გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/340 4 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი: ფანჯრის ღიობების პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ბათუმში, ... მცხოვრებმა ნ. დ-ძემ მისი საცხოვრებელი სახლის ყრუ კედელში გამოჭრა ორი ფანჯარა, რის გამოც, ქ. ბათუმის მერიის ¹ 2 საბინაო საექსპლუატაციო კანტორამ და ქ. ბათუმის მერიამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე ნ. დ-ძის მიმართ და მოითხოვეს უკანონოდ გამოჭრილი ფანჯრების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. მოსარჩელე სარჩელის საფუძვლად მიუთითებდა, რომ ნ. დ-ძის მოქმედებამ გააუარესა დაინტერესებული პირების _ ჟ. ჭ-შვილის, ნ. ჭ-შვილის და ლ. ყ-ძის საბინაო პირობები.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიერ ყრუ კედელში ფანჯრების გამოჭრა აუცილებლობით იყო გამოწვეული და იგი არ ლახავს დაინტერესებული პირების უფლებებს.
მოცემული საქმე რამდენჯერმე იქნა განხილული სასამართლო ორგანოების მიერ, ბოლოს ქ. ბათუმის სასამართლოს 1999 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ნ. დ-ძეს დაევალა ... ქუჩის მხრიდან გამოტეხილი ფანჯრის ღიობების ამოქოლვა და მისი პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 25 აგვისტოს განჩინებით.
სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები:
ქ. ბათუმში, ... ქუჩისა და ... გამზირის გადაკვეთაზე ცხოვრობენ დაინტერესებული პირები ნ. ჭ-შვილი, ჟ. ჭ-შვილი და ლ. ყ-ძე, რომლებსაც ... აქვთ პირადი საკუთრების ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი. მოპასუხე ნ. დ-ძე ცხოვრობს ... მდებარე პრივატიზებული სახლის მეორე სართულზე. დაინტერესებული პირების სახლის ეზოს ყრუ კედლით ესაზღვრება ნ. დ-ძის სახლთმფლობელობა. აღნიშნულ ყრუ კედელში მოპასუხემ თვითნებურად, ნებართვის გარეშე გამოჭრა ორი ფანჯარა.
სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 182-ე მუხლი და მიუთითა, რომ მოპასუხე ნ. დ-ძის სახლის ყრუ კედელი, რომელიც ესაზღვრება დაინტერესებული პირების საერთო სარგებლობის ეზოს, წარმოადგენს სასაზღვრო ნაგებობას და ამ მუხლის IV ნაწილის თანახმად, მეზობლების თანხმობის გარეშე დაუშვებელია მისი შეცვლა ან აღება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ქალაქის მერია, ხოლო დაინტერესებული პირები კი არიან მიწათმოსარგებლეები. მომავალში აღნიშნულ ეზოში დაინტერესებული პირები აპირებენ ნაგებობის აღმართვას. მათი ამ უფლების რეალიზაცია სამოქალაქო კოდექსის 174-175-ე, 182-ე მუხლების შესაბამისად დამოკიდებული იქნება მოპასუხე ნ. დ-ძის პოზიციაზე. აღნიშნულის გამო, სასამართლომ დაავალა მოპასუხეს კედლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 182-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, რადგან მისი სახლის კედელი არ წარმოადგენს სასაზღვრო ნაგებობას. აღნიშნულის გამო მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა კასატორის და დაინტერესებული პირების ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 182-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთი ერთმანეთისაგან გამიჯნულია ღობით ან საზღვრად გამოყენებული სხვა ნაგებობით, ივარაუდება, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ ამ ნაგებობით, თუკი ნაგებობის გარეგნული მხარე პირდაპირ არ მიუთითებს, რომ იგი მხოლოდ ერთ-ერთი მეზობლის საკუთრებაა.
ამ მუხლის მიხედვით სასაზღვრო ნაგებობის ქვეშ იგულისხმება მეზობელთა ნაკვეთების გასამიჯნავად ისეთი ნაგებობა, რაც მათი ურთიერთშეთანხმებითაა საამისოდ განკუთვნილი, ამ ნაკვეთების გამყოფ საზღვარს ქმნის და ემსახურება ორივე ნაკვეთის სარგებლიანობას. ამდენად, სასაზღვრო ნაგებობა გამყოფ ხაზს უნდა ქმნიდეს ორ ნაკვეთს შორის და მისი ერთი ნაწილი ერთ ნაკვეთზე უნდა იყოს და მეორე კი _ მეორე ნაკვეთზე და მეზობლები ერთად სარგებლობდნენ ამ ნაგებობით.
სასაზღვრო ნაგებობად ვერ ჩაითვლება სასაზღვრო ხაზის გვერდით აშენებული ნაგებობა. ნაგებობა რომელიც მხოლოდ ერთ ნაკვეთზეა აღმართული ითვლება ამ ნაკვეთის პატრონის საკუთრებად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კედელი, რომელზეც გამოჭრილია ფანჯრები, ესაზღვრება დაინტერესებული პირების ეზოს. სადავო კედელი არ არის დაინტერესებული პირების ნაკვეთზე და არ არის მეზობლების საერთო სარგებლობაში. სადავო კედელი წარმოადგენს ნ. დ-ძის საცხოვრებელი სახლის კედელს და იგი ამ სახლში მცხოვრებ პირთა საკუთრებაა.
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 182-ე მუხლი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას უნდა გაარკვიოს სადავო კედელში ფანჯრების გამოჭრით სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 175-ე მუხლების შესაბამისად ილახება თუ არა მოსარჩელის _ ქ. ბათუმის მერიის და ¹ 2 სსკ-ის უფლებები.
დადგენილად არის ცნობილი, რომ სასამართლოში სარჩელი აღძრა ქ. ბათუმის მერიამ და ¹ 2 საბინაო საექსპლუატაციო კანტორამ. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ირღვევა მეზობლების უფლებები. სასამართლომ თავის განჩინებაში ნ. ჭ-შვილი, ჟ. ჭ-შვილი და ლ. ყ-ძე მოიხსენია დაინტერესებულ პირებად და დააკმაყოფილა ამ პირების მოთხოვნა. ამასთან, არ გაარკვია თუ რითი დაირღვა მოსარჩელეების უფლებები. სასამართლომ დაინტერესებული პირები მიიჩნია მიწათმოსარგებლეებად, ქ. ბათუმის მერია კი მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ.
სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს, ხომ არ დაირღვა სასამართლოში საქმის წარმოების დისპოზიციურობის პრინციპი და წარმოადგენს თუ არა ქ. ბათუმის მერია და ¹ 2 საბინაო საექსპლუატაციო კანტორა სათანადო მოსარჩელეებს.
გარდა აღნიშნულისა პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 25 აგვისტოს განჩინება ამ საქმეზე გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.