¹ 3კ/343-01 15 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, ბ. კობერიძე
დავის საგანი: საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და რეესტრში ცვლილებების შეტანა.
აღწერილობითი ნაწილი:
1941 წლის 13 მაისს ა. ბ-კოს მეუღლემ ვ. ბ-კომ შინაური ხელწერილით ხუთი მოწმის თანდასწრებით და ხელმოწერით შეისყიდა ქ. ა-ძისაგან ორი ოთახისაგან შემდგარი კერძო სახლი საკარმიდამო ეზოთი, ქ. თბილისში, ... მდებარე ბინა, რომელიც ირიცხებოდა ქ. ა-ძის სახელზე აღნიშნული სახლთმფლობელობა დღესაც ირიცხება მის სახელზე, ხოლო ქ. ა-ძეს იგი შეძენილი ჰქონდა მოპასუხე რ. მ-ძის მამის _ ს. მ-ძისაგან.
აღნიშნული ბინის გადაფორმება ვერ მოესწრო, ვინაიდან სახლთმფლობელოება უკანონო იყო და მოსარჩელის მეუღლე დიდ სამამულო ომში იქნა გაწვეული. ამდენად, ა. ბ-კოს დედამთილი დ. ბ-კო იქნა ფაქტობრივ მფლობელად გატარებული 1941 წლის 2 ივლისს საპასპორტო ჩანაწერებისა და საბინაო წიგნის მიხედვით.
ა. ბ-კო დღესაც ცხოვრობს და ფლობს აღნიშნულ ბინას როგორც საკუთარს, მაგრამ, მისი მეუღლე ვ. ბ-კო 2000 წლის 29 იანვარს გარდაიცვალა და კვლავაც ვერ მოასწრო სახლის დაკანონება და გადაფორმება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ა. ბ-კომ სარჩელით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის ¹156-ე დადგენილების შესაბამისად, 1941 წლამდე აშენებული სახლი, რომელსაც საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით არავითარი ცვლილება არ განუცდია და დღეისათვის პირვანდელ მდგომარეობაშია, ეცნოთ კანონიერ ნაგებობად აწ გარდაცვლილი ქ. ა-ძის სახელზე. მოსარჩელე ასევე მოითხოვს, რომ დადებულად იქნეს ცნობილი ქ. ა-ძესა და ვ. მ-ძეს შორის ზემოხსენებული სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება.
მოპასუხე რ. მ-ძემ სარჩელი არ ცნო. შეგებებული სარჩელით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მემკვიდრედ ცნობა.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. ბ-კოს სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო რ. მ-ძის შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 167-ე, 183-ე, 313-ე, 1513-ე, 1514-ე მუხლებზე.
მოპასუხე რ. მ-ძემ უკანონოდ მიიჩნია აღნიშნული გადაწყვეტილება და იგი გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
საპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადრე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 107-ე მუხლის თანახმად მოქალაქეს, რომელმაც სათანადო ნებართვის ან დადგენილი წესით დამტკიცებული პროექტის გარეშე, ანდა პროექტისაგან არსებითი გადახვევით, ან ძირითადი სამშენებლო ნორმებისა და წესების უხეში დარღვევით აიშენა საცხოვრებელი სახლი ან სახლის ნაწილი, უფლება არ აქვს განკარგოს ეს სახლი ან სახლის ნაწილი გაყიდოს, გააჩუქოს, გააქირავოს და ა.შ.
კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნებას თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობისათვის იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული და იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, მოუსმინა გამოცხადებულ მხარეებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სააპელაციო პალატამ წინათ მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 107-ე მუხლი არასწორად გამოიყენა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხრათა შორის დავას არ იწვევს ის, რომ თბილისში, ... მდებარე ლიტ. ,,ა” ნაგებობა წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას და აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო სახლი იყო და არის უკანონო.
ადრე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მიხედვით Aშეუძლებელი იყო სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ,,შინაურული” წესით დადება. ამისათვის აუცილებელი იყო უძრავი ნივთის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დასადასტურებლად სანოტარო ფორმის დაცვა. ამ მუხლის დაუცველობა კი იწვევდა ხელშეკრულების ბათილობას. ამასთან, ტექინვენტარიზაციის ბიუროს ყველა მონაცემებში ს. მ-ძე ითვლება აღნიშნული ბინის თანამფლობელად და გამომდინარე აქედან, ქ. ა-ძეს არ შეეძლო მისი თანხმობის გარეშე გაესხვისებინა სახლი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სამოქალაქო პროცესის 394-ე მუხლის “ბ” და “ე” პუნქტების მოთხოვნები. პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მიერ იურიდიულად დასაბუთებულია, სწორადაა გამოყენებული ადრე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმები, ვინაიდან ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი კი უძრავი ნივთის შეძენისათვის აუცილებლად მიიჩნევს სანოტარო წესით დამოწმებულ საბუთს და შემძენის რეგისტრაციაის საჯარო რეესტრში.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 187-ე და 312-ე მუხლების მოთხოვნები; ვინაიდან კოდექსის 187-ე მუხლი არ არეგულირებს მოცემულ შემთხთევას და იგი მოძრავ ნივთებზე კეთილსინდისიერი შემძენის უფლებებს ეხება, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სარჩელის პრეზუმფცია; კასატორის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც იგი კანონიერად დაასაბუთებდა პრეტენზიას; საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის შესახებ.
საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზი იძლევა იმის საფუძველს, რომ დავასკვნათ _ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სადავო ნაგებობა უნებართვოა და არ შეიძლებოდა გარიგების საგანი ყოფილიყო;
პალატა თვლის, რომ კასატორს პრეტენზიები სამართლებრივად დაუსაბუთებელია, სააპელაციო პალატის დასკვნები კი შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ბ-კოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.