საქმე №010100124009775472
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №707აპ-25 11 ნოემბერი, 2025 წელი
გ. ბ., №707აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ბ. გ–ას (დაბადებულს ... წლის 12 მარტს, პირადი №.....) ბრალად ედებოდა:
1.1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი);
1.1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი).
1.2. ბ. გ–ას ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. 2024 წლის 16 ივნისს, ღამის საათებში, ბ–ში, ხ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბ. გ–ამ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი შვილის – ა. თ–ის –თანდასწრებით, სახის არეში ხელის დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს – თ. გ–ას, რის გამოც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2.2. 2024 წლის 18 ივნისს, ღამის საათებში, ბათუმში ბ–ში, ხ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად – დომინანტი და ქორწინების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ მას გააჩნდა, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბ. გ–ამ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი შვილის – ა. თ–ის – თანდასწრებით, თავის არეში ხელის დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – თ. გ–ას, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2.3. 2024 წლის 18 ივნისს, ღამის საათებში, ბ–ში, ხ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად – დომინანტი და ქორწინების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ მას გააჩნდა, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბ. გ–ა სიცოცხლის მოსპობით – ყელის გამოჭრით – დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – თ. გ–ას, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
1.2.4. 2024 წლის 22 ივნისს, ღამის საათებში, ბ–ში, ხ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად – დომინანტი და ქორწინების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ მას გააჩნდა, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბ. გ–ამ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი შვილის – ა. თ–ის – თანდასწრებით, თავის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – თ. გ–ას, რის გამოც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2.5. 2024 წლის 22 ივნისს, ღამის საათებში, ბ–ში, ხ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად – დომინანტი და ქორწინების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ მას გააჩნდა, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბ. გ–ა სიცოცხლის მოსპობით – ცეცხლის წაკიდებით და გადაწვით – დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – თ. გ–ას, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
1.2.6. 2024 წლის 26 ივნისს, ღამის საათებში, ბ–ში, ხ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის დაქვემდებარებული როლის, მესაკუთრული დამოკიდებულებისა და აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის ნიადაგზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბ. გ–ამ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი შვილის – ა. თ–ის –თანდასწრებით, თავის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – თ. გ–ას, რის გამოც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2.7. 2024 წლის 26 ივნისს, ღამის საათებში, ბ–ში, ხ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით შეუწყანრებლობის მოტივით, ქალის დაქვემდებარებული როლის, მესაკუთრული დამოკიდებულების და აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის ნიადაგზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბ. გ–ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – თ. გ–ას, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 22 იანვრის განაჩენით, ბ. გ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებების ყველა ეპიზოდში. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბ. გ–ას მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ოლღა მერებაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბ. გ–ას დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში, ასევე – მისთვის სანქციის ფარგლებში უმკაცრესი სასჯელის განსაზღვრა.
2.3. პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, ბ. გ–ამ შესაგებლით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენით, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 22 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ოლღა მერებაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს ბ. გ–ას დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში, ასევე – მისთვის სანქციის ფარგლებში უმკაცრესი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან, დაზარალებულის მამხილებელი ჩვენების არარსებობის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, ბრალადწარდგენილ ყველა ეპიზოდთან მიმართებით, ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. გ–ას უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.3. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ საქმეზე ბ. გ–ას მეუღლემ, დაზარალებულმა – თ. გ–ამ, შვილმა, ასევე დაზარალებულმა – ა. თ–ემ და ბ. გ–ას მშობლებმა – ა. თ–ემ და ნ. ა–მა – ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის – ბ. გ–ას – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, რამდენადაც საპროცესო უფლებით სარგებლობა იძულებით, მუქარით, ძალადობით ან სხვაგვარი უკანონო ქმედებით არ განპირობებულა, შეუძლებელია აღნიშნულ პირთა მიერ გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება და, მით უფრო – მათზე განაჩენის დაფუძნება.
4.4. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული პოლიციელთა გამოკითხვის ოქმები, რომელთაც კასატორი ვრცლად მიმოიხილავს საჩივარში, დანაშაულის ფაქტთან მიმართებით, ირიბი მტკიცებულებაა, რადგან გამოკითხული პირები არ არიან დანაშაულის უშუალო თვითმხილველები. ამგვარი მტკიცებულებების გამოყენება, პირის ბრალეულობის საკითხზე მცდარი აღქმის შექმნის საფრთხის გამო, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).
4.5. მართალია, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია თ. გ–ას სხეულზე დაზიანებების არსებობა, თუმცა არსებული მტკიცებულებები არ იძლევა უტყუარ საფუძველს დასკვნისთვის, რომ აღნიშნული დაზიანებები მას ბ. გ–ამ მიაყენა. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერსა და მის საფუძველზე შედგენილ ოქმს, პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ისინი ვერ ჩაითვლება ბ. გ–ას ბრალეულობის უტყუარ დასტურად.
4.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას. ამასთან, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც „მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს დანაშაულის ჩადენისას პირის ბრალეულობა. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77). „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-41-43).
4.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენი ბ. გ–ას უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.9. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე