გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/336-01 6 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლსო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, ბ. კობერიძე
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
თელავის რაიონულ სასამართლოს მიმართა მ. გ-შვილმა და მოითხოვა მოპასუხეზე თ. მ-შვილისათვის 7693 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის აწ გარდაცვლილი მეუღლე – ე. გ-შვილსა და მოპასუხეზე თ. მ-შვილს შორის შედგა გარიგება, რომლის თანახმად ე. გ-შვილი იყიდდა თელავში, ... მდებარე სამოთახიან კერძრო სახლის თავისი ეზოთი და გადააფორმებდა მას თ. მ-შვილზე, ეს უკანასკნელი კი ე. გ-შვილის საკუთრებაში გადასცემდა თავის სახელზე რიცხულ ოროთახიან ბინას, მდებარე ... თელავში. 1994 წელს ე. გ-შვილმა გადაუხადა ... მდებარე სახლის მეპატრონეს სახლის საფასური, რის შემდეგ იგი გაფორმდა თ. მ-შვილზე, ხოლო მ-შვილმა დაცალა ... მდებარე ოროთახიანი ბინა, სადაც ე. გ-შვილის ნებართვით განთავსდა “ივერთბანკის” თელავის ფილიალი.
იმის გამო, რომ ე. გ-შვილი ისე გარდაიცვალა, რომ ვერ მოასწრო უზრუნველყო ... მდებარე სალის თავის სახელზე გაფორმება, მ. გ-შვილმა მიმართა სასამართლოს სარჩელით ზემოაღნიშნული ბინების გაცვლის გარიგების დადებულად ცნობის შესახებ, მაგრამ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ.
მ. გ-შვილმა ახალი სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოთოვა მ. მ-შვილისათვის იმ თანხის დაკისრება, რომელიც ე. გ-შვილმა გადაუხადა ... მდებარე სალის საფასურად მის მესაკუთრეს.
საქმე არაერთგზის განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 ივლისს გადაწყვეტილებით მ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. მ-შვილს დაეკისრა მის სასარგებლოდ 9538 ლარის გადახდა.
თ. მ-შვილის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ.
პალატის 2000 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება, იურიდიული დაუსაბუთებელობის გამო და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. თ. მ-შვილს გადახდა მ. გ-შვილის სასარგებლოდ 9538 ლარი.
კასატორი თ. მ-შვილი მოითხოვს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსვის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნა, გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული.
კასატორის განმარტებით მ. გ-შვილის მოთხოვნა ხანდაზმულია, სასამართლომ არასწორად შეიჯამა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ ჩათვალა რა ე. გ-შვილის მიერ თ. მ-შვილისათვის გადაცემული თანხა ... მდებარე ოროთახიანი ბინის ქირად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილადაა მიჩნეული, რომ თელავში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი თ. მ-შვილმა იყიდა ნ. ა-შვილისაგან 1994 წლის 19 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. სახლის საფასური – 8 მლნ. რუსული რუბლი გადაიხადა ე. გ-შვილმა. ... განთავსებულ “ივერთბანკის” თელავის ფილიალსა და ე. გ-შვილს, ასევე, ამ უკანასკნელსა და თ. მ-შვილს შორის არარსებობს რაიმე ხელშეკრულება, რომელიც მათ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობების იურიდიულ სტატუსს განსაზღვრავდა.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ჩათვალა, რომ არარსებობს თელავში ... მდებარე სახლის თ. მ-შვილის საკუთრებაში გადასვლის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან არ დასტურდება ე. გ-შვილის მიერ თ. მ-შვილისათვის 8 მლნ. რუსული რუბლის გადახდის ვალდებულების წარმოშობის სხვა კანონიერი მოტივი. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, სწორად გამოიყენა დავის გადასაწყვეტად სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 486-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები და მიუთითა, რომ პირი, რომელმაც კანონის ან გარიგებით დადგენილი საფუძვლის გარეშე შეიძინა ქონება სხვის ხარჯზე, მოვალეა დაუბრუნოს უკანასკნელს უსაფუძვლოდ შეძენილთ ქონება, ხოლო თუ ქონების ნატურით დაბრუნება შეუძლებელია, აუნაზღაუროს მისი ღირებულება.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიასბ რომ მ. გ-შვილის სარჩელი ხანდაზმული იყო და სასამართლოს იგი არ უნდა განეხილა, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გაცემულ შემთხვევაში უნდა აითვალოს არა 1994 წლის ნოემბრიდან, არამედ 1999 წლის 13 მაისიდან, როცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული თელავის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. გ-შვილის სარჩელი აწ გარდაცვლილ ე. გ-შვილსა და თ. მ-შვილს შორის ... და ... მდებარე ბინების გაცვლის გარიგების დადებულად ცნობის შესახებ.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სამართლებრივად სწორადაა დასაბუთებული და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.