Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/342-01 27 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, ბ. კობერიძე

დავის საგანი: ბინაში შესახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

რო. ტ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისში, ... მდებარე სახლის 22 კვ.მ. ფართის მინაშენ ოთახში შესახლება შემდეგი საფუძვლით: ქუთაისის ქალაქის სასამართლოს 1989 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა სადავო სახლის 22,71 კვ.მ. ოთახის 1\2 თანაამშენებლად და თანამესაკუთრედ. მისთვის მიკუთვნებულ ფართში ცხოვრობდა 1997 ოქტომბრამდე. მოპასუხე რე. ტ-შვილმა ძალადობით დაიკავა მისთვის მიკუთვნებული ფართი და შექმნილი საცხოვრებელ პირობები იძულებულს ხდის დატოვოს მისთვის მიკუთვნებული ფართი. ვინაიდან სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, მოითხოვა მის კუთვნილ ფართში შესახლება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ქუთაისში, ... მეორე მინაშენის ფართით 22,77 კვ.მ. მეორე ნახევარი, რომელიც ეკუთვნის მოპასუხე რე. ტ-შვილის, მოსარჩელის სასარგებლოდ დატვირთვა სერვიტუტით და აღნიშნულის საფუძველზე იგი შესახლებულ იქნა 22,71 კვ.მ. ფართის მქონე მთლიან ოთახში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რე. ტ-შვილმა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა რო. ტ-შვილის მოთხოვნა, იგი შესახლდა ... მდებარე სახლის მინაშენი ოთახის 1\2-ში. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ქუთაისის საქალქო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, მოსარჩელე ითხოვდა მხოლოდ 22 კვ.მ. ოთახის 1\2-ში შესახლებას და მას არ მოუთხოვია ოთახის მეორე ნახევრის დატვირთვა სერვიტუტით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რე. ტ-შვილმა. შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიტანა რო. ტ-შვილმაც. რე. ტ-შვილი თავისი საკასაციო საჩივრით მოითხოვს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რომ მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ადგილი, მოსარჩელეს კი აქვს სახლი თბილისსა და ვანში, სასამართლომ შეასახლა მხარეები ერთ ოთახში და არ გაითვალისწინა, რომ მათ შორის არის დაძაბული ურთიერთობა. სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და არ განუმარტა თუ როგორ უნდა მოხდეს მისი აღსრულება, როგორ უნდა შესახლდეს იგი 11 კვ.მ. ფართში. ამის ნაცვლად სასამართლოს შეეძლო დაეკისრებინა საკომპენსაციო თანხა.

რო. ტ-შვილი შეგებებული საკასაციო საჩივრით მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ იგი შეასახლა სადავო ოთახის 1\2-ში, მაგრამ არ გაითვალისწინა, რომ იგი წლების განმავლობაში ცხოვრობს აღნიშნულ ოთახში და მოპოვებული აქვს სარგებლობის უფლება მთელ ოთახზე.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ რო. ტ-შვილი ქუთაისის სასამართლოს 1989 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ცნობილია ქუთაისში ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 22,77 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ოთახის 1\2 ნაწილის მესაკუთრედ. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია. რო. ტ-შვილი 1997 წლამდე ცხოვრობდა მისთვის მიკუთვნებულ ფართში. ამდენად, უდავოდ დადგენილია, რომ რო. ტ-შვილი სადავო ოთახის 1\2 ნაწილის მესაკუთრეა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მას უფლება აქვს ფლობდეს და სარგებლობდეს მისთვის კუთვნილი ფართით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად შეასახლა იგი კუთვნილ ფართში.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ რე. ტ-შვილის მოსაზრებას, რომ შესახლების ნაცვლად სააპელაციო სასამართლოს რო. ტ-შვილისათვის უნდა მიეცა კომპენსაცია, რადგან კომპენსაციის მიცემას კანონი არ ითვალისწინებს. საკასაციო პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს კასატორ რო. ტ-შვილის მოსაზრებას, რომ, ვინაიდან იგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა სადავო ოთახში მას, საკუთრების უფლებით უნდა მისცემოდა ოთახის 1\2, ხოლო მეორე ნახევარი კი _ სარგებლობის უფლებით. თავის სასარჩელო განცხადებაში რო. ტ-შვილი არ მოითხოვდა ოთახის მეორე ნახევრის სარგებლობაში გადაცემას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიანიჭოს მხარეს ის, რასაც არ ითხოვს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რე. ტ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ასევე არ დაკმაყოფილდეს რო. ტ-შვილის შეგებებული საკასაციო საჩივარი.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.