელეს გათავისუფლება მიაჩნია უკანონოდ, რადგან თვლის, რომ დარღვეულია შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნები.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. თ. მ-ძე აღდგენილ იქნა თანამდებობაზე და მოპასუხეს დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს “ჭ. ა-მა”. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა შპს “ჭ. ა-ის” სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. მ-ძეს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. მ-ძემ გაუშვა შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოსათვის მიმართვის 1 თვიანი ვადა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიატნა თ. მ-ძემ, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანებით თ. მ-ძის სამუშაოდან დათხოვნის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია 2000 წლის 21 ივნისის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, რომელიც, კასატორის აზრით, შედგენილია მეწარმეთა შესახებ კანონის 47-ე მუხლის მოთხვონათა დარღვევით. გარდა ამისა, მოსარჩელეს არ ჩაჰბარებია კრების ოქმი და აქედან გამომდინარე მტკიცება, რომ კასატორის მიერ დარღვეულია სამუშაოზე აღდგენის საქმეზე სასამართლოსათვის მიმართვის ვადა, უსაფუძვლოა.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო.

სამოტივაციო ნაწილი:

დადგენილია, რომ შპს “ჭ. ა-ის” პარტნიორთა კრების 2000 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით კასატორი თ. მ-ძე გათავისუფლებულ იქნა შპს “ჭ. ა-ის” ...ის თანამდებობიდან. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად, კასატორს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენაზე სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადის გაშვების გამო. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის ეს მოსაზრება არ გამომდინარეობს მოქმედი კანონიდან. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში დირექტორის დანიშვნისა და განთავისუფლების წესი დარეგულირებულია სპეციალური კანონით, კერძოდ, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3-ე მუხლის “პ” პუნქტის თანახმად, დირექტორის დანიშვნისა და მისი გამოწვევის (გათავისუფლების) საკითხს წყვეტს პარტნიორთა კრება. ამავე კანონის 15.2-ე მუხლის თანახმად, პარტნიორთა კრების გადწყვეტილების გასაჩივრება დაიშვება ოქმის შედგენიდან ორი თვის ვადაში. ამდენად, სპეციალური კანონით დადგენილია სასამართლოზე მიმართვის სხვა ვადა, ვიდრე ეს შრომის კანონთა კოდექსით არის დადგენილი, ამიტომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სპეციალური კანონით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე და არ უმსჯელია საქმის არსებით გარემოებებზე, არ შეუმოწმებია გათავისუფლების კანონიერება, ამიტომ საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიტანოს ახალი გადაწყვეტილება, რის გამოც საქმე ხელახალი განხილვისავთის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. მ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.