საქმე N 020100123007479621
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №702აპ-25 ქ. თბილისი
ფ. ჰ. რ. ნ., 702აპ-25 3 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ჰ. რ. ნ. ფ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ღ–ასა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების დადგენილების მიხედვით, ჰ. რ. ნ. ფ–ის ბრალად ედება:
ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118 ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ü სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
ჰ. რ. ნ. ფ–ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2021 წლის შემოდგომაზე ზ–ს რაიონის სოფელ ჩ–ში მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ჰ. რ. ნ. ფ–იმ მეუღლეს – ს. ო–ას გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა მისი, როგორც ქალის და როგორც მეუღლის, მიმართ სტერეოტიპული, მესაკუთრული დამოკიდებულობით, არასრულწლოვანი შვილის, ... წელს დაბადებულ – ნ. ნ. ფ–ის თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც, ორივე ხელი ძლიერად ჩასჭიდა მკლავებში, შეანჯღრია და ფეხი ჩაარტყა მარჯვენა მკლავსა და თეძოზე. აღნიშნულის შედეგად, ს. ო–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 14 მაისს, დაახლოებით 23 საათზე, ზ–ს რაიონის სოფელ ჩ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჰ. რ. ნ. ფ–მა, მეუღლეს – ს. ო–ას გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა ჰ. რ. ნ. ფ–ის სტერეოტიპული შეხედულებით, რომ ს. ო–ას, როგორც ქალისა და მეუღლის, მოსაზრება აუცილებლად ქმრის პოზიციის შესაბამისი უნდა იყოს, ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხში, მუხლს ზევით, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 14 მაისს, დაახლოებით 23 საათზე, ზ–ს რაიონის სოფელ ჩ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჰ. რ. ნ. ფ–ი მეუღლეს – ს. ო–ას გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა ჰ. რ. ნ. ფ–ის სტერეოტიპული შეხედულებით, რომ ს. ო–ას, როგორც ქალისა და მეუღლის, მოსაზრება აუცილებლად ქმრის პოზიციის შესაბამისი უნდა იყოს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, უთხრა, რომ საცხოვრებელ სახლში დაწვავდა. ს. ო–ამ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ჰ. რ. ნ. ფ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ჰ. რ. ნ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჰ. რ. ნ. ფ–ის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
ჰ. რ. ნ. ფ–ის სასჯელის ვადა უნდა აეთვალოს დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად უნდა ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 15 მაისიდან 2023 წლის 19 მაისის ჩათვლით.
გაუქმდა ჰ. რ. ნ. ფ–ისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს სახით შეფარდებული 100 000 ლარის ამოღების მიზნით, ჰ. რ. ნ. ფ–ის (პ/ნ .........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, საკადასტრო კოდებით: ...... და .......... აღსასრულებლად მიექცეს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
ü მსჯავრდებულ ჰ. რ. ნ. ფ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ღ–ამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება ბრალდების გამამტყუნებელ ნაწილში.
ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაშიც.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
ü მსჯავრდებულ ჰ. რ. ნ. ფ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ღ–ა საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას ბრალდების გამამტყუნებელ ნაწილში და მსჯავრდებულის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
ü ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაშიც.
6. მსჯავრდებულ ჰ. რ. ნ. ფ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ღ–ა საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს როგორც დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ჰ. რ. ნ. ფ–ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანის, ისე − ბრალდების მხარის მოთხოვნას − მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ჰ. რ. ნ. ფ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ხოლო –უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მხარეთა საჩივრებს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, სახელდობრ:
11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ჰ. რ. ნ. ფ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით, ბრალდების მხარეს დაზარალებულ ს. ო–ას ჩვენებასთან ერთად, ასევე წარმოდგენილი აქვს სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც სრულად საკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
12. დაზარალებულ ს. ო–ას ჩვენებით ირკვევა, რომ 2023 წლის 14 მაისს, მის მიერ სახლის გაყიდვაზე უარის თქმის გამო განაწყენებული ჰ. რ. ნ. ფ–ი, შეკამათდა დაზარალებულთან და შემდეგ გაბრაზებულმა ფეხი ჩაარტყა ფეხში. აგრეთვე დაემუქრა, რომ რასაც ეტყოდა იმას თუ არ შეასრულებდა, გადაწვამდა. დაზარალებულმა განმარტა, რომ მეუღლის მიერ ფიზიკური ძალადობის შედეგად, განიცადა ტკივილი, ხოლო მუქარის შეეშინდა, რადგან მსჯავრდებულს ბოლო პერიოდში ხასიათი ჰქონდა შეცვლილი. აღნიშნული გარემოებები ს. ო–ას ჩვენების გარდა, აგრეთვე დადასტურებულია მოწმეთა: ლ. ფ–ასა და ნ. კ–ას ჩვენებებითაც, რომელთაც დაზარალებულმა მომხდარის შესახებ ზუსტად ამდაგვარად მოუთხრო.
13. ბრალდების გამამტყუნებელ ეპიზოდებში ს. ო–ას ჩვენება ასევე გამყარებულია:
14. დაზარალებულის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ნ. ჩ–ს ჩვენებით, რომელთა მიხედვითაც, 2023 წლის 16 მაისს ჩატარებული პირადი შემოწმებისას, ს. ო–ას სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. მარცხენა ბარძაყის შიგნითა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოლურჯო ფერის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე სისხლნაჟღენთი. დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, განვითარებულია 48-72 საათის წინ.
15. მოწმეების – ლ. ფ–ს, ნ. კ–სა და თ. შ–ს ჩვენებებით (რომელთაც დაზარალებულმა შემთხვევის მომდევნო დღეს, მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობისა და მუქარის შესახებ დეტალურად უამბო და უჩვენა ძალადობის შედეგად დაზიანებული ფეხი, რომელიც ჩალურჯებოდა). მითითებული მოწმეები სრულად ადასტურებენ ს. ო–ას მონათხრობს, ასევე იმ გარემოებასაც, რომ საკუთარი თვალით ნახეს მისი დალურჯებული ფეხი. მათ აგრეთვე განმარტეს, რომ დაზარალებული იყო უძილო, ნამტირალევი, შეშინებული და კანკალებდა. თ. შ–ს, ნ. კ–ს, ლ. ფ–ს ჩვენებებით, დაზარალებულის ჩვენების შესაბამისად, დადასტურებული ის გარემოებაც, რომ ჰ. რ. ნ. ფ–ის დაზარალებულისადმი ჰქონდა მესაკუთრული დამოკიდებულება და მიაჩნდა, რომ მას უნდა განესაზღვრა ს. ო–ას ქცევა, ჩაცმის სტილი, ურთიერთობები და სხვა. მოწმეები – ლ. ფ–ა და ნ. კ–ა ადასტურებენ, რომ მსჯავრდებული დაზარალებულს უკრძალავდა მისი ნათესავების სახლში მოყვანას, ასევე მათთან სტუმრად ხშირ სიარულს. მითითებული მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ დაზარალებული მსჯავრდებულის სურვილებს უსიტყვოდ ასრულებდა და მხოლოდ მისი ნებართვით მოქმედებდა. მოწმე თ. შ–ამ დამატებით განმარტა, რომ მას ჰ. რ. ნ. ფ–ისგან არც ასეთი დამოკიდებულება და არც დაზარალებულის ფიზიკური შეურაცხყოფა გაჰკვირვებია, ვინაიდან ადრეც არაერთხელ მომხდარა მსგავსი ფაქტები. ჰ. რ. ნ. ფ–ის ანალოგიური დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ დადგენილია დაცვის მხარის მტკიცებულებებითაც, მათ შორის – რ. ქ–ს ჩვენებით, რომელმაც განაცხადა, რომ მსჯავრდებული თავისებური იყო, არ უყვარდა სტუმრიანობა და არც თავად დადიოდა ხშირად სხვაგან, ჰქონდა საკუთარი, ქართულისგან განსხვავებული წესები და ყველას სთხოვდა, მათ შორის – დაზარალებულსაც, მათ დაცვას.
16. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება ჰ. რ. ნ. ფ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
17. რაც შეეხება პროკურორის მიერ სადავოდ გამხდარ ბრალდების გამამართლებელ ეპიზოდს, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენების გარდა, სასამართლოში არ წარმოდგენილა სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჰ. რ. ნ. ფ–ის მიერ, 2021 წლის შემოდგომაზე ს. ო–ას მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობის ჩადენის ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ჰ. რ. ნ. ფ–ის მიმართ გამამართლებელ ეპიზოდში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია არასაკმარისი მტკიცებულებები, რაც ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალსამართლებრივ სტანდარტს.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
19. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში. ამასთან, მხარეთა მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორები საჩივრებში არ უთითებენ.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ჰ. რ. ნ. ფ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ღ–ასა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი