Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/338-01 25 აპრილი 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

სარჩელის დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1998 წლის 19 მარტს თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველოსა და შპს “მ-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც შპს-მ უფლება მოიპოვა მეტროპოლიტენის სადგურებში განეთავსებინა სავაჭრო ობიექტები. ხელშეკრულების შესაბამისად შპს “მ-მა” დაიწყო საამშენებლო სამუშაოების წარმოება. 1998 წლის 27 მარტს შპს-ს დირექტორმა დადო წინარე ხელშეკრულება ი. ქ-ძესთან მომავალში საიჯარო ხელშეკრულების დადების პირობით. ი. ქ-ძემ მეტროპოლიტენის სადგურ “ვაგზლის მოედანზე” 25 კვ.მ. ფართის მშენებლობის საწარმოებლად წინასწარ გადაუხადა მომავალ მეიჯარეს 2660 ლარი (2000 აშშ დოლარი). მშენებლობის დამთავრებისთანავე მხარეებს შორის გაფორმდებოდა იჯარის ხელშეკრულება. შპს ვალდებული იყო აღნიშნული ფართი არ გაეცა მესამე პირებზე.

1998 წლის 25 ივნისს შპს “მ-მა” მითითებულ ფართზე საიჯარო ხელშეკრულება დადო მესამე პირთან _ ჯ. მ-ძესთან, რომელსაც სავაჭრო ფართი გადაეცა თავისუფალ მდგომარეობაში. მან კეთილმოაწყო ობიექტი, დაამონტაჟა დახლები.

ი. ქ-ძემ სარჩელი აღძრა შპს “მ-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა შპს-სა და ჯ. მ-ძეს შორის 1998 წლის 25 ივნისს დადებული საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა. დავაში მესამე პირად ჩაება ჯ. მ-ძე.

მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ, მართალია, დაარღვია წინარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, მაგრამ ეს ვერ გახდება შპს-სა და ჯ. მ-ძეს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი. სასამართლომ ჯ. მ-ძე მიიჩნია სადავო ფართის კეთილსინდისიერ მფლობელად და მიუთითა სსკ-ის 162-ე მუხლზე, რომლითაც დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა სსკ-ის 933-ე და 54-ე მუხლების საფუძველზე სადავო საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

კასატორი მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას; ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა (მოსარჩელესა და მოპასუხეს) შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დაიდო წინარე ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს წარმოეშვა ვალდებულება მოსარჩელესთან მომავალში დაედო იჯარის ხელშეკრულება. მოპასუხემ (შპს “მ.”) დაარღვია წინარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და იჯარის ხელშეკრულება დადო მესამე პირთან.

პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია, რადგან ზემოთ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება შპს “მ-სა” და ჯ. მ-ძეს (მესამე პირს) შორის დადებული ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი გახდეს, რადგან ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის ადგენს ზიანის ანაზღაურების წესს. რაც შეეხება გარიგების ბათილობის სამართლებრივ საფუძველს, ასეთი დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მოცემული სამოქალაქო დავის განხილვისას, სასამართლომ სავსებით სწორად მიიჩნია სარჩელი უსაფუძვლოდ, რადგან ერთი ხელშეკრულების მხარეებს შორის ვალდებულების შეუსრულებლობა არ შეიძლება სხვა (მესამე) პირთან დადებული გარიგების ბათილობის საფუძველი გახდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ი. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, თუ საოლქო სასამართლოს პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.