Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/348-01 25 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

სარჩელის საგანი: სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სხეულის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ლ-ძე 1984 წლიდან მსახურობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში. 1993 წლის 25 ოქტომბერს ქ. ქუთაისში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება. “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით 1999 წლის აპრილში დ. ლ-ძეს გადაეცა ფულადი კომპენსაცია 5 წლის ხელფასის ოდენობით.

დ. ლ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, სადაც აღნიშნავდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანხის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინა სასურსათო ულუფის ფულადი ღირებულება, რაც შეადგენს ერთ თვეზე 56 ლარს. საბოლოოდ მოსარჩელემ მოითხოვა 3 422 ლარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ. ლ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 6 დეკემბრის განჩინებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ლ-ძემ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 6 დეკემბრის განჩინება ამ საქმეზე უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოცემულ საქმეზე მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რის გამოც დავა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულად და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად.

“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ დავებს საოლქო სასამართლოებში იხილავენ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატები.

ადმინისტრაციულ დავათა განხილვის წესი არსებითად განსხვავდება სამოქალაქო დავათა განხილვის პროცედურისაგან. დავის ადმინისტრაციული ხასიათი, საჯარო ინტერესები განაპირობებს მხარის ნების პრიმატის და დისპოზიციურობის პრინციპის შეზღუდვას.

ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებათა წარმოსადგენად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით მტკიცებულებებს სასამართლოს წარმოუდგენენ მხარეები. სასამართლო თავისი ინიციატივით არ იღებს გადაწყვეტილებას დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოდგენის შესახებ.

როდესაც ადმინისტრაციულ დავას იხილავს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა სამოქალაქო საპროცესო ნორმების საფუძველზე ირღვევა კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციულ დავათა განხილვის უმთავრესი პრინციპი და დავა წყდება იმ აუცილებელი ნორმების გამოყენებისა და გათალისწინების გარეშე, რაც ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლო წარმოებას სამოქალაქო საქმეთა წარმოებისაგან განასხვავებს.

პალატა თვლის, რომ საპროცესო ნორმების ამგვარი დაარღვევა წარმოადგენს ისეთ დარღვევას, რომელსაც შეიძლება შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო არ იყენებს იმ საპროცესო ნორმებს, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების კანონიერების და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 6 დეკემბრის განჩინება ამ საქმეზე გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.