გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/344-01 6 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, ბ. კობერიძე
დავის საგანი სარჩელში: საკუთარი ნივთით სარგებლობის უფლების ხელყოფა;
შეგებებულ სარჩელში: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1995 წლის 22 აგვისტოს გ. შ-ძემ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე რძალ მ. შ-ძეს გადასცა ქ. თბილისში, ... მის საკუთრებაში არსებული ბინა მთლიანი ფართის ნახევარი.
მ. შ-ძემ 1999 წლის 17 სექტემბერს განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საკუთრებაში არსებული ბინის სარგებლობის უფლების რეალიზაცია იმ მოტივით, რომ მოპასუხე გ. შ-ძე არ აძლევს ბინის გასაღებს, რის გამოც ვერ ახერხებს საკუთარი ბინით სარგებლობას.
გ. შ-ძემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მ. შ-ძემ უდიდესი უმადურობა გამოიჩინა მის მიმართ: განქორწინდა მის შვილთან მი. შ-ძესთან და თვითნებურად დაეუფლა მის კუთვნილ ავტოფარეხს. მესამე პირმა დამოუკიდებელი მოთხოვნით ი. შ-ძემ სარჩელი აღძრა გ. შ-ძისა და მ. შ-ძის მიმართ და მოითხოვა თბილისში, ... მდებარე ერთოთახიანი ბინის 1/2 ნაწილზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ მისმა მეუღლემ ბინა გააჩუქა მასთან შეთანხმების გარეშე.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მ. შ-ძეს ნება დაერთო ისარგებლოს თბილისში, ... მდებარე ბინის ნახევრით. შეგებებული სარჩელისა და მესამე პირის ი. შ-ძის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ გ. შ-ძემ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 22 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. პალატამ მიიჩნია, რომ გ. შ-ძის ავტოფარეხში მ. შ-ძის მიერ ავტომანქანის თანხმობის გარეშე გაჩერება გარკვეულ უმადურობას კი წარმოადგენს მჩუქებლის მიმართ, მაგრამ არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით განსაზღვრულ მძიმე შეურაცხყოფას ან დიდ უმადურობას.
სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გ. შ-ძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ხელშეკრულების გაუქმების შესახებ იმ საფუძვლით, რომ ბინის ჩუქებისას არ ჰქონდა მეუღლის ი. შ-ძის თანხმობა. პალატის განჩინებით სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლებას აძლევს მეორე მეუღლეს და არა ხელშეკრულების დამდებ მეუღლეს.
პალატამ სამოქალაქო კოდექსის 955-ე მუხლის შესაბამისად მიიჩნია, რომ თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მონაწილეთა სარგებლობას. ამდენად მ. შ-ძის მოთხოვნა სადავო ბინის სარგებლობის უფლებაზე კანონიერია.
კასატორი გ. შ-ძის რწმუნებული თ. ნადარაია მოითხოვს საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ განჩინება კანონის დარღვევით მიიღო, სათანადოდ არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისში, ყოფილი ... მდებარე ბინის ნაწილი საკუთრების უფლებით ეკუთვნის მ. შ-ძეს, ხოლო ნაწილი მის ყოფილ მეუღლეს – მი. შ-ძეს. კასატორმა მ. შ-ძის ყოფილმა მამამთილმა გ. შ-ძემ 1995 წლის 22 აგვისტოს აჩუქა ქ. თბილისში, ... მდებარე ერთოთახიანი ბინის ნახევარი თავის რძალს მ. შ-ძეს, ჩუქების ხელშეკრულება რეგისტრაციაში გატარდა ქ. თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში.
ავტოფარეხი, რომელიც მდებარეობს თბილისში, ... ვაკის რაიონის გამგეობის მიერ მიღებულია ექსპლუატაციაში 1999 წლის 25 აგვისტოს და გაფორმებულია გ. შ-ძის სახელზე. მ. შ-ძემ გ. შ-ძის ნებართვის გარეშე გატეხა ავტოფარეხის კარები და იგი დაიკავა თვითნებურად.
პალატა იზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სააპელაციო პალატამ არ შეაფასა სრულყლფილად საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ დაასაბუთა განჩინება. კერძოდ: არ ჩათვალა მ. შ-ძის მოქმედება სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დიდ უმადურობად, თუმცა იგი შეაფასა როგორც გარკვეული უმადურობა. სააპელაციო პალატის ასეთი მითითება დაუდასტურებულია და არ იძლევა განჩინების სამართლებრივი შეფასების საშუალებას.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულით დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდესის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნა: გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ერთბლივი ანალიზის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მ. შ-ძის ქმედობის თაობაზე, დაადგინოს, არის თუ არა იგი დიდი უმადურობის გამომხატველი გ. შ-ძის მიმართ და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ჩუქების ხელშეკრულება დაიდო მას შემდეგ რაც მოსარჩელე მ. შ-ძემ და მისმა დედამ ზ. გ-ძემ გ. შ-ძეს მოსთხოვეს 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ეჩუქებინა ერთოთახიანი ბინის 1/2 და მხოლოდ 2500 აშშ დოლარის დაბრუნება.
აღნიშნული გარემოებაც არ გამხდარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. შ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 22 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.