გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/341-01 4 მაისი 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი: სათავსოს აღება.
შეგებებული სარჩელის საგანი _ სადავო ეზოთი სარგებლობის წესის დადგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
1951 წლის 12 მაისს შ. კ-ძემ ლ. ა-ძისაგან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ქ. ქუთაისში, ... მდებარე ერთი საცხოვრებელი ოთახი, შემინული აივნითა და სამზარეულოთი, განლაგებული 935 კვ. მეტრი ზომის საერთო სარგებლობის ეზოს ნაკვეთზე, შემდეგ საზღვრებში აღმოსავლეთით _ ... ქუჩა, დასავლეთით _ ... ეზო, ჩრდილოეთით _ ... ქუჩის მეშვიდე შესახვევი და სამხრეთით ღელე.
ა. ძ-ძის მამამ _ აკ. ძ-ძემ შინაურული ხელწერილის საფუძველზე 1950 წლის 21 მაისს ლ. ა-ძისაგან შეისყიდა ქ. ქუთაისში, ... მდებარე კუხნა, “კუხნის გასწვრივ თავის ნაკვეთით, მიწის საზღვართა შორის” _ აღმოსავლეთით _ ს-ძის ობლები, დასავლეთით _ ... ეზო, სამხრეთით _ ღელე, ჩრდილოეთით _ გამყიდველი ლ. ა-ძე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1994 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აკ. ძ-ძესა და ლ. ა-ძეს შორის გაფორმებული შინაურული ნასყიდობა ცნობილ იქნა დადებულად და სახლის ნაწილი, მდებარე ქ. ქუთაისში, ..., ერთი ოთახი ზომით 4,33+2,15 მეტრი ცნობილ იქნა აკ. ძ-ძის საკუთრებად, ამ ოთახის გასწვრივ არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის წესის განსაზღვრით.
ქ. ქუთაისის მერიის 1996 წლის 18 მარტის ¹ 147 განკარგულების 1.2. პუნქტით აკ. ძ-ძეს საკარმიდამო მიწის ნაკვეთით სარგებლობის შემდეგი წესი განესაზღვრა: “აკ. ძ-ძის სახელზე გაფორმდეს მიწის ნაკვეთი შემდეგ საზღვრებში: “აღმოსავლეთით _ მოქალაქე ს-ძის სახლის დასავლეთი კედელი, დასავლეთით _ მოქალაქე შ-იას საკარმიდამო, სამხრეთით ღელე და ჩრდილოეთი _ ჩრდილოეთი კედლის გასწვრივ გავლებული სწორი ხაზი.”
1998 წლის 27 მაისს ა. ძ-ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ მერიის განკარგულებით გამოყოფილ საზღვრებში ეზოს შემოღობვა ვერ ხერხდება იმის გამო, რომ შ. კ-ძის საქვაბე შემოჭრილია მის საზღვრებში. აღნიშნულის გამო მოითხოვა ქუთაისის ლენინის რაიონული საბჭოს აღმოსკომის 1987 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც შ. კ-ძეს დაუკანონდა საცხოვრებელი სახლი და სადავო საქვაბე.
მოპასუხე შ. კ-ძემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, სადაც მიუთითებდა, რომ ქ. ქუთაისის მერიის 1996 წლის 18 მარტის ¹ 147 განკარგულებით მიწით სარგებლობის საზღვრები არასწორად დაკანონდა, რის გამოც მოითხოვა ¹ 147 განკარგულების 1.2. პუნქტის ბათილად ცნობა და მასსა და ა. ძ-ძეს შორის საზღვრის დადგენა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ძ-ძის სარჩელი და შ. კ-ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 25 მაისის განჩინებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 12 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 25 მაისის განჩინება. შ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერიის 1996 წლის 18 მარტის ¹ 147 გნკარგულების 1.2. პუნქტი, ხოლო შ. კ-ძის შეგებებული სარჩელის ნაწილში მხარეებს შორის სადავო ეზოთი სარგებლობის წესის დასადგენად საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ ¹ 147 განკარგულების 1.2. პუნქტით ქ. ქუთაისის მერია გასცდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1994 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებას და შ. კ-ძეს უკანონოდ წაერთვა სადავო მიწის ფართობით სარგებლობის უფლება. სასამართლომ მიუთითა, ასევე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად არ იქნა გაგებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1994 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ძ-ძის შინაურული ნასყიდობის ხელწერილის შინაარსი და ტექაღრიცხვის ბიუროს ცნობა, სადაც მითითებულია 935 კვ.მ. მიწის ნაკვეთით საერთო სარგებლობაზე. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ სათანადოდ შესწავლილი არ არის შ. კ-ძესა და ლ. ა-ძეს შორის 1951 წელს სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შ. კ-ძეს წარმოეშვა საკუთრების უფლება საცხოვრებელ სახლზე და სარგებლობის უფლება საერთო სარგებლობის სადავო მიწის ნაკვეთზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ხელახლა განიხილა საქმე სადავო ეზოთი სარგებლობის წესის დადგენის ნაწილში და 2000 წლის 6 დეკემბრის განჩინებით უცვლელად დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება შ. კ-ძის შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში.
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის 149-ე მუხლი და დაადგინა, რომ მართალია სადავო ეზო იყო საერთო სარგებლობის, მაგრამ 1951 წლის შინაურული ნასყიდობის ხელწერილით მხარეები შეთანხმდნენ ეზოთი სარგებლობის წესის შესახებ, ანუ დამკვიდრდა მიწით სარგებლობის წესი, რაც დადასტურებულ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1994 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით.
კასატორი მიუთითებს, რომ საოლქო სასამართლოს განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ შეასრულა უზენაესი სასამართლოს მითითებები. კერძოდ, სათანადოდ არ შეაფასა 1994 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ა. ძ-ძის შინაურული ნასყიდობის ხელწერილის შინაარსი, ტექაღრიცხვის ბიუროს ცნობა და შ. კ-ძესა და ლ. ა-ძეს შორის 1951 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. კასატორი მოითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად სადავო ეზოს გაყოფას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 6 დეკემბრის განჩინება ამ საქმეზე უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა საქართველოს სსრ მიწის კანონთა კოდექსის 149-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს ინდივიდუალურ ნაგებობათა თანამფლობელებს შორის საადგილმამულო დავის განხილვას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოდავე მხარეები არ არიან ინდივიდუალური ნაგებობის თანამფლობელები. მოდავე მხარეების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს ცალ-ცალკე მდგომ ნაგებობებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა მოახდინოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 6 დეკემბრის განჩინება ამ საქმეზე გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.